„ოცნება" პარტიულ მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ". ბაზის შექმნის მიზანი, პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, სიაში შესული ადამიანების „კამპანიის მორალური შფასებაა". ოპოზიციამ აღნიშნულ იდეას უკანონო და არაკონსტიტუციური უწოდა და განაცხადა, რომ ეს რუსული „კაგებეს" მეთოდია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - „დაიწყოს რეპრესიები, რათა „ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მასშტაბური აქციების ფონზე, „ოცნებას" რეპრესიების დაწყება გაუჭირდება, თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, ეს გადაწყვეტილება სწორედ რეპრესიებზე მინიშნება და „უბრალოდ დაშინების მცდელობაა". მისი თქმით, პაპუაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ თუ იქნები ბაზაში, უკვე ნიშანდებული ხარ და თუ სააჭირო გახდება, ამას გამოიყენებენ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკური შეფასებები
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა"
„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ სელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ, როდესაც საზოგადოება ამაზე ექნება რეაქცია, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს.
„მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას" აქვს წამოწყებული - ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. ჩვენ, მაგალითად, გვახსოვს, რომ ახლახანს სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და მათ ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა. საჯარო გახდა, ზეწოლა მიდიოდა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ. სხვადასხვა ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ქვეყნდებოდა იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ა.შ.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას ამის უკან, კონკრეტულად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად, შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების" ყველა კანონი, მათ შორის, ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - რეპრესიების დაწყებას, რათა „ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს.
„ასეთი ე.წ. არაკეთილსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ მოჰყვებოდა ამას რეპრესიები და გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ.
„ყველა კანონი, დაწყებული აგენტების "რუსული კანონით" და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს "ქართული ოცნება". ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რაღაც ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა "კაგებეს" მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი," - განაცხადა გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური „დროასა" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ შექმნილ პორტალ მონა.ჯი-ს საკუთარ ვერსიას ქმნის, რაც, მისივე თქმით, მომავალი რეპრესიების დაანონსებაა.
„შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ, რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას" და „გირჩის" („გირჩი - მეტი თავისუფლება") ტაქტიკას და აკეთებს, მონა.ჯი-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე „ქართული ოცნება". მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც „დროას" და „გირჩის" ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ", - განაცხადა აქუბარდიამ.
„რეპრესიებს ვერ დაიწყებენ, მაგრამ მინიშნება აქეთაა"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია შექმნას ასეთი ბაზა, თუმცა ეს შემდეგ გამოყენებული არ უნდა იყოს საზოგადოებაზე ზეწოლისა და დაშინებისთვის. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური აქციების ფონზე, „ოცნებას" რეპრესიების დაწყება გაუჭირდება, თუმცა მინიშნება სწორედ აქეთაა.
„ქართული ოცნება" რას გააკეთებს, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ პარტიას ან პიროვნებას შეუძლია შექმნას ასეთი ბაზა, ამას დიდი მნიშვველობა არ აქვს. ამას სახელწიფო რომ აკეთებდეს, ეს კიდევ სხვა საქმეა, ოღონდ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" თავად არ შეიწუხებს თავს და ძალოვანი სტრუქტურებიდან ყველა ინფორმაცია „ოცნების" ბაზაში გადავა.
„ზოგადად ამ განცხადებას მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს - ცდილობენ რამენაირად დააშინონ ის ხალხი, ვინც აქციებში მონაწილეობს. ეს უფრო საზოგადოების დაშინების მცდელობაა, ვიდრე რეალური მუქარა. რეალურად რა უნდა ქნან? ვიღაც მოიწონებს აქციას, ვიღაცა არა და მერე აქედან რა?
„თუმცა, იქ მეორე მომენტიცაა - თუ სამართალდარღვევები იქნება, მათ შეიძლება დაიწყონ გარკვეულწილად ზემოქმედება, მისცენ სამართლებრივი შეფასება და გარკვეულ ეტაპზე დაიწყონ მისი რეალიზაცია. მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ეს უბრალოდ დაშინების მცდელობაა, რომ აი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ვინ იყავით და რას წარმოადგენდით. პრინციპში აქ ქვეტექსტი იგულისხმება, რომ შემდეგ ამისთვის მოგეკითხებათო, რაც თავისთავად სასიამოვნო არაა, ზოგადად მორალური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტია და მეტი არაფერი.
„პირდაპირ ასე რეპრესიებს ვერ დაიწყებენ, გაუჭირდებათ, მაგრამ მინიშნება სწორედ აქეთაა - რომ იქნები ბაზაში და ეს ნიშნავს, რომ უკვე ნიშანდებული ხართ და თუ საჭირო გახდება, ამას ჩვენ გამოვიყენებთო. ისევ და ისევ ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდათ მოახდინონ მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე, სოციალურ ქსელებზეც. ამ ეტაპზე დაშინების მცდელობა მგონია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ არც რეპრესიებზე იტყვიან უარს, მაგრამ ასეთი მასშტაბის აქციების შემდეგ, ამ ქვეყანაში რეპრესიების განხორციელება გაუჭირდებათ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანასთან".