ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციების განვითარების შესაძლო სცენართან დაკავშირებით ისაუბრა.
ექსპერტის თქმით, ამ ყველაფერში ყველაზე ცუდ საფრთხეს აქციებში შეიარაღებული ძალების ჩართვაში ხედავს, რაც ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანს.
„ფული აქვთ, ეს აშკარად ჩანს, რადგან აქციის ყველა მონაწილე ჩაცმული და აღჭურვილია. უფულობას ნამდვილად არ განიცდიან. ყველაზე ცუდ საფრთხეს ვხედავ იმას, რომ არ მოხდეს შეიარაღებული სხვა ძალების ჩართვა, რომლებიც სულ სხვა მიმართულებით წაიყვანენ ამ ყველაფერს. დაახლოებით სირიის რევოლუციის მსგავს პროცესებში არ გადავიდეს, რაც სამოქალაქო ომი იყო ფაქტობრივად, დაყოფა და ძალიან აწეწვა ქვეყნის. ის, რომ ესაუბრო ახალგაზრდებს და აუხსნა, რომ ამით ქვეყანას ანგრევენ და რეგიონში საოცარ რყევებს ქმნიან და ეს ძალიან ცუდია მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, აზრი არ აქვს, ისტერიულები არიან და ვერ ელაპარაკები“, - აღნიშნა ექსპერტმა.