„დიახ, უკრაინიდან მოსალოდნელია სააკააშვილის მომხრეების დესანტირება, რომლებიც ახლა სხვადასხვა სამხედრო ფორმირებებში არიან გაერთიანებულები“, - ამ განცხადებით ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ 8 მაისს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში“. რამდენად რეალურია საფრთხე და რა სცენარების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
მამუკა არეშიძე:
- უკრაინაში ბევრი ქართველი იბრძვის გულწრფელად, რუსეთის წინააღმდეგ და არანაირი შურისძიება არ ამოძრავებთ „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ „ქართული ლეგიონში“ არიან ადამიანები, მეთაურის ჩათვლით, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი ამ მთავრობისადმი. ბოლოს და ბოლოს მეთაურის და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო.
- კი მაგრამ, მათ რა რესურსი და შესაძლებელობები აქვთ, რომ აქ არეულობა მოაწყონ? ბოლოს და ბოლოს ქვეყანას ჰყავს უსაფრთხოების სამსახური და შეუძლიათ, საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობაც კი არ მისცენ.
- გასაგებია, რომ რამდენიმე ოდიოზურ ფიგურას საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობას არავინ მისცემს, მაგრამ მათი ხალხის შემოსვლა რამდენიმე სხვადასხვა მარშუტით კი ნამდვილად შესაძლებელია. ამას გარდა, ქაოსი თუ დაიწყება, მერე აღარც მთავარ პირებს გაუჭირდებათ საქართველოში შემოსვლა. ქაოსი კი უკვე მზადდება, ხოლო საბოლოოდ, მივიღებთ თუ არა ქაოსს, ეს ერთის მხრივ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ საზოგადოებაზე.
- რას გულისხმობთ?
- მსგავსი პროცესები ქართულ საზოგადოებას ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს - ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რა შეძლება მოჰყვეს შედეგად ამ ყველაფერს.
- საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბარი რთულია, პროცესების მართვის ბერკეტი ხელისუფლებას აქვს.
- კი, წესით ასეა, როდესაც ხალხი არასწორად იქცევა, დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა. საქმე იმაშია, რომ საზოგადოება დისტანცირდება პროცესებისგან. სამწუხაროდ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება ვერ იქნება პასუხისმგებელი, აქ ხომ ყველა ყველას ნათესავი და მეგობარია. შესაბამისად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს - პოლიტიკური ელიტასაც, თავისი ხელისუფლებით და ოპოზიციით და საზოგადოებასაც. ეს საზოგადოება მხოლოდ ახალგაზრდებისგან ხომ არ შედგება? ჩვენ გვყავს თაობა, რომელმაც სწორედ საკუთარ თავზე იწვნია სამოქალაქო დაპირსპირების სირთულე. სამწუხაროდ, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ და ყოველთვის დიდი მონდომებით ვეგებით იმ ანკესზე, რომელზეც ჩვენი მტრები გვიგდებენ ხოლმე. ჩვენ კი ძირითადად ერთმანეთთან საქმეების გარჩევით ვართ დაკავებულნი და საერთოდ არ ვფიქრობთ სახელმწიფოებრივად. დღეს მიმდინარე პროცესებს რომ ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ვარდების როვოლუციის“ რიმეიქს ვუყურებ.
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რომ არ დამგარიყო დღის წესრიგში, ახლა ასეთი პროტესტი არ იქნებოდა ქუჩაში?
- ხელისუფლებას ეს კანონი რომ არ დაეყენებინა დღის წესრიგში, დღეს არ იქნებოდა ქუჩაში პროტესტი, მაგრამ იქნებოდა ხვალ - არჩევნების შემდეგ. კანონი ბოდიში, მაგრამ ყველას ფეხებზე ჰკიდია - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და ხალხსაც. დაპირისპირება უნდა მომხდარიყო... ჯერ კიდევ გუშინწინ დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. არც ის აინტერესებს ვინმეს, არჩევნები მართლა გაყალბდება თუ არა, მთავარია საზოგადოებაში შეიქმნას საპროტესტო განწყობა.
- თქვენ გაქვთ კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ არეულობისაა და ქაოსის თავიდან ასარიდებლად?
- არანაირი რეცეპტების წერას არ დავიწყებ ხელისუფლებისთვის, ეს თავადაც კარგად უნდა იცოდნენ. არც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის ვაპირებ რჩევების მიცემას და იმის დემონსტრირებას, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ, მით უფრო ვიცი, რომ ამას არანაირი შედეგი არ ექნება. მე მხოლოდ საზოგადოებას მივმართავ, რომლის ნაწილი თავადაც ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად განმუხტოს სიტუაცია და გახდეს შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მესმის, რომ ხმამაღალი ნათქვამი გამომდის და შეიძლება ზოგადიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხში სწორედ ასეთი განწყობა უნდა იყოს. სოციალურ ქსელში ყველა ვაჟკაცია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ბურთი და მოედანი სხვებს რჩებათ, კონკრეტულად კი იმათ, ვინც უკეთ არიან მომზადებულები, გარკვეული ტრენინგებიც აქვთ გავლილი და უშეცდომოდაც მოქმედებენ, იმისთვის, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხონ.