მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ღალატის ბრალდება ბოლო ორი კვირის ყველაზე მოდური ბრალდებაა, უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლების ნაწილი გაცილებით მსუბუქი ბრალდებით გაასამართლეს.
მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობაში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის ადგილებში წესრიგის დარღვევაში დასდეს ბრალი.
პროკურორმა (რომელსაც ფრიად შეჭირვებული სახე ჰქონდა) სასამართლო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება მეტად გაამხიარულა, როდესაც უნივერსიტეტის ცხრა პროფესორი წვრილმან ხულიგნებად მოიხსენია და „ხულიგნებისთვის“ 100 - ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოითხოვა, რაც მოსამართლემ ორდღიანი ფიქრის შემდგომ დააკმაყოფილა.
რთული სათქმელია, შეუწყობს თუ არა ხელს პროფესორთა „აღზრდას“ ეს კონკრეტული სახელმწიფოებრივი ძალისხმევა, თუმცა აშკარაა, რომ ეს ფაქტი მართლაც უპრეცედენტო მოვლენად შევა არათუ საქართველოს, კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან პროფესორები ამ ბრალდებით არასდროს არსად და არავის გაუსამართლებია.