ანახეთ ნინო კალანდაძე მსოფლიოს და ომი არ იქნება. განა იმიტომ რომ კალანდაძე დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოვებული პოლიტიკოსია, ან მისი ავტორიტეტის წინაშე დუმან ქვემეხები. ჯარი გამოჰყავს წყობილებიდან მომენტალურად.
ამის დასტური ნინო კალანდაძის ორფოლოს პოლიგონზე მისი ბოლო გასეირნებააა, სადაც მთავრობა და საქართველოს არმია ფეხბურთში უნდა გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ნინო კალანდაძეს ისევე როგორც ქართველ პოლიტიკოს ქალთა უმეტესობას, მიაჩნია რომ პარლამენტში, სტადიონზე და პოლიგონზე ერთნაირად უნდა ჩაიცვას და ერთნაირად უნდა მოიქცეს.
რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა სპეციალური კანონიც კი მიიღო როგორ უნდა ეცვას დეპუტატს. ამ ამბავს მაშინვე სერიოზული კამათი მოჰყვა.
ფაქტია, რომ დროულია პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც ჩაცმული ტანსაცმლის ტარების წესებსაც განსაზღვრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ზოგი დეპუტატი ქალი მარგარეტ ტეტჩერეობს, ზოგი ჩიჩოლინას - იმიჯს მოირგებს და გახდილი ივლის სხდომებზე, სტადიონსა თუ პოლიგონზე.
ნინო კალანდაძე ერთ-ერთია იმ კატეგორიიდან, რომელსაც ჰგონია რომ უმაღლესი კანონმდებელის იმიჯი ბარებსა და ფან-კლუბებში წივილ-კივილი და სტადიონზე ნახევრად შიშველი სიარულია. დეპუტატობა სტიუარდესობა არაა, თუმცა, სტიუარდესა რომ იმ მანერით მოთავსდეს თვითმფრინავში, როგორც საქალბატონე კალანდაძე შემოხტება ხოლმე მაგიდაზე სხდომათა დარბაზში, თვითმფრინავი ალბათ მიწაზე ჩამოვარდება.
სხდომათა დარბაზსა თუ ორფოლოს პოლიგონზე ეტიკეტი ეტიკეტია და პოლიტიკური კლიმატის განსაზღვრაზე პრეტენზიის მქონე ფიგურას, არ უნდა ავიწყდებოდეს, ის, რაც ყველა კარგად აღზრდილმა გოგონამ იცის.
ფეხები ერთმანეთს მიადგას და კაბა თავზე არ გადააფაროს გარშემო მყოფ მამაკაცებს, მით უმეტეს მათ, ანუ ჯარისკაცებს, ვისაც მისი საცვლების ფერის გარდა, სხვა ტვირთიც აწევთ მხრებზე. იქნება ეს დაკარგული ტერიტორიები თუ ვერ აღმსდგარი იურისდიქცია.
იქნებ ესეც პიარ-ტექნოლოგიაა. ჯარის წინ კაბააწეული ნინო კალანდაძე და კალანდაძის მოპირდაპირე მხარეს გაოგნებული ოსი და აფხაზი სეპარატისტები...