ოპოზიცია 11 მაისს მასშტაბური აქციისთვის ემზადება და აცხადებენ, რომ 19 საათზე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მარშით დაიძრებიან. შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან.
ამის პარალელურად, ხელისუფლება მომიტინგეებს და ორგანიზატორებს აფრთხილებს - თუკი განმეორდება წინა აქციების მსგავსი პერცედენტები და აქციის მონაწილეები დაიწყებენ პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე თავდასხმებს, მაშინ ისინი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის გამოყენებით პოლიციის მხრიდან ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. საპოლიციო ძალები აღარ იქნება მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში და ისინი კანონით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იმოქმედებენ.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეების დაშინებას ცდილობს და ქუჩაში ოპოზიიცის ლიდერებზე თავდასხმებს აორგანიზებს.
უკვე დაიწყო აქციის მონაწილეების დაკავებები. მათ შორის დაკავებულია სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე, რომელსაც იარაღის შენახვა-შეძენა-ტარების პარალელურად, სამთავრობო ვებ-გვერდებზე კიბერ თავდასხმებს ედავებიან.
დაკავებული აქციის მონაწილე ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში კი აცხადებს, რომ ის 16 აპრილს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.
დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება. ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი.
ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
დაკავებული აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა, რაზეც მეტყველებს კადრებიც და მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი.
მისი განმარტებით, ავტომობილის დაზიანების შემდეგ, მან ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა ატვირთა, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, კონკრეტულად „ინსტაგრამ“-ზე. აღსანიშნავია, რომ ესეც დავალების ნაწილს წარმოადგენდა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ აქციაზე პოლიციამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში და გერმანიაში მოქმედებენ. ქართველიშვილი ამბობს, რომ საქრათველოში როგორც მოქმედებს პოლიცია და როგორ ცდილობს მომიტინგეების აგრესიას გაერიდოს, მსგავსი რამ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.
„შევადაროთ ის მოქმედებები პოლიციის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა და ხდება ამერიკის პოლიციის მოქმედებას, რომელმაც სტუდენტების აქცია უმოწყალოდ დაარბია. ხდებოდა ხელკეტების გამოყენება, პირდაპირ სცემდნენ სტუდენტებს, დაკავებისას კი უმოწყალოდ მიათრევდნენ. თუმცა ეს მათ საპოლიციო მოქმედებებში შედის და ძალის გადამეტებად არ ითვლება.
ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი უკვე ყელში ამოვიდა. ეს იუპიტერის და ხარის სამართალი დამამცირებელი ხდება. ევროპაც და ამერიკაც მხოლოდ თანაბარუფლებიან და პარტნიორულ ენას იგებს. პოლიცია 11 მაისს იმოქმედებს ისე, როგორც მათ კანონით აქვთ მინიჭებული. ჩვენი პოლიცია აქამდე საკმაოდ ლმობიერად ექცეოდა ნებისმიერ მცდელობას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით ხდებოდა.
ჩაფხუტის გარეშე წინა რიგებში მდგომები პოლიციელებს აგურებს ესროდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. ეს რომ ამერიკაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქნა, რა პასუხს სცემენ ნანახი გვაქვს. ამიტომ გააფრთხილა კრიმპოლის უფროსმა აქციის მონაწილეები, რომ მათ ყველა ქმედებას ადეკვატური და საპასუხო რეაქცია მოჰყვება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი ვიდეო მტკიცებულება, როგორ შეუვარდა ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმელებს; როგორ შეუვარდა ალეკო ელისაშვილი სპეციალურად პოლიციას, რათა გარკევული პროვოკაცია გამოეწვია. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი ქმედება აღარ დარჩება პასუხგაუცემელი.
„შეეცადონ, აბა, წავიდნენ პროვოკაციებზე, როგორ პასუხს მიიღებენ. როდესაც რამდენიმე დღე პოლიციური ძალები მოცილებული იყვნენ იმ პროცესებს, სადაც აქცია მიდიოდა, ზუსტად ამ დროს, აქციის მონაწილეები თავდასხმას პოლიცია რომ აღარ იყო, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ახდენდნენ. ჩვენ ამითაც დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არანაირად მშვიდობიანი აქციები არ არის. ეს ადამიანები შეკრებილები რომ არ იყვნენ კანონის გასაპროტესტებლად ყველამ კარგად დაინახა. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა. ამიტომ, თუკი აქციები გასცდება მშვიდობიანად გამოხატვის საშუალებას, მაშინ ადეკვატური პასუხი პოლიციის მხრიდან გაცემული იქნება“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა იმდენად სწრაფად იწევა, რომ, ალბათ, ამას არავინ ელოდა. საყვარელიძის აზრით, არც ერთი მხარე ამ ეტაპზე დათმობას არ აპირებს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ორივე ცდილობს ერთმანეთს ძალა აჩვენოს.
„სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ პროცესების განმუხტვა მოხდეს, პირიქით, ორივე მხარე სიტუაციის უფრო დაძაბვისკენ დგამს ნაბიჯებს. ოპოზიცია, ერთი მხრივ, ვუყურებდით რუსთაველის გაზმირზე როგორც იქცეოდა და როგორ გადაკეტეს გზა, ხდებოდა მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა და პოლიციასთან შეტაკება. ახლა კი ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო დაჭერები. არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ დაკავებებმა სიტუაცია განმოუხტოს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სიტუაციას არ დაასტაბილურებს.
ერთი პერიოდი ვნახეთ, რომ ხელისუფლება გადავიდა არა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე, არამედ საერთოდ გააცილა საპოლიციო ძალები მომიტინგეებს და პარლამენტის ეზოში ჩაიკეტნენ. თუმცა მომიტინგეები ცდილობდნენ მათთან მაინც კომუნიკაციას და პარლამენტის შენობაში შეღწევას. „ოცნებას“ცდილობს კონფრონტაციის ისეთ ხარისხს თავი აარიდოს, რაც სხვა თუნდაც ევროპულ ქვეყნებში არა ერთხელ გვინახავს. მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნებას“ იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ამაზე საუბარი მიდის“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, პოლიციამ, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო იმ პირების დაკავება, რომლებიც სწორედ ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები არიან. ვნახეთ, ასევე, სამხედრო ანალიტიკოსის დაკავება, რომელსაც ხელისუფლება იარაღის შენახვა-შეძენა-ტარების გარდა, კიდევ კიბერთავდასხმას ედავება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი გაიგოს და ხელისუფლების ქმედებებიც მისთვის უფრო გასაგები გახდეს.
„ჩვენ ვნახეთ ასევე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებასთან არჩევნებით ურთიერთობას აზრი არ აქვს. ეს პირდაპირ რევოლუციისკენ მოწოდება იყო. იქამდე თუკი გავიხსენებთ, რომ აკერმანი იყო ჩამოსული და ამ მთლიან კონტექსტს გადავხედავთ, რა თქმა უნდა, რევოლუციური სცენარისკენ სიტუაციის წაყვანა უნდათ. ხელისუფლება ძალიან სერიოზული დილემის წინაშე დგას.
ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთიდან უპრეცედენტო შეტევა ხდება, რომელიც ჯერ არ ყოფილა. არსებულ მდგომარეობას ეს კიდევ უფრო ართულებს. როცა საკმაოდ მძიმე შეჯახება ამერიკის საპოლიციო ძალების მიერ შეუმჩნეველია და მათთვის ასეთი დარბევა დასაშვებია, ქართველებს ეუბნებიან, რომ ძალა არ გადაამეტოთო, ეს სიტუაცია შექმნილ მდგოამრეობას ძალიან ამძიმებს და საგარეო მხარდაჭერის გარეშე ძნელია პროცესების მართვა და ეს დიდ გავლენას ახდენს“, - ამბობს საყვარელიძე.