კახა ბენდუქიძე ჟურნალისტობას აპირებს

კახა ბენდუქიძე ჟურნალისტობას აპირებს

„პირველი არხის“ ხელმძღვანელთა თქმით, მოლაპარაკებები ჯერ გრძელდება, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ბენდუქიძე, ეს მათთვისაც გაურკვეველია.

"პირველი არხი" კახა ბენუქიძისგან თანამშრომლობის შესახებ შეთავაზებაზე პასუხს ამ დრომდე ელის. როგორც "პირველი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, მან ექსმინისტრს თანამშრომლობა მართლაც შესთავაზა, თუმცა პასუხი ჯერაც არ მიუღია.

"კახა ბენდუქიძეს ერთ-ერთი გადაცემის წაყვანა ნამდვილად შევთავაზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და პასუხს ამ დრომდე ველოდები. საუბარია თოქ-შოუს ტიპის გადაცემაზე, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბენდუქიძეს მსგავსი შეთავაზება ტელეკომპანია „იმედიდანაც" აქვს მიღებული", - განაცხადა ჭანტურიამ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ "პირველ არხზე" ერთ-ერთ გადაცემის წაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამას მყისვე მოჰყვა ცნობა, რომ ბენდუქიძემ ანალოგიური შეთავაზება "ტელეიმედიდან" მიიღო, თუმცა როგორც "იმედის" ახალი გენდირექტორი ოთარ ბაბუნაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და ექსჩინოვნიკისგან ჯერ საბოლოო პასუხი არ მიუღიათ.

"არ გამოვრიცხავ, რომ გადაცემა, რომელზეც კახა ბენდუქიძესთან მიდის მოლაპარაკებები, არა მხოლოდ ეკონომიკურ თემებს, არამედ სხვა საკითხებსაც შეეხოს. დეტალებზე ჯერ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან საბოლოოდ არაფერი გადაგვიწყვეტია, სამუშაო პროცესში ვართ და უახლოეს მომავალში მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუკი, რა თქმა უნდა, ბატონი ბენდუქიძე დაგვთანხმდება.

რაც შეეხება სხვა არხებთან მოლაპარაკებებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ეს ვიცი და სხვები რა გზას ადგანან, ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენთვის მთავარია ისეთ პირობებზე შევთანხმდეთ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" "იმედის" გენდირექტორმა ოთარ ბაბუნაძემ.

საინტერესოა, რატომ გააჩაღა ასეთი ბრძოლა ბენდუქიძისთვის ორმა ტელევიზიამ, რომელსაც ჟურნალისტები გულზე არასდროს ეხატებოდა.

"რეზონანსი" "ტელეწამყვან" კახა ბენდუქიძესაც დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაეგო, თუ რას აპირებს და რომელ არხზე შეაჩერებს არჩევანს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსმინისტრი, რომელიც სულ მალე ჟურნალისტობას აპირებს, მომავალი კოლეგების მიმართ მწყრალადაა განწყობილი და ბოიკოტს უცხადებს მათ. "რეზონანსის" მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას აპირებს და რომელ არხთან ითანამშრომლებს, ბენდუქიძემ ასეთი პასუხი გაგვცა:

"არ მინდა თქვენს გაზეთთან საუბარი, რადგან სისულელებს წერთ. მართალია, პირადად თქვენ არ დაგიწერიათ ჩემზე და არაფერს გერჩით, მაგრამ მაინც მაგ გაზეთში მუშაობთ, ეგ კი ცუდი გაზეთია. ამიტომ არ მინდა თქვენთვის კომენატრის მოცემა", - განუცხადა "რეზონანსს" კახა ბენდუქიძემ, რომელსაც პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან არცთუ კარგი ურთიერთობა აკავშირებს ჟურნალისტებთან.