მთაწმინდის პანთეონი დაიხურა

მთაწმინდის პანთეონი დაიხურა

მთაწმინდის პანთეონის დახურვის შესახებ ინფორმაცია თავად თბილისის მერიამ გაავრცელა. უგულავას უწყება იმასაც იტყობინება, რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი სხვაგან უნდა აშენდეს, კონკრეტულად სად - ეს ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ.

"რეზონანსის" ინფორმაციით, ამ დანიშნულებისთვის მერიაში აქტიურად განიხილავენ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიას. ეს ინფორმაცია გუშინ "თბილისის ჰამქრის" უსტაბაშმა ალეკო ელისაშვილმაც დაგვიდასტურა.

"მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უკვე ადგილი აღარ არის და, შესაბამისად, იკეტება. თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ალტერნატიული ადგილი შეარჩიოს. კონკრეტულად სად იქნება პანთეონი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მერია საპატრიარქოსთან ერთად აპირებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიდის. როდის რა გაირკვევა, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ამის შესახებ მართლა არაფერია ცნობილი," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დვალმა.

სად იქნება ქართველ მოღვაწეთა განსასვენებელი - ამის გასარკვევად "რეზონანსმა" საქართველოს ეკლესიას მიმართა. აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოში აღნიშნული საკითხის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სად კეთდება პანთეონი, საქმის კურსში არ არიან.

"ამასთან დაკავშირებით რა გადაწყდება, არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ," - ამბობს დეკანოზი დავით შარაშენიძე.

"პანთეონების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დაიდოს საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც მოხდება ამა თუ იმ ადამიანის დაკრძალვა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში," - ამბობს "ტფილისის ჰამქრის" უსტაბაში ალეკო ელისაშვილი. " - უნდა შეიქმნას, ასევე, ინსტიტუციური ბაზაც და სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს, ვინ არის პანთეონში დასაკრძალი“.

ელისაშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია პანთეონების მოწყობის ფრანგულ მოდელს უჭერდა მხარს.

"ჩვენი ორგანიზაცია ფრანგული მოდელის მომხრეა. მისი მიხედვით, საფრანგეთში ადამიანი რომ გარდაიცვლება, დაკრძალავენ ჩვეულებრივ პანთეონში. გარდაცვალებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ მსჯელობს სპეციალური კომისია, ესა თუ ის ადამიანი გადაასვენონ თუ არა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.“

ელისაშვილისვე თქმით, ამ საკითხის განხილვა, ქართველ მოღვაწეთაგან (და არა მარტო სახელოვან მოღვაწეებს ეხება ეს) ვინ სად დაიკრძალოს - საქართველოში საკმაოდ არასერიოზულ დონეზე წყდება. უფრო მეტიც - როგორც "ჰამქრის" ხელმძღვანელი აცხადებს, საამისოდ არც საკანონმდებლო ბაზა არსებობს და არც სპეციალური კომისია.

"ჩვენთან ეს საკითხი ვაჭრობას ჰგავს და ამაზეა მიბმული ქუჩებისთვის სახელის დარქმევის თემაც. ამ მხრივ განსხვავებულია ადამიანის წმინდანად შერაცხვის საკითხი: საპატრიარქოში წმინდანად ასახელებენ იმ ადამიანს, რომელიც გარდაცვლილია მინიმუმ 50 წლის წინ. იქ სპეციალური კომისია იკრიბება, ხდება ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრების მიმოხილვა და მასზე მზადდება სამეცნიერო დონის მოხსენება. შემდეგ ამას კენჭისყრაც მოჰყვება. ეს არის ინსტიტუციური საკითხი. ასე უნდა იყოს საერთოდაც. ანუ შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

ოთარ ჭილაძე მთაწმინდის პანთეონში რომ დაკრძალეს, ძალიან კარგია, ასეც უნდა ყოფილიყო და ორივე ხელით მივესალმები, მაგრამ შეუძლია ვინმეს მითხრას - ეს საკითხი ვინ გადაწყვიტა? არც არავინ. ამ სისტემაში, სადაც დღეს რეალურად არც საბჭო არსებობს და არც შესაბამისი კანონმდებლობა, გამართვა სჭირდება“.

ელისაშვილი ადასტურებს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთაწმინდის პანთეონის ალტერნატივად, უფრო ზუსტად კი - სავარაუდო ვარიანტად მერიასა და საპატრიარქოში სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია განიხილება, თუმცა რა გადაწყდება - ეს მისთვის უცნობია.