ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, მინუს ოპოზიცია.
„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში მათი ინიციატივით „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი.
კომისიის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების ინიცირების საფუძველი არის ის ტენდენციები, რომელიც ხდება მსოფლიოში და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ის, რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება გადმოვიდეს საქართველოში. ამიტომ, მისი თქმით, აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს.
როგორც პაპუაშვილმა კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, თუ ყველაფერი არჩევანზე არის, თუ სქესი არჩევანზეა ან ვინ, რას, როგორც ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ასაკი რატომ არ არის არჩევანზე, მით უმეტეს, რომ თუ მაინც და მაინც, ოპერაციებზე წავიდა საქმე, აქაც არის საშუალებები გაახალგაზრდავების ან პირიქით. მისი თქმით, იმიტომ, რომ არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, რომელზეც დავა შეუძლებელია.
„ვინც თვალ-ყურს ადევნებთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, ხედავთ, რომ დისკუსიაა სქესის ულიმიტო ჩამონათვალი და რომ სქესი არის არჩევანი და არა, გენეტიკური რაღაც მარკერი და ეს მსჯელობა იმ დონემდეც არის მისული, რომ ფაქტობრივად, ითვლება, რომ არჩევანი არის. სხვათა შორის, საინტერესო არის ხოლმე როდესაც ამაზე მსჯელობებს ვაკვირდებით. ერთ-ერთი ასეთი მსჯელობაში სტუდენტებთან იყო შეხვედრა და მომხსენებელს ასაკი კითხეს, აღარ მახსოვს, მგონი - 25 წლისო, დავუშვათ... კი, მაგრამ რატომ არ ხართ 25 წლისო? ეს გამომსვლელი დაიბნა... - იმიტომ, რომ თუ ყველაფერი არჩევანზე არის, თუ სქესი არჩევანზეა ან ვინ, რას, როგორც ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ასაკი რატომ არ არის არჩევანზე, მით უმეტეს, რომ თუ მაინც და მაინც, ოპერაციებზე წავიდა, აქაც არის საშუალებები გაახალგაზრდავების ან პირიქით, ხომ?! იმიტომ, რომ არის რაღაცები, ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობები, მარტივი ჭეშმარიტებები, აქსიომები, რომელზეც დავა შეუძლებელია, რომელზეც ათასწლეულები შეთანხმებული არის საზოგადოება, უფრო სწორედ, თანხმობის ნაწილი კი არ არის, ეს არის საღი აზრის ნაწილი და ამ საღი აზრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, პრობლემურია და თავისთავად, გამოწვევა არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, იგი არ მონაწილეობას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი.
„ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, თუმცა, როდესაც ისინი ვერ ერთვებიან ამ დისკუსიაში, როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების, ეს არის მარტივი გადაწყვეტა. თუ ეს ვერსია არასწორია, ჩაერთონ და მერე შეუძლიათ მოუწიოთ კიდეც მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის უალტერნატივო პროექტი.
როგორ არ „აშავებენ“ ამ პროექტსაც, რას არ ცდილობენ და რას არ კადრულობენ, ცდილობენ, თან გაერიდონ, თან „გააშავონ“, თან სხვა სახელები დაარქვან ამ კონსტიტუციურ კანონსაც და კონსტიტუციაში ცვლილებასაც, მაგრამ რეალურად, ეს არის ცვლილება, რომელიც თანამედროვე ფსევდოლიბერალური ტრენდების დამკვიდრების წინააღმდეგ, არის ოჯახური ღირებულებების დაცვის და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი. შესაბამისად, ეს არის ქართული იდენტობის ტრადიციების ნაწილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქვეყანაში განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა იკრძალება ლგბტ საკითხების პროპაგანდა. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია სთავაზობს უმრავესობას, რომ „ოჯახური ღირებულებები“ შეცვალოს „ქართული ღირებულებებით“.
„ჩემი შეხედულებით, მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი - „ქართული ღირებულებები“. რატომ? ყველა ქვეყანას თავისი ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ოჯახურ ღირებულებებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი გადასახედიდან, აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.
ამიტომ, გთავაზობთ, განხილვისთვის - სიტყვები „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“ - ამაში ოჯახური ღირებულებებიც არის, ის ტრადიციებიც, ის ძალაც, რომელიც ყველა ქართველის სულშია და რომელმაც გადაარჩინა საქართველო. საუკუნეების წინ იყო იმპერიები, დღეს მათგან არაფერი დარჩა. ქართველი კაცი და ქართული სახელმწიფო იქნება იქამდე, ვიდრე დედამიწა იტრიალებს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, საჭიროა, საკონსტიტუციო დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით, ვინ ვიქნებით, აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა, რომლის შექმნაც, მისი თქმით, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ვინმეს უნდა. სუბარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთში, უნგრეთსა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ.
„დღეს საკანონმდებლო დონეზე დაკანონდა, რომ გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ უფლება, ბავშვები იშვილონ და ეს ბავშვები გაიზარდონ ამ ოჯახებში. არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომ ფსიქიკური, ემოციური პრობლემები ორჯერ-სამჯერ მეტი არის ასეთ ბავშვებში, მაგრამ ისეთი ძლიერია ლობი, რომელიც ამ შემთხვევაში ამ არატრადიციულ ოჯახებს იცავს, ამ ბავშვებს, მას შემდეგაც კი, როდესაც იზრდებიან, არ აქვთ უფლება და ვერ ბედავენ ამაზე საუბარს.
როგორც კი ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ხდება მათი გაკიცხვა, საზოგადოებიდან მოკვეთა, მათი აზრის გაქრობა ყველანაირი საინფორმაციო საშუალებიდან, მათზე ზეწოლა. იწყება ისეთი ბულინგი, რომ ისინი ვერც კი ბედავენ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. იგივე სპორტსმენები, რომლებიც სქესს იცვლიან, მაგალითად, მოცურავე, რომელიც იყო 440-ე და უცებ ხდება პირველი. ანუ იტყვის „ქალი ვარ“, რაღაც თერაპიას ჩაუტარებენ და ხდება პირველი. ვინმემ გაბედოს და ხმა ამოიღოს, რომ „ეს კაცია და როგორ უნდა შევეჯიბრო“, ასეთ ადამიანებს საერთოდ აქრობენ სპორტიდან. ქალები ჩივიან, „ამათთან ერთად როგორ უნდა გავიხადო გასახდელში?!“ ამ ქალებს ეუბნებიან, „ფსიქოთერაპიას ჩაგიტარებთ, რადგან თქვენ რაღაც არ ხართ კარგადო“, ძალით უნიშნავენ კურსებს, რომ დაემორჩილონ იმ კანონებს, რომელთა მიღებაც ახლა ხდება“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისი თქმით, ეს მოძრაობა ახლა იწყება და ეს ყველაფერი უფრო და უფრო პრობლემური გახდება. პრობლემური არის იმიტომ, რომ როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში იწყება განხილვა საკანონმდებლო დონეზე, ამას მოჰყვება, პირველ რიგში, უზარმაზარი ფული, მილიარდები, რომ ამის დანერგვა მოხდეს სხვა ქვეყნებში და იწყება ზეწოლა ხელისუფლებებზე. იწყება ზეწოლა როგორც მეგობარი, ასევე არამეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და გაიძულებენ, რომ დაემორჩილო მათი თამაშის წესებს.
ამ ფონზე ხელისუფლებას რაში სჭირდება 29 აპრილის აქცია, ნამდვილად გაუგებარია.
არ ვამბობ, რომ იდეალური დაგეგმარებაა, მაგრამ . . .