ვინ დგას და ვის ინტერესებში შედის 8 მაისს ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებული თავდასხმები? - ოპოზიცია ხელს მმართველი გუნდისკენ იშვერს და ამბობს, რომ „ოცნებამ“ ოპონენტების ამ ფორმით დაშინება გადაწყვიტა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციამ წინასწარი დასკვნებისგან სჯობს, თავი შეიკავოს, რადგან ახლა ყველაზე მეტად თუ ვინმეს მსგავსი თავდასხმები არ აწყობს, ეს ხელისუფლებაა. მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ოპოზიცია პროვოკაციასაც მიმართავს და ამ ფორმით პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესა და 11 მაისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს უცნობი პირები 8 მაისს, საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამივე მათგანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის დეტალებზე დაზარალებულმა მედიასთან თავადვე ისაუბრეს და თავდასხმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.
პოლიტიკურ თავდასხმაზე საუბრობს ოპოზიციონერი გიორგი მუმლაძეც. იგი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად 4 პირი დაუპირისპირდა. შემთხვევა უკვე 9 მაისს მარნეულში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ონიანი კი ამბობს, რომ უცნობი პირები ღამით მის სახლთანაც იმყოფებოდნენ. 9 მაისს ასევე გვიან ღამით „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს ბორის ჩელე ყურუას დაესხნენ თავს. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას სახლთან ჩასაფრებული რამდენიმე პირი ელოდებოდა, რომლებიც ხელკეტებით გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიმიტრი ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძესა და ლაშა ღვინიანიძეზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო. მინისტრი ამბობს, რომ მომხდარის გარემოებებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ვახტანგ გომელაურის თქმით, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია და ის თანაბრად დასაგმობია ყველას მხრიდან.
მმართველი პარტია ყველას მოუწოდებს, წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავოს. „ქართული ოცნება“ ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს და ამბობენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის ყველა საშუალებას იყენებს.
დაწყებულ გამოძიებას კი წინასწარ უცხადებს უნდობლობას ოპოზიცია. მათ შორისაა ზურა ჯაფარიძეც, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ორგანიზებულ თავდასხმას უწოდებს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს კოორდინირებული თავდასხმები იმ ფაქტს ჰგავს, როდესაც ვითომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. გამოძიებით კი გაირკვა, რომ კვალი ისევ მათთან მივიდა. ამიტომ ქადაგიძე ოპოზიციას და მის მომხრეებს ურჩევს, წინასწარ დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
„მე მგონია, რომ დაახლოვებით ზუსტად იგივე სცანართან გვაქვს საქმე. ამ პოლიტიკური ძალისგან არაფერია გამორიცხული. ახლა თუ ვინმეს მსგავსი რამ ყველაზე მეტად არ აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“ პოლციამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ცდილობს მათთვის ამის დაბრალებას. არაა გამორიცხული, ეს შიდა დაპირისპირებაც იყოს და ამის გარკვევაა აუცილებელი. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა დროში ეს ვითომ ვიღაცები რომ ურეკავენ და ხალხს აგინებენ, ამ ყველაფერს. მასე მეც დამირეკეს და მერე რა? დავდგე და მეც ვილაპარაკო ამაზე?
ახლა ქმნიან სურათს, რომ ვითომ, აი, მოქმედებაზე გადავიდნენ და თუ ამ სატელეფონო ზარების არ გჯერათ, აგერ სცემენ კიდევაც ხალხს. რა გამორიცხულია, რომ ვიღაცა ოპოზიციიდანვე ორი კურდღლის დაჭერას არ ცდილობს? მაგალითად, დავით კეზერაშვილის სიძე ჩიქოვანი და მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ძალიან არიან ერთმანეთს დაპირისპირებულები. კეზერაშვილმა სააკაშვილს პარტია პირდაპირ აახია. ეს ყველამ კარგად იცის და დანა-სისხლად არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. გამორიცხული რატომაა, რომ ეს ორი დაჯგუფება უსწორდება ერთმანეთს და ამით ცდილობენ, ხელისუფლებას შეაწმინდონ ხელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოძიებაა დროზე ჩასატარებელი და დასადგენი. ეს ხალხი წავა ყველაფერზე, რათა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაძაბონ. ხალხი ქუჩაში ვერ გაჰყავთ, ამიტომ ახალი სცენარის შეთითხვნა დაიწყეს, რაც ასევე არ უნდა გამუვიდეთ“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge -სთან მიიჩნევს, რომ 8 მაისის ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები შესაძლოა ჩადიოდნენ.
„სასაცილო ისაა, რომ ძალადობაზე პროტესტს ის ადამიანები გამოთქვამენ, რომლებიც ესალმებოდნენ გასული წლის მარტში პარლამენტის შენობასთან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობებს. ასევე ჟივილ-ხივილი ჰქონდათ ატეხილი პოლიციის ცოცხლად დაწვაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაზე. სიხარულით ჭყლოპინებდნენ, როდესაც ვიღაც შარახვეტია კრიმინალები აგერ, 1-ელ მაისს პარალამენტის ჭიშკარს რომ უტევდნენ, მინებს ამსხვრევდნენ და ქუჩებს ცეცხლს უკიდებდნენ! მაშინ ხომ მას ამართლებდნენ და პირიქით, გმირობად რაცხავდნენ.
არაა გამორიცხული, რომ ამ ცემა-ტყეპას თავად ნაციონალები და მათთან მიტმასნული ის კრიმინალები ჩადიოდნენ, რომლებიც მოყოლებული 20 ივნისიდან პერმანენტულად უტევენ სახელმწიფო დაწესებულებებს, ძალადობენ სამართალდამცავებზე და დღედაღამ ფიქრობენ, სხვადასხვა გეგმებს ამუშავებენ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებისათვის. ამის მტკიცებულებები კი სუსმაც გამოაქვეყნა. ჩემი მხრივ, მე ნამდვილად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, ყველგან და ყოველთვის! ამიტომ, ახლა ყველაზე მეტად თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ დგას ამ მზაკვრობის უკან, ეს ხელისუფლებაა. ამიტომ ველი, რომ გამოვლენილი იქნება ძალადობის დამკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებელები!“ - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.