თავის ნალოლიავებ ჩაის პლანტაციებს აწ ვეღარ ეწვევა საკოლმეურნეო მოძრაობის ვეტერანი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის ბრიგადირი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამარ ყუფუნია.
ამის შესახებ ღრმა მწუხარებით გვაუწყეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ.
ამ დიდებულ ქართველ ქალს ბავშვობიდანვე ვიცნობდი. მის კეთილ და გულთბილ ოჯახშიც ვყოფილვარ იმ დროს. მინახავს, როგორ კრეფდა ჩაის მწვანე ფოთოლს. არაერთხელ მიცდია, აღმეწერა მისი ლეგენდარული შრომითი გმირობა.
წლებმა და განუწყვეტელმა გარჯამ, შვილის მოულოდნელი დაკარგვით განცდილმა მოუშუშებელმა ჭრილობამაც, ვერ გატეხეს თამარ ყუფუნიას ნებისყოფა, ნათელი და ამაყი სული. 85 წლის ასაკს მიღწეული დარსა და ავდარში წინ მიუძღოდა თანასოფლელ ქალებს და თავდადებული შრომით აღაფრთოვანებდა სხვადასხვა თაობის ადამიანებს.
ქართველი ხალხის საამაყო შვილი არამარტო სამაგალითო კოლმეურნედ ითვლებოდა. თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც დაიმსახურა მან საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული. განა ოდესმე დაგვავიწყდება თამარ ყუფუნიას დაუცხრომელი ბრძოლა ქართული ჩაის ღირსებისა და სახელის დასაცავად! ჩვენს ახალგაზრდობასაც მუდამ ეხსომება მისი დედაშვილური რჩევა-დარიგება.
ქართველმა მწერლებმა და ჟურნალისტებმა მშვენიერი მხატვრული ნარკვევები, წერილები, ლექსები მიუძღვნეს თამარ ყუფუნიას, ვინც ორგზის სოციალისტური შრომის გმირ, უკვდავ ანთიმოზ როგავასა და სხვა გმირებთან ერთად, საქვეყნოდ გამოაბრწყინა თავისი ლამაზი კოლხური სოფლის სახელი.
სოფლის ადამიანთა ერთგულმა მეგობარმა და მეხოტბემ, ცნობილმა პოეტმა ვახტანგ გორგანელმა გულწრფელი სტრიქონებით მიმართა ძვირფას თამარს.
მგრძნობიარე სიტყვებით, როგორც ღვიძლი და, ისე დაიტირა თამარ ყუფუნია ჩვენმა უბერებელმა ბერმუხამ, მახარაძის რაიონის სოფელ შრომის კოლმეურნეობის ბრძენმა თავკაცმა, სოციალისტური შრომის გმირმა მიხაკო ორაგველიძემ.
ორგზის სოციალისტური შრომის გმირს თამარ ყუფუნიას, მშობლიურ სოფელში სიცოცხლეშივე დაუდგეს ბრინჯაოს ბიუსტი.
ამიერიდან ბრინჯაოს ეს ბიუსტი ძეგლად იქცევა, დიდი ქართველი ქალის, დაუღალავი მშრომელი ქალის უკვდავებაზე რომ იღაღადებს დღენიადაგ.
ხუტა ბერულავა