ხელისუფლებამ განაახლა მოღალატეეების თემა. ამჯერად მსაჯულები პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მამუკა წიკლაური და ედპ–ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა არიან, რაღა თქმა უნდა, მთელ დანარჩენ ხელისუფლების იდეოლოგიურ მანქანასთან ერთად.
ბათუმში, ენგურის ხიდზე, ქუთაისში და სხვა ქალაქებში სტუდენტები აქციებს მართავენ და სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით მოღალატედ ზურაბ ნოღაიდელს აცხადებენ. ერთი და ორი წლის წინ მოღალატეების ორდენები იმავე ხალხმა სხვა პოლიტიკოსებს დაკიდა. ისე, ახია ნოღაიდელზე, რადგან, როცა ოთხი ოპოზიციონერი ლიდერი რუსეთის აგენტებად შერაცხეს, მაშინ პრემიერად მყოფი დუმდა. მაშინ ნაციონალებს საკუთარი პრემიერი მოღალატედ არ მიაჩნდათ. პირიქით, როცა ოპოზიცია ამბობდა, ხალხის გამყვლეფავი რუსული "ენერგოპრო" ნოღაიდელის ხელდასმით შემოვიდა და მან ამით დიდი ფული იშოვაო, მას დიდი თუ პატარა "ნაცი" კბილებით იცავდა. სხვათა შორის, მაშინ არც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს გამოუდია თავი აგენტებად წოდებულების დასაცავად. პირიქით, პარლამენტის სხდომაზე თქვა, აგენტებთან და მოღალატეებთან მე და ჩემი თანაგუნდელები არ ვითანამშრომლებთო.
სამშობლოს მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი მას შემდეგ იქცნენ, რაც ოპოზიციაში გადაბარგდნენ და სააკაშვილის ხელისუფლების ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენა დაიწყეს.
ხელისუფლება ყველგან და ყველაფერში მოღალატეებს ეძებს. ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რომ ვერანაირი მოღალატე თუ აგენტი ვერ გამოიყვანს ათ და ასობით ათას ადამიანს მიტინგზე, თუ ამ ხალხს სერიოზულად არ უჭირს რაღაც.
2007 წლის ნოემბერის აქციები სპონტანურად მოჰყვა ერთ დროს სააკაშვილის ფავორტი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერას, რომელმაც ბევრი ისეთი რამ თქვა პირდაპირ ეთერში, რაც ხელისუფლებას ძალიან არ მოეწონა. მერე ხალხი გამოვიდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა, აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციით. ამას რა ბნელი დღეები მოჰყვა, ყველას გვახსოვს. 7 ნოემბერს ნიკა გვარამიას ხელით და პირით დიდი რუსული გადატრიალების სქემა "გამოაშკარავდა", რომელსაც შალვა ნათელაშვილი,კონსტანტინე გამსახურდია, გოგა ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი და ცოტნე გამსახურდია "აწყობდნენ". იქვე აირეკლა ბადრი პატარკაციშვილის ჩრდილი. ამ ყველაფერს გაურკვეველი ფარული სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები ამაგრებდა. ამისთვის სადღაც გადამალული იარაღიც მოიძებნა და ხალხიც, რომელთა მიბმასაც რუსეთზე, იგორ გიორგაძესა და ბადრი პატარკაციშვილზე ხელისუფლება სულ იოლად შეძლებდა, მაგრამ ამ შეთქმულების თეორიამ პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ აზრი დაკარგა.
გასულ ზაფხულს საპროტესტო აქციებიც, რაღა თქმა უნდა, რუსეთს მიება და არა – გაჭირვებული და დამცირებული ხალხის გამოსვლას. ამას მოჰყვა მუხროვანის ამბოხი და კვლავ ფარული ვიდეოჩანაწერები – ჯერ ნინო ბურჯანაძის ქმრის და მისი თანაპარტიელების, შემდეგ კახა თარგამაძესთან დავით გამყრელიძის და ლევან გაჩეჩილაძის სტუმრობის, მოგვიანებით უკრაინაში ნინო ბურჯანაძის ჩასვლის. 7 ნოემბრით ჭკუანასწავლ ხელისუფლებას პირდაპირ ხელი არ დაუდია რომელიმე პოლიტიკოსზე, რუსეთის აგენტიაო, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა. ეს ყველაფერი სამთვიანი აქციების დაშლით დასრულდა. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განაცხადა ხმამაღლა, რომ რუსეთის დიდი გეგმა ჩაშალა.
ახლა, როცა უკრაინაში ნარინჯისფერმა რევოლუციამ ჩაილურის წყალი დალია და დიდი შანსია, დასავლეთს რუსეთმა ერთადერთი დასაყრდენი ვარდოსნებიც გამოაცალოს, ჩვენმა ხელისუფლებამ მთავარ მოღალატედ ზურაბ ნოღაიდელი დასახა. "ღალატის" საილუსტრაციოდ უკვე არა – ფარული, არამედ ოფიციალური კადრები ტრიალებს თითქმის ყველა სატელევიზიო გადაცემაში. როგორ უხდის მადლობას ნოღაიდელი პუტინს, ოღონდ რაზე უხდის, ეს არ ჩანს. რუსეთის სახელისუფლებო პარტია "ედინია რასიასთან" დადებული პარტიული თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე არის საფუძველი, რომ თავიანთი ყოფილი პრემიერი ნაციონალებმა მოღალატედ შერაცხონ. ეს რაღაც უფრო იმას ჰგავს, ფაფით პირდამწვარი დოს უბერავდაო.
შიშის და შეშფოთების საფუძველი ჩვენს ხელისუფალთ აქვთ კიდეც. რუსეთის პოლიტელიტა მხოლოდ ნოღაიდელის ვიზიტებს არ კმაყოფილდება. თავისთან იწვევს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქართველოში გავლენა აქვს. მოსკოვში ჩასვლის მსურველებიც არიან. ხელისუფლების იდეოლოგები ფიქრობენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის მოღალატედ შერაცხვამ შეიძლება ამ ხალხს განზრახვაზე ხელი ააღებინოს.
ძალიან მალე მოღალატეთა სიაში კობა დავითაშვილის და ზვიად ძიძიგურის გვარებიც ჩაიწერება. აპრილის თვეში ისინიც აპირებენ მოსკოვში ვიზიტს. მართალია, არა "ედინაია რასიასთან" ხელმოსაწერად, მაგრამ იმ ხალხთან მოსალაპარაკებლად, რომელსაც დააჯერებენ, თუ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებთ, ამერიკულ ჯარებს საქართველოში ფეხს არ ჩამოვადგმევინებთო.
მამუკა წიკლაურმა მოღალატეთა სიაში ბურჯანაძე და ლეიბორისტები დაასახელა. რომ არ დაესახელებინა, საკვირველი ის იქნებოდა. შალვა ნათელაშვილი, ლამის უკვე მსოფლიომ გაიგო, რომ რუსეთის აგენტია. როცა დასაჭერად დასდევდნენ, ამერიკაშიც გაიგეს და სააკაშვილს კარგად აუწიეს ყური. თუმცა ლეიბორისტები ჯერჯერობით მოსკოვში წასვლას არ აპირებენ.
გოგა ხაინდრავას აგენტობის თემაც კიდევ არაა მოხსნილი. ლევან ბერძენიშვილი უკვე მიივიწყეს. ალბათ ისევ ამერიკული ფაქტორის გამო. რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას, აგენტობაში ეჭვმიტანილი "თავისუფლების" ლიდერი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრება და ჩვენი უმაღლესი ხელისუფლება ერთი წუთითაც არ უშვებს, რა ინფორმაციები შეიძლება გადასცეს მორზეს ანბანით ღამღამობით მან კრემლს!
უფრო რთულადაა ცოტნე გამსახურდიას საქმე. მეზობლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ გამსახურდიას ალბათ წინა დაკავებისას წაყენებულ სამშობლოს ღალატის მუხლსაც დაუმატებენ. კულუარული ხმებით, პირველი დაკავების დროს თურმე სთხოვდნენ, აგენტურულ კავშირში დაესახელებინა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. ეს პირობა გამსახურდიამ არ შეასრულა. ახლა მას არაოფიციალურ მოწმედ ყოფილი ცოლი გამოუჩნდა. ტელეგადაცემაში "სიმართლის დრო" ცოტნე ყოფილმა მეუღლემ ნებით თუ უნებლიეთ რამდენიმე მძიმე საქმეში დაადანაშაულა. ტყუილად კი არ ამბობდა საწყალი ბებიაჩემი, ქმარს ცოლზე დიდი მტერი არ ჰყავსო. ამ ქალბატონმა ღია ეთერში თქვა, ჩემს ქმარს კრიმინალური მიდრეკილებებიც ჰქონდა, ნარკომანიც იყო და რუსეთის სპეცსამსახურებთანაც თანამშრომლობდაო. დეტექტორმაც დაუდასტურა, კი, მართალიაო, მაგრამ ამ დეტექტორს ერთი ჩავარდნა მოუვიდა – პირველივე კითხვაზე გამსახურდიების ყოფილმა რძალმა თქვა, ფულის გამო მოვედიო და ჩამჭრელი კითხვაც ბოლოს ეს გამოდგა. ფულის გამო კი არა, მხოლოდ ყოფილი მეუღლისთვის შურის საძიებლად მოსულხარ და ეს შენმა ქვეცნობიერმა დაადასტურაო.
ამდენად, ვარდოსანმა ხელისუფლებამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ დაყო მოღალატეებად, აგენტებად და თავდადებულ პატრიოტებად. თავის დადებაზე ერთი ჩემი კოლეგის ნათქვამი გამახსენდა. ქართველები თავდადებულები ნამდვილად ვართ, ოღონდ ბალიშზეო. ჰოდა, ამ ბალიშზე თავდადებულმა პატრიოტებმა, რომელთა თავდადებულობამაც სამშობლო გაგვინახევრა, მეორე ბალიშზე თავდადებულებზე თქვეს, მოღალატეები არიან იმიტომ, რომ რუსეთში დადიანო.
ჩვენს ხელისუფლებას რუსეთში არ ჩაესვლება, იქიდან ისინი არ ჩამოდიან, ევროპამ და ამერიკამ – თავში ქვა გიხლიათ, თქვენი პრობლემები თავად მოაგვარეთო. ახლა რა ვქნათ? ისევ დავდოთ ეს გასიებული თავები ბალიშზე და დაველოდოთ, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ჩაგვიდოს პირში ლუკმა?!
პირობითი წყალგამყოფი მოღალატეებსა და პატრიოტებს შორის ნატო–ა. ვინც იტყვის, მხოლოდ ნატო, არაფერი სხვა, ნატო–ს გარდაო და ისევ მიდებს თავს ბალიშზე, პატრიოტები არიან. ვინც იტყვის, ჯანდაბას ნატო, ომში ხომ გამოჩნდა, რომ ფეხებზე ვკიდივართ, მოდი, სხვა კუთხით ვცადოთ, თუნდაც ეს პოპულისტური მცდელობა იყოსო და თუნდაც ისევ მიდონ თავი ბალიშზე, ისინი უკვე არამარტო აგენტები, ქვეყნის მოღალატეებიც არიან.
დასავლურ "კანტორაში" ნაცებთან ერთად შედიან ქრიტიან–დემოკრატები, ედპ და "ალიანსი საქართველოსთვის", თუმცა ამ ცოტა ხნის წინ ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანიაც შეხვდა ევროპაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. ალასანია ამბობს, ნოღაიდელისგან განსხვავებით, ლავროვს მკაცრად მოვთხოვე პასუხი დაკარგულ ტერიტორიებზეო, მაგრამ ამის არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ალიანსის ლიდერს სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ხელისუფლებაც სიტყვაზე ენდო და ალასანია ამჯერად მოღალატის ორდენის კავალერი არ გახდა.
მოღალატეთა ფლანგზე ჩვენმა დაკვირვებულმა და ანალიტიკოსმა ხელისუფლებამ ჩამოსახრჩობად გაამწკრივა ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, ძიძიგური, დავითაშვილი და, სავარაუდოდ, ეროვნული ფორუმი.