როგორ იღებდნენ „მაგდანას ლურჯას“

როგორ იღებდნენ „მაგდანას ლურჯას“

ქვემოთ ვათავსებთ სსრ კავშირის სახალხო არტისტის აკ. ვასაძის, მსახიობ დ. წეროძისა და მსახიობ კ, საკანდელიძის მოგონებებს, თუ როგორ მუშაობდნენ ახალგაზრდა რეჟისორები თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე მსახიობებთან კინოსურათ „მაგდანას ლურჯას“ გადაღების დროს.

აკაკი ვასაძე (მამასახლისი):

- დიდი ხანია მას შემდეგ, რაც კინოში როლის შესრულების პროცესში ასეთი შემოქმედებითი კმაყოფილება არ მიგრძვნია. ყოველი კადრი, ეპიზოდი, სადაც კი მე ვმონაწილეობდი, სწორად და ზუსტად განმარტეს რეჟისორებმა. ისინი ყოველთვის ნათლად, კონკრეტულად სახავდნენ ამოცანას. ეს კი მოგეხსენებათ, მსახიობისათვის აუცილებელი რამ არის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მიზანსცენას დაგვიწუნებდნენ, დაწუნებას ისევე ნათლად და კონკრეტულად გვისაბუთებდნენ, როგორც მოწონებას. შემოქმედებითად დაუმტკიცო მსახიობს მის მიერ შესრულებული სცენის ავკარგიანობა, ეს უკვე თავისთავად რეჟისორული ოსტატობის მაჩვენებელია. ჩემის აზრით, კინოხელოვნებას ორგანული კავშირი აქვს თეატრალურთან. კინორეჟისორი ისევე კარგად უნდა ფლობდეს მსახიობთან მუშაობის ხერხებს, როგორც თეატრალური რეჟისორი.

დუდუხანა წეროძე (მაგდანა):

- თ. აბულაძემ და რ. ჩხეიძემ ჩემთან მუშაობა ჯერ კიდევ სასინჯი გადაღების დროს დაიწყეს. რეჟისორების თეორიულ მომზადებაში იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, თუ ისინი ასე კარგად, ღრმად იცნობდნენ ცხოვრებას, მით უმეტეს, წარსულსა და შორეულს. თუ მათ ფხიზელ თვალს არ გამოეპარებოდა მცირეოდენი დეტალი, რომელიც ოდნავ მაინც გააყალბებდა სინამდვილეს.

დაიწყო რეპეტიციები, გადაღება. შეიქმნა ნამდვილი შემოქმედებითი ატმოსფერო. რეპეტიციებიც, გადაღების პროცესიც, თავისუფალი დროც - ეს იყო ინტენსიური შემოქმედებითი კამათი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო როლის ყოველი მონაკვეთი, მიზანსცენა, ყოველი ფრაზა. ეს კამათი არკვევდა, წმენდდა, ხვეწდა, აკრისტალებდა ჩემი მაგდანას სახეს. ამ კამათში ყოველთვის იგრძნობოდა გულისხმიერი ურთიერთდამოკიდებულება რეჟისორებს და მსახიობებს შორის. რაც მეტი იყო ასეთი შემოქმედებითი კამათი, მით უფრო რეალური ხდებოდა მაგდანა, უფრო ღრმად ვგრძნობდი სახეს, მის ხასიათს. დიდი დახმარება გამიწიეს რეჟისორებმა, რომ ჩემი თამაში ყველა ეპიზოდში ყოფილიყო თანაბარი, რომ მცირე ეპიზოდებიდან ამომერჩია საუკეთესო აქტიორული ვარიანტები, ემოციურად დამეკავშირებინა ისინი ურთიერთისათვის და შემექმნა დატანჯული, უბედური ქართველი დედის ნამდვილი სახე. ეს როლი უმაღლესი მიღწევაა მთელ ჩემს შემოქმედებაში.

კარლო საკანდელიძე (ვანუა):

- ვანუა ჩემი პირველი როლია კინოში. როცა გავიცანი, მეგონა, რომ იგი უმნიშვნელო იქნებოდა სურათში. დავიწყე რეპეტიციები. შემდეგ პირველად დავდექი გადამღებ აპარატთან. მეტად ვღელავდი, მაგრამ მალე დავმშვიდდი, რადგან რეჟისორებმა შემაგრძნობინეს ჩემი როლის არსი, განმასახიერებინეს იგი კონკრეტულად. მეტად შემიწყო ხელი როლიდან გამომდინარე ბევრმა დეტალმა, აგრეთვე ფიზიკურმა მოქმედებამ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე პარტნიორებთან ჩემი დამოკიდებულების ზუსტად განსაზღვრას. ყოველივე ეს შემაძლებინეს რეჟისორებმა ისე, რომ არასოდეს მიგრძვნია მათი ბრძანებითი კილო, კილო, რომელიც დიდად ბოჭავს მსახიობს. ჩვენ ვმუშაობდით შემოქმედებითს ატმოსფეროში, რომელიც დამყარდა სურათის დადგმის დაწყებისთანავე. მათთან ჩემი მუშაობა მომავალში სასიხარულო იქნება.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას