თაყას ამბავი, აი, იმ ძველთაძველი თაყასი, მამაპაპეულ მამულს მრუდედ რომ ჰყოფდა, ანდაზადა გვაქვს ქართველებს. ყველას გაგიგონიათ: „აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო...“
აღარავის ახსოვს, სინამდვილეში რაში მდგომარეობდა ანდა რა იყო თაყას სიმრუდის მიზეზი – ცრუანგარიშიანობა, უვიცობა, ეგებ დაუდევრობა და უნებლიე შეცდომა, ანდაც, ფუი ეშმაკს და ვინ იცის, იქნებ ვირეშმაკული თაღლითობაც...
ძველი და ჩვენი დროის თაყა
რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ეს ანდაზის დედააზრს ოდნავადაც არა ცვლის: მამულის გაყოფა მეტისმეტად საფრთხილო საქმეა და რამდენადაც შესაძლებელია, ყოველმხრივ უნდა ერიდო. თუ მაინცა და მაინც იჩემებ, უტიფრად არ უნდა დაიჩემო. გასაყრელად ძალა არავის უნდა დაატანო, თუ მაიცადამაინც გაყრა ვინმესა სურს, ჯერ უნდა აცადო – დაე, გაყრის მსურველნი თავადვე მორიგდნენ. სხვასაც უნდა ათხოვო ყური, ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და გაყოფის თვითნებური წესი სხვას თავს არ უნდა მოახვიო, თორემ აუცილებლად შეცდები! ხოლო მამულის გაყოფისას ცალმხრივად ერთი მისხალითაც თუ შეცდი, არ გეპატიება, საშვილიშვილოდ მოგკითხავენ და დასაცინად გაიხდი სახელს...
ჩვენს ბედუკუღმართ დროშიც გამოჩნდა თაყა, თანაც არაერთი. ჩვენი დროის თაყანი ანდაზის თაყასგან არსებითად იმით განსხვავდებიან, რომ დაუკითხავად სრულიად საქართველოს გაყოფას იჩემებენ. თუ ადრე „თაყაობა“ უფრო კერძო სიმრუდის პრობლემა იყო, დღეს სისტემური სიმრუდის სამამულო პრობლემად გვექცა.
ეს სისტემური სიმრუდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობას უკავშირდება. დემოკრატიული წეს–წყობილება როგორც სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ძალაუფლების დანაწილებას ნიშნავს. ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლების გამგებლობაში გადაცემას გულისხმობს. ჩვენი დროის თაყანი თვითმმართველობას მხოლოდ სიტყვით, მოსაჩვენებლად აღიარებენ, საქმით კი გაუგონარ სიმრუდეს სჩადიან: ძალაუფლების ნაცვლად ტერიტორიას ჰყოფენ და ანაწილებენ.
მმართველობის სისტემის კი არა, საქართველოს დეცენტრალიზაცია, ყოველთა ქართველთა – წინაპრების, თანამედროვეთა და მომავალთა მამულის თავიანთ ჭკუაზე, ერის დაუკითხავად დანაწევრება განუზრახავთ.
ის ძველი თაყა, კიდევ ჯანდაბას, უტიფრად კერძოსას ჰყოფდა, ეს ჩვენი დროის თაყანი კი, მოდი და გული ნუ გაგისკდება, მრუდედ საქვეყნოსას ჰყოფენ. ქართველთა მამულის დასანაწევრებლად აღუმართავთ ხელი!
როგორ სურთ მამულის მრუდედ დაყოფა და თავის ნებაზე სამართავად ხელში ჩაგდება
ტერიტორიის დანაწევრება ძალაუფლებისა და რესურსების განაწილების სანაცვლოდ – სწორედ ეს შინაარსი აქვს ჩვენი დროის თაყათა მიერ მომზადებულ ე.წ. „დეცენტრალიზაციის სტრატეგიასაც“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტსაც.
ამ პროექტით ქვეყანა ე.წ. „მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებებად“, ხოლო თავად მუნიციპალიტეტები კი ქალაქებად და ე.წ. სასოფლო თემებად იშლება. ასეთი დაშლის ნამდვილი მიზანი კი არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ, ცენტრალიზებული ადგილობრივი მმართველობის ახლებურად მოწყობაა. სინამდვილეში თაყანი საგუბერნატორო და საგამგებლო ტერიტორიებს ერთმანეთში ამჟამად უკვე „მრავალპარტიულ–კოალიციურად“ ინაწილებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობა იმგვარად იცვლება, რომ:
– არსებულ თვითმმართველ ერთეულებს ტერიტორიულად აქუცმაცებს და უკიდურესად ასუსტებს;
– დაშლილ და დასაშლელად გამზადებულ მუნიციპალიტეტებს ე.წ. რეგიონულ გაერთიანებაში – „საგუბერნატოროში“ მათი ნების გარეშე, დაუკითხავად შეყრის და შერეკავს;
– გადიდკაცებულ თაყათა მდგომარეობას კი განამტკიცებს, რადგან მათ ხელში თავს იყრის ტერიტორიების, რესურსებისა და უფლებების განაწილებაც, საგუბერნატოროების დადგენაცა და გუბერნატორების დანიშვნაც. ასევე, მათ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით, როცა მმართველი კოალიცია ადგილობრივი პატრონების – მერებისა და გამგებლების კანდიდატურებს შეარჩევს. ადგილობრივი ხელისუფლების მთელი სისტემის სრულ დაპატრონებას ლამობენ თაყანი.
მათი ადგილობრივი მმართველობა ოთხდონიანია:
უმაღლეს, პრემიერ–მინისტრის ოფისის დონეზე სისტემის მთავარმმართებლობაა, სადაც თავის „ღირსეულ ადგილს“ რომელიმე მთავარი თაყა, თუნდაც მრჩეველი მელაშვილი დაიკავებს;
შემდგომი დონე – სამინისტროა; უკვე საკანონმდებლო საფუძვლების შექმნით ხდება უზრუნველყოფა, რომ ნარმანიას სამინისტრო ფაქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკურ სამმართველოდ იქცეს: ამ „თვითმმართველობის სამინისტროს“ ხელში თავს იყრის სისტემის მონიტორინგის, ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის, თვითმმართველობის კომუნიკაციების მართვის ფუნქციები. ხოლო საგუბერნატოროებსა და დაშლილ თუ დასაშლელად გამზადებულ მუნიციპალიტეტებზე რესურსების განაწილების წამყვან ფუნქციას კი სამინისტრო პრემიერ–მინისტრის რეგიონული პოლიტიკის ოფისთან ერთად შეითავსებს;
მესამე დონე – გუბერნატორია. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ხდება რეგიონისა და მისი ერთპიროვნული მმართველის – გუბერნატორის ე.წ. კოდექსით დაკანონება. გუბერნატორს მთავრობა ნიშნავს. კანონპროექტში ეს არ წერია, მაგრამ ისედაც ცხადია – მთავარ თაყათა წარდგინებით. გუბერნატორსა და თვითმმართველობას შორის გამგებლობის სფეროები და კომპეტენციები სამართლებრივად არ იმიჯნება. პროექტის მიხედვით მაგ: თვითმმართველობის უფლებამოსილებაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, გუბერნატორისა კი – რეგიონის გამგებლობაში გადაცემულ გზას მიხედოს. ცხადია, გადაწყვეტილებას, რომელია ადგილობრივი და რომელი „რეგიონის“ გზა, მთავრობაში მოკალათებული ჩვენი დროის თაყანი მიიღებენ. თაყანი გადაწყვეტენ იმასაც, როგორი იქნება „რეგიონის“ ტერიტორია. ისიც კი შესაძლებელი ხდება, რომ მუნიციპალიტეტი ჯერ გააუქმონ, დაშალონ წვრილ ერთეულებად, მერე კი საგუბერნატორო ტერიტორიად შეკრან, რითაც მუნიციპალური თვითმმართველობის ნაცვლად შევარდნაძის რაიონის სრულ ანალოგიას მივიღებთ.
ამ ვერტიკალის მხოლოდ უკანასკნელ, მეოთხე საფეხურზეა დაშლილ–დაქუცმაცებული ვითომ თვითმმართველობა, რომელსაც ერთპიროვნულად, გუბერნატორებისა და სამინისტროს მეთვალყურეობით განაგებენ მმართველი კოალიციის სატრაპნი – მერები და გამგებლები.
ხოლო ხალხის ადგილი კი იმთავითვე გარკვეულია – ეს სამწყემს–მისაჯირყვნი მასაა, რომელიც ახალი ტერიტორიული გადანაწილების მიხედვით ხელოვნურად არის შერეკილი დაშლილი მუნიციპალიტეტისგან მიღებულ ახალ სამართავ ერთეულებში, ისე, როგორც ამას თაყანი ინებებენ: მაგ. იყალთოელები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტში იყვნენ, ამიერიდან ყარაჯალელები გახდებიან.
აი, ეს არის ე.წ. კოდექსის ძირითადი შინაარსი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი დემოკრატიულად შესაფუთი კამუფლაჟია, რომელიც ჩვენი დროის თაყათა სრულუფლებიანი გამგებლობის შენიღბვას ემსახურება. სისტემის ასეთ იერარქიულ კონფიგურაციას არ ცვლის არც უუფლებო საკრებულო, რომელსაც ერთპიროვნული მმართველ–პატრონის – მერისა თუ გამგებლის მმართველობით გადაწყვეტილებებზე გავლენა მხოლოდ ნომინალურად აქვს, არც რეგიონში ჩამოყალიბებული ე.წ. რეგიონული საბჭო, რომელიც შევარდნაძის დროინდელი რაიონის ასოცირებული საკრებულოს რეგიონული ანალოგიაა და არც პირდაპირ არჩეული მერები თუ გამგებლები, რომლებიც თუნდაც იმიტომ,რომ თაყანი შეგვირჩევენ, განწირულნი არიან „ძლიერთა ამა სოფლისათა“ იერარქიულ სისტემას და არა ხალხს ემსახურონ.
თვითნებობა „დეცენტრალიზაციის“ სახელით
ზღვარი, რომელიც არსებობს დემოკრატიულ, სახალხო მმართველობასა და მთავრობის თვითნებობას შორის თავდაპირველად მაშინ შეილახა, როცა მთავრობამ ე.წ. დეცენტრალიზაციის სტრატეგია მოიწონა და გამოაქვეყნა.
ამ „სტრატეგიაში“ იმთავითვე აშკარა იყო, რომ მთავრობა, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ე.ი. ადგილობრივი ხელისუფლების ხალხისათვის დაბრუნების და ამ მიზნით არსებული თვითმმართველობებისათვის აუცილებელი უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემის სანაცვლოდ საკუთარ ნება–სურვილზე, კონსტიტუციისა და ხალხისგან დაუკითხავად ქვეყნის ტერიტორიულ ჭრა–კერვას აპირებდა.
მთავრობის ასეთი პოლიტიკური განაცხადი იმთავითვე საშიში და კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ზღვარს გადასული თვითნებობა იყო. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამის სამთავრობო დოკუმენტში მოხსენიებული „რეგიონული თვითმმართველობა“ ანუ ქვეყნის რეგიონებად დანაწევრების განზრახვა მოქმედი კონსტიტუციით მკაფიოდ და ნათლად არის აკრძალული (იხ. კონსტიტუციის მე–2 მუხლის მე–3 პუნქტი). ისევე, როგორც კონსტიტუციითვე აკრძალულია ამ ე.წ. სტრატეგიის მეორე მთავარი მიზანი – მუნიციპალიტეტების „ტერიტორიული ოპტიმიზაცია“ თავად ამ მუნიციპალიტეტებისა და იქ მცხოვრები ხალხის დაუკითხავად განხორციელდეს (იხ. კონსტიტუციის 101–ე პრიმა მუხლი).
ნამდვილად ცინიკურად გამოიყურება ჩვენი დროის თაყათა მთავარი არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების დანაწევრება თურმე იმიტომაა საჭირო, რომ ხალხის მონაწილეობა და ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში უფრო მცირე ტერიტორიაზე და მცირერიცხოვან თემში მეტი იქნება. ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ გაუთვლელი და მცდარია, ცინიკურია სწორედ იმიტომ, რომ თავად კანონმდებელი თაყანი არად დაგიდევენ ხალხის აზრსა და მონაწილეობას, რისთვისაც თითქოს თავი გამოუდიათ. ჩირადაც რომ უღირდეთ ხალხის მონაწილეობა და აზრი, პირველ ყოვლისა, ამ აზრს ჯერ თავიანთი ე.წ. სტრატეგიისა და ე.წ.კოდექსის პროექტის წერისას იკითხავდნენ. რაც მთავარია, სათანადოდ პატივს სცემდნენ და დაიცავდნენ კონსტიტუციის მოთხოვნას. კონსტიტუციის 101–ე პრიმა მუხლი ხომ პირდაპირ ამბობს, რომ „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები.“
როდის ჩაატარეს კონსულტაციები, რომ მაგ. კასპის მუნიციპალიტეტი გასაუქმებელია? ვის და როდის დაეკითხნენ ან რა ანგარიშით გაგვირკვიეს, რომ 15 000 ქალაქები მუნიციპალიტეტებიდან ცალკე უნდა გავიდნენ?! ხოლო თუ ქალაქი ცალკე თვითმმართველობა უნდა იყოს, მაშ რა დააშავა უფრო მცირე ქალაქმა? ვინ და რით აგვიხსნის, რატომ უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი წყალტუბო, ხოლო მაგ. ბორჯომი კი არა? ან საცოდავმა სოფელმა რაღა დააშავა, თუკი ქალაქს უნდა ცალკე თვითმმართველობა, სოფელი, რა, გერი ხომ არ არის, სხვა უპატრონოდ დატოვებულ სოფლებთან ერთად ხელოვნურად შეკოწიწებულ ვითომ „სასოფლო თემში“, სინამდვილეში კი რეზერვაციაში რომ ერეკებიან? რახან პატარაა, მხოლოდ ამიტომ უნდა დაიჩაგროს? განა ტანით პატარა კაცი კაცი აღარ არის?! ასეთ და უამრავ სხვა მწარე შეკითხვებზე ჩვენი დროის თაყანი თავად ხომ არ გვცემენ პასუხს და არც სხვისი აზრი არაფრად უღირთ.
...თავის დროზე, მინისტრმა ნარმანიამ ამ „სტრატეგიული“ დოკუმენტის პრეზენტაციისას განმარტა, რომ პოლიტიკის ეს სამთავრობო განაცხადი ჯერ პროექტის პროექტი იყო, მთავრობის მიერ დროის მოგების მიზნით საჯაროდ განსახილველად გამოტანილი და არა საბოლოოდ, პოლიტიკის განმსაზღვრელ ნორმად, მოწონებული. დაგვპირდა კიდეც, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრა განხილვების, საჯარო დისკუსიების პირობებში წარიმართებოდა და მხოლოდ ხალხთან დიალოგის შედეგად გახდებოდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს განმარტება ფარისევლური ცრუ მანევრი აღმოჩნდა, რაც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ სავსებით ნათლად დაადასტურა.
დეცენტრალიზაციის სამთავრობო ე.წ. სტრატეგიას იმთავითვე გამოუჩნდნენ ოპონენტები: პირველ ყოვლისა – ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელსაც კანონის საფუძველზე შეუძლია მთავრობის წინაშე თვითმმართველობის ინტერესების წარდგენა და დაცვა. ასევე, საქმეში ჩახედული მთელი რიგი ექსპერტების აზრი კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესების საზიანო „სტრატეგიის“ მიმართ იმთავითვე მკაფიო და ცალსახად ნეგატიური გახლდათ. ოპონენტთა შორის მეც ვიყავი და ჩემი ვრცელი გამოხმაურებები რამდენიმე ბლოგად for.ge–ზეც გამოქვეყნდა. (იხ:http://www.for.ge/view.php?for_id=21489&bloger_id=6&cat=12; http://www.for.ge/view.php?for_id=22251&bloger_id=6&cat=12; http://www.for.ge/view.php?for_id=22324&bloger_id=6&cat=12 http://www.for.ge/view.php?for_id=26882&bloger_id=6&cat=12)
სამთავრობო ე.წ. სტრატეგიას, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, აღტაცებით არ შეხვედრია არც საერთაშორისო საზოგადოება, პირველ რიგში კი ევროპის საბჭო. ევროსაბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატი ამ „სტრატეგიის“ შეფასებისას პირდაპირ ამბობს: „შეიძლება არსებობდეს საფრთხე, რომ აღნიშნული წარმოშობს ორ ალტრნატივას: მისი მიღწევა შეუძლებელია მსგავსი მცირე ინტერვალებით ან კანონების მიღება მოხდება დაჩქარებული წესით, არასაკმარისი კონსულტაციებით, პოლიტიკური დებატებით, კვლევებითა და შეფასებით.“
სამწუხაროდ, ამ შეფასებაში ხაზგასმული საფრთხე მწარე რეალობად გვექცა და ე.წ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პოლიტიკური განაცხადის რეალიზაცია ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტების ხელყოფით განხორციელდა.
ჩვენი დროის მთავარი თაყანი: მრჩეველი მელაშვილი, მინისტრი ნარმანია და მოადგილე შერგელაშვილი გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან, მათ თავები ვითომ ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობის „დამფუძნებელ მამებად“ წარმოიდგინეს, თვალსა და ხელს შუა გაგვიდიდკაცდნენ და ჩვეულებრივ მოკვდავთა შეხედულებებს მათთვის ყოველგვარი აზრი და მნიშვნელობა დაეკარგა. სწორედ აქ გადალახეს მათ საბედისწერო ზღვარი, რაც დემოკრატიულ პროცესებსა და დემოკრატიულ მმართველობას მთავრობის თვითნებობისაგან ჰყოფს.
საკუთარი თვითნებობის შესანიღბად „დამფუძნებელმა მამებმა“ სამინისტროსთან მათთანვე დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან დაკომპლექტებული ე.წ. საკონსულტაციო საბჭო შექმნეს, სადაც საჯარო დისკუსიის მხოლოდ იმიტაცია მოხდა. პროცესისგან კი სრულიად იზოლირებულნი აღმოჩნდნენ ოპონენტები, მათ შორის უმთავრესი ინსტიტუციური მოთამაშეც – ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია. ამ შემთხვევაშიც დაირღვა კანონი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ასოციაციის მონაწილეობის გარანტიებს იცავს.
სწორედ ასეთ პირობებში, ე.ი. არამც თუ არა საკმარისი (რის საშიშროებაზეც იმთავითვე მიუთითებდა და გვაფრთხილებდა ევროპის საბჭო), არამედ საერთოდაც ყოველგვარი „კონსულტაციების, პოლიტიკური დებატების, კვლევებისა და შეფასებების“ გარეშე მომზადდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მეტად საშიში და უაღრესად არაკვალიფიციურად მომზადებული პროექტი.
ეს პროექტი არც საპარლამენტო, მით უმეტეს არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების თუნდაც ელემენტარული ჩართულობითა და მონაწილეობით არ მომზადებულა. ის თავიდან ბოლომდე ჩვენი დროის თაყათა, რომელთაც თავი ადგილობრივი დემოკრატიის დამფუძნებელ მამებად წარმოუდგენიათ, „შემოქმედების“ ნაყოფია.
„ევროპული თვითმმართველობის დამფუძნებელმა მამებმა“ თავიანთი პროექტის ჯერ მთავრობის სხდომაზე, ხოლო ამჟამად უკვე პარლამენტში მხარდასაჭერად „დაბოლებისა და მიჯირყვნის“ უკვე კარგად აპრობირებული ხერხი აირჩიეს და თვითონ თვლიან, რომ წარმატებულადაც.
მათი მთავარი ამოცანა თავიანთი პროექტის უალტერნატივობაში პრემიერი ივანიშვილის დარწმუნება გახლდათ. სამწუხაროდ, მათ ეს შეძლეს, რადგან მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელების მოკავშირეობა ივანიშვილთან ალტერნატიული მოსაზრებების მქონე ოპონენტების ყოველგვარ კომუნიკაციას იმთავითვე გამორიცხავდა. ბუნებრივია, პრემიერზე ზეგავლენა და მისი დარწმუნება პროექტის უმცდარობასა და განუმეორებლობაში მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის რამდენიმე წევრი, რბილად რომ ვთქვათ, ამ პროექტს მხარს არ უჭერდა.
ჩვენდა სავალალოდ, ქვეყნის მმართველობის სისტემის რეფორმირების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დემოკრატიული პროცესის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი პრემიერ ივანიშვილითან პროექტის ინიციატორთა ვიწრო დიალოგით ამოიწურა. ხოლო ის ოპონენტები, რომლებიც დიალოგს და გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო დისკუსიებს დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ, დახურულ კარს მიღმა აღმოვჩნდით. მთავრობის დონეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჯერი პარლამენტზეა და ვიმედოვნებთ, რომ იქ მაინც არ ჩაგვირაზავენ კარს.
დისკუსია, ანუ მიჯირყვნა თაყასებურად
პარლამენტში პროექტის წარდგენის შემდგომ ჩვენი დროის თაყათა კამპანია ზღვარს საბოლოოდ გადავიდა, როცა მათ ოპონენტების თამაშიდან გასაძევებლად „მიჯირყვნის“, ე.ი. დიდკაცური ჭკუის სწავლებისა და თითის ქნევის გულისამრევ მცდელობას მიმართეს. ასეთი მცდელობის მართლაც სამარცხვინო ნიმუში იყო მინისტრ ნარმანიას მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისათვის დამამცირებელი პოლიტიკური იარლიყის მიწებება და ნაციონალური მოძრაობის დანამატად საჯაროდ არაერთგზის მოხსენიება. სამარცხვინო იყო თუნდაც იმიტომაც, რომ სანამ ის მინისტრი გახდებოდა, წლების განმავლობაში სწორედ ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ირჩენდა თავს.
უფრო მეტად სამარცხვინო იყო მრჩეველი მელაშვილისა და მინისტრ ნარმანიას საქციელი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ „ქორთიარდ მარიოტში“ მოწყობილ „მრგვალ მაგიდაზე“. აქაც ასოციაციის თაოსნობით მთავრობასთან დიალოგის წარმოების და ჯანსაღი დისკუსიის მცდელობა „დამფუძნებელ მამათა“ მიერ „მიჯირყვნის“ უბადრუკი ხერხის გამოყენების გამო კვლავაც უშედეგოდ დასრულდა.
მინისტრმა ნარმანიამ მისასალმებელ სიტყვაში, რითიც ორგანიზატორების სცენარით დიალოგი უნდა გახსნილიყო, ჯერ გვაყვედრა, რომ თავი დაიმცირა, გვიკადრა და შეხვედრაზე მობრძანდა; მერე პრეტენზია გამოთქვა, დღის წესრიგი და მოწვეულ პირთა სია წინასწარ რატომ არ შემითანხმეთო; ბოლოს კი პირადად მე დამდო განსაკუთრებული პატივი და სრულიად უადგილოდ, ჩემი ერთ–ერთი ფელეტონიდან ციტატაც კი წაიკითხა. მამაცხონებულს, თუ ჩემი ციტირება უნდოდა, ფელეტონის გარდა სხვა ვერაფერი იპოვა? დისკუსია თუ ეწადა, თუნდაც ზემოთ მოყვანილი ბლოგებიდან პასუხის გასაცემი მასალის მეტი რა იყო?! მაგრამ ეს ფელეტონი სამაგალითოდ სჭირდებოდა, რათა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა ოპონენტისათვის ჭკუა ესწავლებინა – აქაოდა, ხედავთ, რასა ბედავენ და რას ჯღაბნიან ჩვენზე, „დამფუძნებელ მამებზე“, ევროპული თვითმმართველობის მოწინააღმდეგე და სააკაშვილის მსახური ვაი–ექსპერტებიო!
ასეთმა დასაწყისმა მართლაც მოახდინა შთაბეჭდილება, პუბლიკა და დამსწრე მედიაც კარგად გაართო, დაავიწყა კიდეც, რომ იქ დიალოგისათვის და არა „ვინმე ზარდიაშვილის“ ფელეტონების გასარჩევად იყო შეკრებილი. ნარმანიას გამოხდომამ მრჩეველი მელაშვილიც ხასიათზე მოიყვანა, რომ მასაც ჩემსკენ გამოეშვირა თითი დასაქნევად; ბოლოს, სანამ მინისტრი ნარმანია „მისასალმებელი“ ანუ სალანძღავი სიტყვის შემდეგ გაოგნებულებს დაუმშვიდობებლად დაგვტოვებდა, ტელევიზიებს მისცა ინტერვიუ, სადაც საბოლოოდ დაასრულა ჩემი და ჩემს მაგალითზე ოპონენტთა „მიჯირყვნის“ სრული ციკლი: ყოვლად უაპელაციოდ და თავხედურად ნაციონალური მოძრაობის და საკაშვილის რეჟიმის მსახურ იმ ვაი–ექსპერტად გამომაცხადა, რომელიც თურმე 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა და ახლაც აგრძელებს სიბინძურეს (?!).
ნარმანიას წასვლის შემდგომ მოადგილე შერგელაშვილმა და მრჩეველმა მელაშვილმა განაგრძეს საუბარი „ჭეშმარიტ თვითმმართველობაზე“, ხოლო ასოციაციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის პრეზენტაციაზე არც ერთი თაყათაგანი აღარ დარჩენილა. თავისი თქვეს, „მისაჯირყვნი მიჯირყვნეს“ და როგორც კეთროვანთ, ისე გაგვეცალნენ.
მათი მთავარი „მესიჯი“ არა მხოლოდ იმ შეკრებაზე, არამედ მთლიანად ამ ვაი–დისკუსიაში მხოლოდ ისაა, რომ „ევროპული თვითმმართველობისა“ თურმე ჩვენ არაფერი გვესმის. ასე რომ არ იყოს, თურმე ცხრა წელიწადი სააკაშვილის სამსახურში არ ვიქნებოდით (?!). სწორედ ესაა მათი ერთადერთი არგუმენტი. არადა, ხომ კარგად იციან, მაგრამ არ უნდათ, რომ იცოდნენ – სააკაშვილის სამსახურში ერთი დღეც, ერთი საათიც არ მიმუშავია, არც მათსავით სააკაშვილის ზურგს ამორებული შევვარდნილვარ პარლამენტში. სააკაშვილის დროს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ექსპერტი ვიყავი და ყოველთვის, ცხადია, დღესაც მზად ვარ პროფესიულად ვაგო პასუხი ყოველ დაწერილ თუ ნათქვამ სიტყვაზე, რაც რეკომენდაციების სახით გინდ შევარდნაძის, გინდ სააკაშვილის და თუ გნებავთ, ივანიშვილის დროინდელი ხელისუფლებისათვის მიმიცია.
*****
არც ასოციაცია, არც ამ საქმის გულშემატკივარი ცალკეული ექსპერტები და იმედია, არც ფართო საზოგადოება, ხელების ჩამოყრას და „მიჯირყნულის“ პოზაში გარინდებას არ ვაპირებთ. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს და დღე–დღეზე დასრულდება ხელმოწერების შეგროვება, რის შედეგადაც ასოციაციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში ხალხის საკანონმდებლო ინიციატივით შევა.
დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ თემაზე ფართო დებატები გაიხსნება და არც ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.
ჩვენი დროის გადიდკაცებული თაყანი კი ისევ საზოგადოებამ უნდა შემოაბრუნოს ხალხისკენ. სანამ საბოლოოდ გასულან თავს არ უნდა დავიზაროთ და თუ საჭიროა მრვალგზისაც შემოვუძახოთ: „აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო!“