The New York Times: აშშ-ის დახმარების მოლოდინში, უკრაინა უკან იხევს აღმოსავლეთ ფრონტზე მდებარე სოფლებიდან

The New York Times: აშშ-ის დახმარების მოლოდინში, უკრაინა უკან იხევს აღმოსავლეთ ფრონტზე მდებარე სოფლებიდან

გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს ან შევიდნენ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მდებარე დაახლოებით 6 სოფელში, რაც ხაზს უსვამს რეგიონში გაუარესებულ მდგომარეობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მაშინ, როდესაც ისინი აშშ-ის სამხედრო დახმარების მიღებას ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

„სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ და დასძინა, რომ რომ მისმა ჯარებმა უკან დაიხიეს ავდიივკას დასავლეთით მდებარე ორი სოფლიდან.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი მიღწევები ასახავს მის სურვილს გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა, ვიდრე უკრაინა ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის პირველ პარტიას მიიღებს.

„სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას, მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებაზე და შექმნა ძალებისა და საშუალებების კუთხით მნიშვნელოვანი უპირატესობა“, - აღნიშნა გენერალმა სირსკიმ.

გენერალმა სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ავდიივკას დასავლეთით მდებარე სოფლების გარშემოა, რომლებიც რუსეთმა თებერვალში დაიპყრო თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლების შედეგად.

მისი თქმით, რუსეთმა ამ რაიონში ოთხი ბრიგადა განათავსა, რომლის მიზანია უკრაინის სამხედრო ლოგისტიკური ცენტრისკენ წინსვლა, როგორიცაა ქალაქი პოკროვსკი.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის [არასამთავრობო კვლევითი ჯგუფი] თავმჯდომარემ, სერჰი კუზანმა განაცხადა, რომ უკრაინის სარდლობას უნდა გაეკეთებინა არჩევანი „ცუდსა და უარესს შორის“ და გადაწყვიტა დაეკარგა ტერიტორიები და არა ჯარისკაცები.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ რუსულმა ძალებმა მოახერხეს ამ თავდაცვითი ხაზის ჩრდილოეთ ნაწილის გარღვევა უკრაინის პოზიციებზე არსებული რღვეულის გამოყენებით და სწრაფად მიიწევენ სოფელ ოჩერეტინესკენ.

უკრაინა განსაკუთრებით სჭირდება საარტილერიო ჭურვები, თუმცა მიაღწევს თუ არა ეს მარაგი ბრძოლის ველს საკმარისად სწრაფად, რათა შეაჩეროს რუსეთის წინსვლა, გაურკვეველია.

სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ემზადება ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და რომ ის განაგრძობს თავდასხმებს უახლოეს კვირებში.