რა ღირს არსებობა ღარიბი ქართველი მოხუცისთვის?

რა ღირს არსებობა ღარიბი ქართველი მოხუცისთვის?

ბატონი ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნაა, ასაკით პენსიონერთა პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს. მისი გათვლით, 150 ლარი მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ ადამიანმა იარსებოს.

რა ჯდება ელემენტარული პროდუქტების შეძენა?

როგორც ბაღათურია აცხადებს, ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისის გამო, ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან დამძიმდა, განსაკუთრებით უმწეო მდგომრეობაში კი ასაკოვანი ადამიანები აღმოჩდნენ. ამიტომ, ის საკანონმდებო ორგანოს 2 კანონპროექტს სთავაზობს, რომელსაც "გადარჩენის პროექტები" დაარქვა.

"პირველი პროექტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის მოტივაციად მამაკაცებისთვის 60 წელი, ქალბატონებისთვის კი 55 წელი უნდა განისაზღვროს. მეორე ინიციატივა ასაკით პენსიონერებს ეხებათ, რომელთაც მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმის პროპორციულად უნდა აიღონ", - აცხადებს ბაღათურია.

თუ რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, მან სპეციალური გათვლებიც კი გააკეთა და თვეში 200 ლარი გამოუვიდა. არადა, სტატისტიკის დეპარტამენტისგან პასუხი მიიღო, რომ საარსებო მინიმუმი 123 ლარია:

"სასურსათო კალათაში არ შეგვიტანია ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი, კვერცხი და სხვა. შევიტანეთ მხოლოდ ის მინიმალური პროდუქტები, რაც არსებობისთვის აუცილებელია. აი, როგორია ჩვენი გათვლებით საარსებო მინიმუმის დაანგარიშება: ზეთი, პური, შაქარი, მარილი, მაკარონი, ბრინჯი, სარეცხის ფხვნილი, საპონი - ეს არის ძალიან სამარცხვინო მენიუ, რომლისთვისაც თვეში საჭიროა 106 ლარი. ამას ემატება ელექტროენერგიის მინიმალური გადასახადი - 20 ლარი; 30 ლარი - ბუნებრივი აირი, თვეში 24 ლარი ტრანსპორტისთვის (ამაში შედის დღეში ერთხელ წასვლა და წამოსვლა - 80 თეთრი) და გამოვიდა 185 ლარი. ამას დავუმატეთ ის წამლები, რომელიც ოჯახში ყველაზე ხშირად მოიხმარება - ანალგინი, ვალერიანი წვეთები, ციტრამონი, პარაცეტამოლი, რაუნატინი, ასპირინი და ბისეპტოლი და 15 ლარი გამოვიდა. ჯამში ამ ყველაფრისთვის თვეში საჭიროა 200 ლარი. შესაბამისად, მოვითხოვთ, საარესობო მინიმუმი შეიცვალოს და ასაკით პენსიონერთა პენსია 150 ლარამდე მაინც ავიდეს".

ბაღათურია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, 123-ლარიანი ზღვარი როგორ განისაზღვრა და ეკონომიკის სამინისტროსგან აღნიშნული გათვლების დადასტურებას ითხოვს.

როგორ ვიკვებებით?

იმის გასარკვევად, თუ რა პროდუქტების ყიდვას ახერხებს ე.წ. საშუალო თუ შეუძლებელი ფენა, "რეზონანსმა" "დეზერტირების ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხვა ჩაატარა. პასუხები შერეულია, თუმცა თითქმის ყველა რესპოდენტი წუწუნებს, რომ არჩევანს ვერ აკეთებს და ელემენტარული პროდუქტებით დაკმაყოფილება უწევს.

 

მადონა ლაბაძე: "რა მაინც და მაინც ჩემთან მოხვედით... შეხედეთ ჩანთას, თითქმის ცარიელია. ბაზარში ყოველ კვირა დღეს დავდივარ და თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე პროდუქტს ვყიდულობ. ეს არის: კარტოფილი, კომბოსტო, მაკარონი, შაქარი და ზეთი (საჭიროების მიხედვით), მწვანილები, მჭადის ფქვილი, ხახვი, კვერცხი. აი, ძირითადად, ეს არის, სხვა არ მახსენდება. თვეში ერთხელ შეიძლება ყველიც ვიყიდო, ამისთვისაც მადლობა უფალს.

ხალხი ნაგავში იქექება და მე ამისი საშუალება მაინც მაქვს. ამას ემატება ყოველ დღე 3 პური. საუბარი კი მეუხერხულება, მაგრამ პური ჩემს სახლში ყველაზე მეტად იჭმება. როცა არჩევანი არ გაქვს და უნდა დანაყრდე, რას ვიზამთ.

ხორცის მხრივ ძალიან გვიჭირს, რადგან 1 კილო 8 ლარი ღირს. ეს კი მხოლოდ ერთი სადილისთვისაა საკმარისი. სადილს, ხორცის გარდა, სხვა რაღაცებიც უნდა. ასე რომ, ერთი ხორციანი სადილი მინიმუმ 10 ლარი ჯდება".

ლელა ნაზღაიძე კი ამბობს, რომ თვეში ერთხელ ხორცის ყიდვასაც ახერხებს: "ბაზარში ფასები საკმაოდ მაღალია, თანდათანობით იზრდება. ჩემი ოჯახის ძირითადი მენიუ შემდეგია: თვეში ერთხელ აუცილებლად ხორცი და ყველი. ყოველდღიურ მენიუს რაც შეეხება, სხვადასხვაგვარია. მაგალითად, კვერცხი, სუპი, მჭადი და ყველი, ლობიო - ხან მწვანე, ხან ხმელი, შემწვარი კარტოფილი და რა ვიცი, ჩემი ფანტაზიით რაღაცებს ვიგონებ ხოლმე - გააჩნია, რა პროდუქტები მაქვს სახლში. კვირაში პროდუქტებისთვის, დაახლოებით, 100 ლარი მეხარჯება".

კიდევ ერთი რესპონდენტი, ლეილა სამხარაძე, რომელიც ბაზრიდან შედარებით დატვირთული გამოვიდა, ამბობს, რომ კვირაში პროდუქტებისთვის, დაახლოებით, 150 ლარს ხარჯავს:

"რა გითხრათ, რაც მჭირდება ყველაფერს ვერ ვყიდულობ, მაგრამ მშივრები ნამვილად არ ვართ. ყოველ კვირა ხორციან სადილსაც ვაკეთებ, წვნიანსაც და კვირაში 3-4-ჯერ რძის პროდუქტებსაც მივირთმევთ, მართალია, შემწვარ-ჩახოხბილებითა და ქართული სუფრით ვერ დავიკვეხნი, თუმცა ვერც ვიწუწუნებ. კვირაში ერთხელ რომელიმე სახის ხილსაც კი ვყიდულობ. აი, მაგალითად დღეს ქათამი ვიყიდე, რომლითაც ბულიონსაც გავაკეთებ და სადილსაც".

"რეზონანსი" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ოთარ თოიძეს ესაუბრა. დეპუტატი ბაღათურიას არგუმენტებს არ იზიარებს, რადგან მისი აზრით, მოსახლეობა რომ შიმშილობდეს, ცილოვანი სიკვდილის ზღვარზე უნდა ვიყოთ.

ოთარ თოიძე: "აღნიშნული გათვლებით გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ? გამოდის, რომ ეს ხალხი არ იკვებება? თუ დღეს მოსახლეობა საარსებო მინიმუმს ვერ იღებს, მაშინ ცილოვანი სიკვდილის მიღმა უნდა ვიყოთ და არა ზღვარზე, რადგან ცილოვანი საკვები თქვენ თითქმის არ ჩამოგითვლიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში კვების ნაკლებობით გამოწვეული დაავდებები, პრაქტიკულად, არ არის გავრცელებული. თუ ეს მოსახლეობის იმ ნაწილს ეხება, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, მაშინ კატასტროფულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ.

არ მგონია და ვერავინ დამაჯერებს, რომ ასაკოვანთა დიდი ნაწილი საავადმყოფოებშია და საკვების ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებს მკურნალობს. მსგავსი ფაქტიც კი არ ვიცი ქვეყანაში. რასაკვირველია, თუ თანხებს გავზრდით, მეტი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება დაკმაყოფილდება. ფაქტი ჯიუტია - ჩვენ დღეს არ ვიმყოფებით ცილოვანი სიკვდილის ზღვარზე".

თოიძე ამბობს, რომ სიღარიბის პროგრამა სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ სახელმწიფოს გაჭირვებულებისათვის ხელი გაემართა:

"სიღარიბის ზღვარი სწორედ იმიტომ შემოვიღეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც საშუალება არა აქვს. ასეთი დახმარება პირველად 2005-2006 წლებში შემოვიდა, როცა ღატაკ ოჯახებს ვეხმარებოდით. შემდგომ ეს პროგრამა შეიცვალა, სხვა სისტემები შემოვიდა და ყოველწლიურად წინ მივდივართ.

სოციალური დახმარებები, რომელიც ამ ოჯახებზე გაიცემოდა, წლიდან წლამდე მატულობს და მთელი საქართველო მოიცვა. ასევე გაზრდილია სამედიცინო დახმარების პაკეტები. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის შეცვლას და პენსიის სახით 200 ლარის გაცემას, ეს სოციალური ბიუჯეტის გასამმაგებას ნიშნავს. ეს არ არის თანხა, რომელიც დევს და არიგებ. ამ თანხას შოვნა და მართვა სჭირდება. პროცესი უნდა იყოს თანდათანობითი და ასე უეცრად ცვლილების განხორციელება არ შეიძლება".