(იბეჭდება შემოკლებით)
ირაკლი წერეთელი (პოლიტიკოსი):
პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი ლობი, რომელიც მას დააფინანსებს, მაგრამ ეს ლობი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.
შენ თუ ერთი მიმდინარეობის წარმომადგენელი ხარ და წმინდა ფინანსური და მატერიალური მოსაზრების გამო კავშირს კრავ იმ პოლიტიკოსთან, რომელიც შენს პრინციპებს არ ეთანხმება, ეს დანაშაულია.
ასეთი ალიანსი მთავრდება ტრაგიკულად. ასეთმა ალიანსმა იმსხვერპლა გიორგი ჭანტურიას სიცოცხლე..
გიორგი ჭანტურიას სიკვდილი განაპირობა მისმა ყოვლადგაუმართლებელმა ურთიერთობებმა ედუარდ შევარდნაძესთან. გიორგი ჭანტურია თავისი მენტალიტეტით, თავისი მიზნებითა და პრინციპებით აბსოლუტურად სხვა პიროვნება იყო, ვიდრე შევარდნაძე.
ბატონი გიორგი ჭანტურია ვერაფრით ვერ გახდებოდა ედუარდ შევარდნაძის ქვეშევრდომი. მათი კავშირი არ იყო უანგარო.
მათთვის შევარდნაძემ გარკვეულ წილად გაიღო დაფინანსება. იმის გამო, რომ ამჟამად ჩემს პარტიაში ფინანსური გაჭირვებაა, გიორგაძეს ვერ შევეკვრები (სხვათა შორის, პირადად კარგი ურთიერთობა მაქვს).
მერე წავიდე რუსეთში და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში საქართველოდან მათი ჯარების გაყვანა მიწერია, გამოვართვა ფინანსები და ეს ამბავი დამთავრდება იმით, რომ მეც გამაგორებენ. თუკი, რა თქმა უნდა, მათი ქვეშევრდომი არ გავხდები. სწორედ ეს შეთანხმება მოხდა გიორგი ჭაქნტურიასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის.
არასტრატეგიულ მოკავშირესთან პარტნიორობა ყოველთვის ანგარებიანია. ეს იგივეა, რომ კაცმა ისეთი ქალი შეირთო, რომელიც არ გიყვარს. მერე რა ხდება ?
ის კაცი გაიჩენს საყვარელს, ცოლთან მოუვა უსიამოვნება და ასეთი ოჯახი ყოველთვის ინგრევა, თუ არ ინგრევა, მუდამ ტყუილი და ჩხუბია მათ შორის.
იგივეა პოლიტიკაშიც, როცა იმ ძალასთან მიდიხარ, რომელიც არ გიყვარს და შენი მოკავშირე არ არის.
შევარდნაძეს გიორგი ჭანტურია ვერასოდეს შეიყვარებდა. ის იყო ეროვნული მოძრაობიდან მოსული ნიჭიერი კაცი... თუმცა, მოგვიანებით, ედპ-ის ლიდერი გადაუდგა შევარდნაძეს, მაგრამ ეს უკვე აღარ აპატიეს.
მე მიმაჩნია, რომ მისი მკვლელობა შევარდნაძეს უკავშირდება. იგი პოლიტიკურ პარტიებს არ მოუკლავთ, დარწმუნებული ვარ, რომ არც მხედრიონია შუაში. იგორ გიორგაძეზე ამბობენ, მაგრამ ესეც ზღაპარია. ყველაფერი ალბათ, ისევ შევარდნაძის წრეებთან არის დაკავშირებული.