ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს სახელმწიფოს დესტრუქციული ნაწილი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის აყირავება, ვინაიდან, ეს დავალებული აქვს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის დავალება, რომელიც მიღებული აქვთ რადიკალებს - მიდის ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო ჩაბმული იქნას რუსეთ-უკრაინის ომში.
for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ხალხის ხმა არის. პრეზიდენტმა იცის, რომ მისი ვეტო არის დაძლევადი, თუმცა, ამის მიუხედავად, კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ვეტოს დაადებს. ბატონო ედიშერ, რა აზრი აქვს ასეთ ვეტოს, თუკი პარლამენტი მას მარტივად დაძლევს?
ედიშერ გვენეტაძე: ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი „ვეტოვიჩი“. ახლა გვყავს პრეზიდენტი „ვეტოვნა“. ისე, ხომ არ დაგვექორწინებინა ესენი ერთმანეთზე? მე თქვენ გეტყვით ან ერთს ან მეორეს, სინდისი შეაწუხებთ, ნამუსი, ზნეობა თუ ტრადიცია? ხელისმომკიდეებად ხატია და თაბაგარი იყვნენ! ვეტოს „ვეტოვნა“ იმიტომ ადევს, რომ ასეთი დავალება აქვს მიღებული უცხოელებისაგან.
ახლა იქიდან მიმდინარეობს დაკვირვებები, თუ როგორი განწყობა იქნება საზოგადოებაში, როგორი ვითარება იქნება ამ კანონპროექტის მიმართ და იმის მიხედვით იმოქმედებენ იქაური გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები. მაგრამ, მეორე ამბავია ის, რომ ძალიან საინტერესო მომენტი გაქვს ახლა. ჩვენ, ახლა მარტო ამ კანონს კი არ ვიღებთ, არამედ ვამტკიცებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობს და მიდის სუვერენიტეტისკენ.
ამიტომ, ამ კანონის მიღება არის საქართველოს სახელმწიფოსათვის დღეს ისევე აუცილებელი, როგორც ჯერ 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და მეორე, 1991 წლის 9 აპრილს, როცა მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემი გადასახედიდან აი, ამ სიბრტყეში შეიძლება განვიხილოთ ეს ვითარება.
რაც შეეხება პრეზიდენტის ამ ვეტოს, რა თქმა უნდა, იცის პრეზიდენტმა, რომ მარტივად დაძლევადია ვეტო, მაგრამ იმ დღეებში უნდა კიდევ ერთი გაბრძოლება, ვინაიდან პატრონებისგან აქვს დავალებული. არ მიკვირს ამ პრეზიდენტისგან, რადგან ეს არის ის პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო სამშობლო არ არის. მისთვის, ეს ადგილი ასპარეზია. მან არ იცის ვინ იყო თამარ ვაშლოვანი, არ იცის ვინ იყო მაია წყნეთელი, არ იცის ვინ ყარავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი. საერთოდ, საქართველოს ისტორიის გაგებაში არ არის. ის იმ ხალხის შთამომავალია, რომლებმაც საქართველო მიატოვს, მიატოვეს ჯარი და პიპინიას ცხენისა არ იყოს, ისევე გაასწრეს ქართულ ჯარს და შემდეგ სამარცხვინოდ დაამთავრეს თავიანთი მოღვაწეობა. აი, ამათი შთამომავალია და ამიტომ, მისთვის ქართული უცხოა. ვერ წარმოუდგენია საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ვერ წარმოუდგენია საქართველოს სახელმწიფოს სუვერენობა. მის ტვინში ზის საქართველო, როგორც ვინმეს ვასალი და აი, ამ ვასალობიდან გამომდინარე აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.
გასაგებია, მაგრამ როგორ ხსნით იმას, რომ პრეზიდენტმა შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართა და სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ. ზურაბიშვილის მოწოდების მიუხედავად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა...
- ნახეთ რა გააკეთა - წარმოუდგენელია, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს ასმენს, მაგრამ შეარცხვინეს, არ ჩანიშნეს. ეს იგივეა, როდესაც თბილისიდან ცეკაში იგზავნებოდა წერილები და წერდნენ, რომ აქ ცუდად მოქმედებს ცეკას პირველი მდივანი და გვიშველეთო. ამ დროს, ზოგიერთი მათგანი აკეთებდა ქართულ ეროვნულ საქმეს, ამას როგორ აკეთებენო და წერდნენ წერილებს, რომ ცუდად მოქმედებენო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ -1985 წელს ძალიან დიდი ზვავი ჩამოწვა სვანეთში და ჯუმბერ პატიაშვილმა სვანეთის მოსახლეობა ჩამოასახლა ქვემო ქართლში და იცით რა წერილები წავიდა ცეკაში? - ჯუმბერ პატიაშვილმა ქვემო ქართლი გააქართველაო.
იგივე გააკეთა ამ ქალმა. იგივე ცეკაში გააგზავნა წერილი ზურაბიშვილმა. მისი მენტალობაა ეს. მითხარით, რითი განსხვავდება სალომე ზურაბიშვილი იმ საქართველოს მოღალატეებისგან, რომლებიც შიკრიკებს არბენდნენ ხან ირანის შაჰთან, ხან ოსმალეთის სულთან, რომ არიქა, ქართლის მეფე, იმერეთის მეფე, ქართლ-კახეთის მეფე ჩამოგვგდებინეო. მითხარით, რითი განსხვავდება? - არაფრით. ზურაბიშვილი არის მოღალატე, რომელიც დაავადებულია მონის სინდრომით და მას ვერ წარმოუდგენია საქართველოს სახელმწიფო.
წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგამს პრეზიდენტი, რომელიც იგივე „ბიბისი“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ხოლი რაც არ არის გამჭვირვალე, ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტი ბრალს სდებს კორუფციაში. ბატონო ედიშერ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა ოპოზიციის ლიდერი?
- კორუფციას სჭირდება მტკიცებულება. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს სახელმწიფოს დესტრუქციული ნაწილი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის აყირავება, ვინაიდან ეს დავალებული აქვს. გაგახსენებთ ერთ საინტერესო დეტალს, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარე იყო, თქვა ასეთი რამ - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ირაკლი ღარიბაშვილი და მე მივედით პრეზიდენტთან და ასეთი რამ გვითხრა: „ხომ ხედავთ ბიჭებო ზელენსკიმ თავი გამოიჩინა და თქვენ რას აპირებთ“. არ იყო ასე?
რაც დღეს საქართველოში ხდება, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველო ვერ ჩააბეს უკრაინასთან ომში, უკრაინაში კატასტორფული სიტუაცია არის და კიდევ მიდის ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო ჩაბმული იქნას ამ ომში. მიღებული აქვთ ეს დავალება. ეს არის აქ მთავარი მიზეზი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, თორემ შენი საქართველოს კანონი ძალიან კი აინტერესებს ვინმეს და მით უმეტეს გამჭვირვალეობის შესახებ, რომელიც არ მოიცავს არავითარი სისხლის სამართლის დანაშულს.
რატომ არ უნდა ვიცოდეთ რაში ხარჯავს გიგაური უცხოეთიდან შემოტანილ მილიონებს? გამოაქვეყნოს ლომჯარიამ, მშვენიერაძემ და სხვებმა. რა არის ამაში დასამალი გამაგებინოს ვინმემ. არაფერი, არ უნდათ იმიტომ, რომ ფარდა აეხდება ყველაფერს. ეს კარგად იცის საქართველოს მოღალატე პრეზიდენტმა. დიახ, საქართველოს ჰყავს მოღალატე ე.წ. პრეზიდენტი. მას რომ სინდის-ნამუსი ჰქონდეს, ევროპიდან შემოთვლილი უარის შემდეგ თავზე ლეჩაქი უნდა დაეხურა და წათრეულიყო სახლში, მაგრამ ამის თავი სად აქვს.
სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პირველი აგენტი ვინც არის ქვეყანაში, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რადიკალების მსგავსად აცხადებს, რომ კანონი არის რუსული...
- როდესაც ბორის პასტერნაკმა დაწერა „დოქტორი ჟივაგო“ და წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე, საბჭოთა ე.წ. მეცნიერები და ინტელიგენცია გამოვიდა ამის საწიააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, კრემლიდან ხელის დაქნევით და იცით რაზე იყო ლაპარაკი? - „დოქტორი ჟივაგო“ წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ის უნდა აიკრძალოსო. იგივე საბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი დედაკაცია და მეტი არაფერი. კანონი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ უნდა აიკრძალოსო.
რას ელოდებით, კიდევ რა რადიკალურ ნაბიჯებზე შეიძლება წავიდეს პრეზიდენტი?
- ყოველგვარ უბედურებას და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და აღვირახსნილობას - აი, ამას ველოდები. კანონიდან გასულია და რასაც დაავალებენ ქვეყნის მტრები, იმის უსიტყვოდ შესრულებას! ქართველი ხალხის გაწირვას და საქართველოს უდაბნოდ გადაქცევას ველოდები ზურაბიშვილისგან, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს და მიაბრძანებს ამ უსამშობლო დედაკაცს იქ, სადაც არის მისი ადგილი!