რატი იონათამიშვილი: აქციების ორგანიზატორებს ორი მიზანი აქვთ - პირველი ეტაპი არის გადატრიალება და მეორე - მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში

რატი იონათამიშვილი: აქციების ორგანიზატორებს ორი მიზანი აქვთ - პირველი ეტაპი არის გადატრიალება და მეორე - მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში

განსაკუთრებით გამოვთქვამ წუხილს იმაზე, თუ როგორ ექცევიან ეს ადამიანები მშვიდობიან მოსახლეობას - ხელს უშლიან გადაადგილებაში და აყენებენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არის კატეგორიულად დაუშვებელი, - ასე შეაფასა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქცია.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას თანამოქალაქეებისადმი, საკუთარი ქალაქისადმი და საბოლოო ჯამში საკუთარი ქვეყნისადმი.

„ეს ადამიანები გუშინაც იგივეს ამბობდნენ, რომ თურმე პარლამენტის შენობის შტურმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, ვანდალიზმი, საკუთარი ქალაქის ქუჩებისთვის ცეცხლის წაკიდება - გამოხატვის ფორმაა. ბოლო ბოლო ამერიკის პრეზიდენტის განმარტება მოვისმინეთ, თუ რა არის ვანდალიზმი და რა არის მშვიდობიანი აქცია. და ძალიან მაინტერესებს, რაც ვანდალიზმია ამერიკაში, ის რატომ შეიძლება იყოს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა საქართველოში? ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ისეთივე ძვირფასია ჩვენი დემოკრატია, როგორც თითოეული ამერიკელისთვის ამერიკის დემოკრატია. და ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიას, იმიტომ რომ ის თაობების მონაპოვარია. ეს ადამიანები კი ძირს უთხრიან მას“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

მან აქციის ორგანიზატორების მიზნებზეც ისაუბრა.

„მათ ორი მიზანი აქვთ - ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს უკრაინაში. პირველი ეტაპი არის მაიდანიზაცია და მეორე არის უკრაინიზაცია. ანუ, პირველი ეტაპი არის გადატრიალება და მეორე - მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე ძალიან ცდილობენ და არც მალავენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.