„ცისფერი მთების“ შემქმნელი კოლექტივი სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა

„ცისფერი მთების“ შემქმნელი კოლექტივი სსრკ-ის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა

რესპუბლიკის კინემატოგრაფისტთა ერთი ჯგუფი - მხატვრული ფილმის „ცისფერი მთების“ შემქმნელი კოლექტივი - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. ეს ფაქტი ჩვენი ეროვნული ხელოვნების საქვეყნო აღიარებისა და წინსვლის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოხატულებაა.

მრავლისთქმელია ის გარემოება, რომ ესოდენ მაღალი ჯილდო დაიმსახურა ნაწარმოებმა, რომელიც პირუთვნელი პირდაპირობით, მძაფრი სატირული პათოსითა და ცხოვრებისეული სიმართლისადმი პრინციპული ერთგულებით გამოირჩევა. ავტორთა უბადლო ოსტატობის, პროფესიონალიზმისა და მაღალმოქალაქეობრივი პოზიციის წყალობით საზოგადოებაში არსებული ჩრდილოვანი მხარეების ამსახველ სურათს უღრმესი სოციალური და ფილოსოფიური განზოგადება მიენიჭა. ეს კი მხოლოდ მაღალმხატვრულობისა და მაღალიდეურობის იმგვარი უზუსტესი შერწყმით მიიღწევა, რაც მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს ახასიათებს.

ელდარ შენგელაია ჩვენი კინოხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, არაერთი შესანიშნავი ფილმის შემქმნელი, აქტიური საზოგადო მოღვაწე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავკაცი, ამაგდარი პედაგოგი, ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი აღმზრდელი, ერისა და მამულისათვის თავდაუზოგავი მოქალაქე გახლავთ. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა ამ ნიჭიერი ხელოვანის ღირსეული დაფასებაა. სასიხარულოა, რომ შემოქმედებითი გზის შუაწერტილზე - იგი ასერიგად ხელდამშვენებული მოვიდა. მისი პიროვნება მდიდარია ყოველივე იმით, რაც აუცილებელია ხელოვნების უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად - ხალასი ნიჭი, შემოქმედებითი სიმწიფე და სიბრძნე, ვაჟკაცური, მეგობრობითა და სიკეთით სავსე გული და თანამოაზრეთა ბრწყინვალე კრებული, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი კოლექტიური ხელოვნებისათვის, როგორიცაა კინო.

მწერალი რეზო ჭეიშვილი საუკეთესო ქართველ პროზაიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება. მან თავის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოთხრობებში, სიტყვაკაზმული ხელოვნების უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა. მით უფრო სასიხარულოა, რომ მწერალმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ლიტერატურის პარალელურად კინო აირჩია სამოღვაწეო ასპარეზად და ამით დიდი ამაგი დასდო ჩვენში სასცენარო დრამატურგიის განვითარებას.

ნიშანდობლივია, რომ „ცისფერი მთების“ სცენარის ფაბულას საფუძვლად დაედო რ. ჭეიშვილის მოთხრობა „ცისფერი ხიდები“, რომლის მიხედვითაც შემდეგ მწერალმა ორიგინალური სცენარი შექმნა.

კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის მხატვრული ალღო, უდიდესი პროფესიონალიზმი, დახვეწილი გემოვნება და მაძიებლური სულისკვეთება მეტწილად განაპირობებს ხოლმე იმ ფილმების წარმატებას, რომლებიც მისი კამერით არის გადაღებული. ასეა ამ შემთხვევაშიც - „ცისფერ მთებს“ უხვად ატყვია კვალი ლევან პაატაშვილის ნიჭიერებისა.

სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს შორისაა ფილმის მხატვარი ბორის ცხაკაია - ორიგინალური ხელწერის მქონე, კინომხატვრის თავისებურ სპეციფიკაში გამობრძმედილი პროფესიონალი, რომელსაც არაერთი ქართული ფილმის შექმნაში უდევს წვლილი. „ცისფერი მთები“ მათ შორის განსაკუთრებული ვიზუალური სინატიფით გამოირჩევა. ხელშესახებად იგრძნობა რეჟისორის, ოპერატორისა და მხატვრის ჰარმონიული თანხვედრა.

„ცისფერი მთების“ დიდი წარმატება უეჭველად განაპირობა ბრწყინვალე აქტიორულმა ანსამბლმა. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, სესილია თაყაიშვილი უნდა ვახსენოთ. მთელს ჩვენს საზოგადოებას ორსახოვანი, სევდისა და სიამაყის მომცველი გრძნობა მოჰგვარა ცნობამ მისთვის გარდაცვალების შემდგომ სახელმწიფო პრემიის მინიჭების შესახებ. ქალბატონი სესილია თავისი უმაღლესი ხელოვნებითა და არანაკლებ მაღალი პიროვნულ-მოქალაქეობრივი თვისებებით ამქვეყნად არსებულ ყველა ჯილდოს იმსახურებდა, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო მან სიცოცხლეშივე მოიპოვა - ესაა ხალხის უზომო სიყვარული, საყოველთაო აღიარება და თაყვანისცემა, რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანთა ხვედრია.

„ცისფერი მთების“ იერსახეთა გალერეაში თითოეული პერსონაჟი მკვეთრი ხასიათითა და შესრულების სიზუსტით გამოირჩევა, მაგრამ მათ ცენტრში, ეჭვგარეშეა, დგას იშვიათი მხატვრული სიმართლით გამორჩეული სახე დირექტორისა, რომელსაც შესანიშნავი პროფესიონალიზმით და ნიჭით ასრულებს თეიმურაზ ჩირგაძე.

დასანანია, რომ სწორედ ოფიციალური „არაპროფესიონალიზმის“ გამო (თ. ჩირგაძე ექიმია), არ მოხვდა იგი ლაურეატთა რიცხვში, თუმცა მისი წვლილი ფილმის წარმატებაში ფასდაუდებელია.

მოხარული ვართ, რომ ჯეროვნად დაფასდა თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ღვაწლმოსილი მსახიობის - ვასილ კახნიაშვილის შემოქმედებითი ოსტატობა, რომელმაც არაერთი საინტერესო სახით გაამდიდრა ქართული ეკრანი.

მისასალმებელია, რომ  ლაურეატის საპატიო წოდებით დაგვირგვინდა მსახიობ ივანე საყვარელიძის მრავალწლიანი კეთილსინდისიერი და საქმისადმი ერთგულებით აღსავსე შრომა ქართულ კინოში.

არანაკლებ სასიამოვნოა, რომ ეს საპატიო წოდება მიენიჭა ახალგაზრდა შემოქმედს, რამაზ გიორგობიანს, რომელიც თითქმის ოცი წელია დასამახსოვრებელ სახეებს ქმნის ქართულ კინოფილმებში.

გულითადად ვულოცავთ ლაურეატებს დიდ წარმატებას - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიას. მათთან ერთად მთელს ჩვენს საზოგადოებრიობას ვულოცავთ ქართული ხელოვნების ამ მორიგ გამარჯვებას.