ახოვანი ვაჟკაცი სამგზავროდ მოხერხებულ ფეხსაცმელსა და კომბინეზონში გამოწყობილი პირშიშველ მთებს ფეხით და ცხენზე ამხედრებული სერავდა. უყურებდა სამშობლოს და გულში ებუბუნებოდა: - რა დალოცვილი ხარ, რა მშვენიერი და მადლიანიო...
მერე ცხენსაც მიეფერებოდა ფაფარზე და დაელაპარაკებოდა: - "კაცი, რომელიც არ იცნობს მშობლიურ მიწა-წყალს, არც არის ღირსი ამ მიწა-წყლისაო", მუმლი-მუხასაო გარს ეხვეოდაო, მაგრამ მუხა გადარჩაო... იმიტომ გადარჩა, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ღირსეული შვილებიო. კატორღა- გამოვლილმა განსაკუთრებით კარგად იცოდა ეს.
ცხენი ჭკვიანი ცხოველია, ნამდვილი მეგობრობა შეუძლია. ამიტომაც, დასვენების ჟამს, ჩამოქვეითებულ მხედარს თვალს არ აშორებდა, გულისყურით უსმენდა.
ლევან გოთუა რამდენჯერმე იყო ნამყოფი თუშეთში. იქნებ ივანე ბუქურაულზეც ელაპარაკებოდა თავის უტყვ მეგობარს. გული გულს ყოველთვის ცნობს, კაცი - კაცს.
ივანე ბუქურაული - ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი, ალვანში ცხოვრობდა. ვაჟა-ფშაველას მასპინძელიც ის იყო და სამშობლოსათვის გულანთებული ყველა ქართველისაც. ამიტომაც არ შეეძლო ლევან გოთუას ივანე ბუქურაულის იუბილეზე არ წასულიყო...
მაშინ სულ ახალგაზრდა იყო მწერალი ვალერიან სულაკაური. ლევან გოთუას თვალს ვერ სწყვეტდა, ბიბლიურად ლამაზი ეჩვენებოდა მისი გარეგნობა, სულს კი მისი შემოქმედებით ამაღლებულსა და საქართველოს სიყვარულით ანთებულს, ისედაც იცნობდა. ლამის 40 წელი გავიდა მას მერე, გუშინდელ დღესავით ახსოვს ბატონ ვალიკოს:
- 70-იანი წლებია. ალვანში ვართ ივანე ბუქურაულის იუბილეზე. ბატონი ლევან გოთუა მეკითხება, - იორამ ქააძე სად ცხოვრობსო. აქვე, მთავარ ქუჩაზე-მეთქი. გაგონილი მქონდა, სამი თუში იჯდა ლევან გოთუასთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში. ერთ-ერთი იყო იორამ ქააძე - ჩვენი მეზობელი. მწყემსი იყო. "სამანელების" მოძრაობას თანაუგრძნობდა და პოლიტიკური ბრალდებით გადაასახლეს (ეს ანტისაბჭოთა მოძრაობა თუშეთში დაიწყო. გულანთებული ბიჭები სამანზე გაიფიცნენ, რომ მამულის სამსახურში დალევდნენ სულს).
...ლევან გოთუამ რომ მოიკითხა, იმ დროს მწყემსები უკვე იალაღზე იყვნენ.
შინ ვინ იქნებაო, - მკითხა. მისი მეუღლე და დედა-მეთქი. მოდი, წამიყვანეო. წავედით. იორამის დედა, 87 წლის ქალი დაგვხვდა, აივნის ქვეშ იჯდა. მივიდა ლევანი, აკოცა... ეს ლევან გოთუაა-მეთქი. ვაიმე, საკადრისად რომ ვერ დავხვდითო... დიდმა მწერალმა მუხლი მოიყარა, მერე პირჯვარი გამოისახა და ცრემლი წამოუვიდა: - მიხარია, რომ იორამი ფეხზე დგასო.
იორამმა მიამბო მერე: - 50 ქართველი ვიყავით ვორკუტის იმ ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს. როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. ყველა ერთხმად დაეთანხმა. მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა - იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. "გმირთა ვარამის" წერა ამ "ფურცლებზე" დაიწყო...
ასე უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ...
1951 წელს თურმე ვიღაცამ მოუტანა "პრავდისა" თუ "იზვესტიის" შეკვრები ურიკით და გაზეთების არშიებზე შეუდგა წერას...
იორამ ქააძე ჰყვებოდა, ასეთი ხელნაწერი იმდენი იყო, ორი სატვირთო ვაგონი გამოვიდოდაო. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა შესაძლებელი გახდა. დაჯდა ლევანი და მთელი რომანი გადაწერა. ნეტავ ერთი ხელნაწერი მაინც წამოგეღოთ მუყაოზე ან ფიცარზე დაწერილიო, - უნატრია ვალიკო სულაკაურს. მაგისი თავი ვის ჰქონდაო...
ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" პირველი ხელნაწერი ვორკუტაში დარჩა. მხოლოდ მეორეს, გადათეთრებულს გზავნიდა ჩუმ-ჩუმად თბილისში, ზოგიც თან ჩამოიტანა...
ხელნაწერის გარდა, გადასახლებიდან ჩამოჰყვა ვორკუტის სიცივესა და სიბნელეში ნაგრძნობი ვაჟკაცობის, მეგობრობის, ურთიერთგატანისა და სიყვარულის სითბო. ქართული მიწის ფასი ადრეც იცოდა, მაგრამ პოლარული, გაყინული მიწიდან დაბრუნებულს კიდევ მეტს ეუბნებოდა მზით გამთბარი, ფხვიერი, ხვავრიელი სამშობლოს მიწა. ამიტომაც სადაც უნდა ყოფილიყო - ხევსურეთში, თუშეთში, ქართლსა თუ კახეთში, დაიჩოქებდა და მიწას კოცნიდა - ვაჟკაცობის, მეგობრობის, სიყვარულის საწყისსა და დაუშრეტელ წყაროს...