(იბეჭდება შემოკლებით)
როცა ატლანტის ოლიმპიადაზე დავით ხახალეიშვილი აუწონავი დაურჩა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას და მძიმეწონოსან ძიუდოისტთა ტურნირის მთავარი ფავორიტი ხახამშრალი დატოვეს, გეხსომებათ, ერთი ამბავი ატყდა. ზოგმა ეს ფაქტი ისე გაიგო, თითქოს ხახალეიშვილს ოლიმპიური ოქროს მედალი ჯიბიდან ამოაცალეს. კი, ბატონო, იგი დიდი სპორტსმენია, ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ატლანტაშიც უდავოდ ითვლებოდა ოქროს უპირველეს მაძიებლად, მაგრამ, კაცმა არ იცის, დათო რომ აეწონათ, მოიგებდა კი იგი საერთოდ მედალს, ოქროზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. სპორტში ხომ პროგნოზები უსარგებლო და უხეირო რამეა - მოცლილი და სულსწრაფი ქომაგების გასართობად მოგონილი. ისიც გავიხსენოთ, დათო რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მინიმუმ 5 შეხვედრა მაინც უნდა მოეგო მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტებისთვის. ამ ამბის გამო მავანნი მსუბუქად დაისაჯნენ.
რატომღაც, ცოტამ თუ იცის, რომ ხახალეიშვილზე ნაღდი მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ კობა გულიაშვილმა დაკარგა. ეს ამბავი ვიღაცამ თუ ვიღაცეებმა ჩვენებურად ქართულად მიჩქმალეს და მიაჩუმათეს, ხალხს დაუმალეს, მაგრამ ჭირისა არ იყოს, თავად საქმემ თავი არ დამალა და მოჭიდავეთა ვიწრო წრეში დღესაც ჩურჩულებენ ამაზე.
ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, ოღონდ ისე, რომ კაცი ვერ გაიგებდა, რა მოხდა, ვინ იყო იმ საქმეში დამნაშავე და, ბოლოს და ბოლოს, სინამდვილეში რა დაკარგეს ოლიმპიურ მედლებს დანატრებულმა სპორტის ქართველმა ქომაგებმა. სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა.
კობა გულიაშვილმა ატლანტაში, ბევრს რომ არ ეგონა, ისე წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა. თითქმის ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ სერგეი მარტინოვს.
ნახევარფინალში კობა პოლონელ ლადისლავ ზავადსკის შეხვდა. თავიდან პოლონელმა იყოჩაღა და დაწინაურდა - 3:1. შეხვედრის მიწურულს კი ჩვენმა იმარჯვა, სამქულიანზე დაატრიალა ზავადსკი, მაგრამ რუმინელმა მსაჯმა რატომღაც არ შეაფასა ეს ილეთი. შეხვედრაც დამთავრდა და მსაჯებმა პოლონელს გაამარჯვებინეს. ჭიდაობის ქომაგებმა სტვენითა და ლანძღვა-გინებით გააპროტესტეს მსაჯთა გადაწყვეტილება. არც მოჭიდავეთა ტურნირის ოლიმპიურ ზედამხედველთ დარჩენიათ შეუმჩნეველი, რუმინელმა მსაჯმა გულიაშვილს სამი ქულა რომ დაუკარგა.
საღამოს საპროტესტო კომისიის სხდომაზე ოლიმპიური იდეების სიწმინდის დამცველებმა მსაჯს დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე მსაჯობის ლიცენზიაც ჩამოართვეს. ლადისლავ ზავადსკის კი კობა გულიაშვილთან შეხვედრაში წაგება ჩაუთვალეს, მაგრამ... ფინალში მაინც ზავადსკი გავიდა.
ეს კი იმიტომ მოხდა, რომ საპროტესტო კომისიის თავკაცებმა, როცა საქართველოს დელეგაციის საპროტესტო წერილი მოიკითხეს რუმინელი მსაჯის არაობიექტურობის შესახებ, იგი კომისიის არც ერთი წევრის საქაღალდეში არ აღმოჩნდა. კომისიის წევრებიც ადგნენ და ფინალისკენ გზა ლადისლავ ზავადსკის დაულოცეს. ეს იმ დროს, როცა კობა გულიაშვილს შეეძლო, სულ ცოტა, ვერცხლის მედალი მაინც ჩამოეტანა შინ.
კომისიის ერთ წევრს ისიც უთქვამს: ქართველები, ეტყობა, ოლიმპიურ იდეებს მართლა აღმერთებენ, რადგან მათთვის მთავარი ოლიმპიადაში მონაწილეობაა და არა გამარჯვება. არ უნდა ამ ხალხს ოლიმპიური მედალი და რას ვერჩით, ჯიბეში ძალით ხომ არ ჩავუტენითო.
ერთი ნიჭიერი სპორტსმენის ამ დრამატულ ისტორიას მსოფლიო ხუთგზისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ რიაზანცევის სიტყვებით დავამთავრებ: ქართველებს 500 დოლარი და ქაღალდის ნაგლეჯი რომ გაემეტებინათ, კობა გულიაშვილი მედლით დაბრუნდებოდა სამშობლოშიო. დიახ, ატლანტაში, იმ საღამოს, როცა გულიაშვილს ზავადსკისთან წააგებინეს, ვიღაცას დაეზარა ჯიბეში ხელის ჩაყოფა და 500 დოლარის გადახდა, რის საფასურადაც საპროტესტო კომისია ქართველთა საჩივარს განიხილავდა. შესაძლოა, სიძუნწე აქ არაფერ შუაშია და, ხახალეიშვილისა არ იყოს, ჩვეულებრივ დაუდევრობასთან და გამოუცდელობასთან გვქონდეს საქმე.
ერთი რამ ფაქტია - მავანთა სიძუნწისა თუ დაუდევრობის წყალობით კობა გულიაშვილი უმედლოდ დარჩა.