„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისა და მისი პირველი მოსმენით მიღების ფონზე, აქტიურად გვესმის ევროპელი პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებები, რომ ამან შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე ზეგავლენა იქონიოს, ხოლო აღნიშნული კანონის მიღებამ ქვეყანას ეს გზა დაათმობინოს. მეტიც, გაჟღერდა ერთგვარი გაფრთხილება, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი შესაძლოა უკან გაიწიოს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის შესაძლოა, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში „გაიყინოს“. ამასთან, მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებები მიმართულია საზოგადოებაზე გარკვეული ზემოქმედების მოსახდენად.
„არ მახსენდება ასეთი პრეცენდენტი, რომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი უკან გაეწვიოს. პირდაპირ ვთქვათ, ევროკავშირს შეუძლია, უბრალოდ, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და როგორც თურქეთი არის ათწლეულების განმავლობაში კანდიდატის სტატუსში ჩარჩენილი ქვეყანა, ასეთ ქვეყანად ამყოფოს საქართველო. შესაბამისად, არ ექნება მას ამის აუცილებლობა, რომ კანდიდატის სტატუსი გაიწვიოს და ქვეყანას ხელი კრას. ეს განცხადებები უფრო გაკეთდა საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, რომ ხალხმა ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქროს, შეიქმნას ანტისახელმწიფოებრივი განწყობები და ა.შ.
თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რაც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან კეთდება, დიდი ალბათობით, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ალბათ, პროცესი გაჩერდება. როდესაც შარლ მიშელი ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპას დააშორებს, უნდა ამოვიკითხოთ გზავნილი, რომ ვერ გაგვეხსნება გზა მოლაპარაკებებისკენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, საპროტესტო მუხტი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, შეიძლება კონკრეტულმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა სათავისოდ გამოიყენონ და შეეცადონ პროვოკაციის მოწყობას.
„რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ის ხალხი, ვინც ამ კანონპრექტს აპროტესტებს, წარმოადგენენ მთელ საზოგადოებას?! თუ ეს პროცესი გარედან ინსპირირებული არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისად, იქნება გარკვეული, ახალი ელემენტები, როგორც ეს იყო უკრაინულ მაიდანში - ჯერ დაიწყო ადგილობრივი პროტესტის გამოხატვით, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ გარე აქტორები, ჩავიდნენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები.
არის ძალიან მოტივირებული, აგრესიული ნაწილი ამ მომიტინგეებისა, რომელიც ცდილობს მუხტი აწიოს. გუშინ აქცია მიდიოდა ძალიან მშვიდობიანად, შემდეგ უკვე გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო პროვოკაციების მოწყობა და მუხტის აწევა. იქიდან გამომდინარე, რამდენი ადამიანი და ცნობადი სახე დაუჭერს მხარს ამ პროტესტს, ამაზე იქნება დამოკიდებული მიტინგის დინამიკა - დაიწევს ქვემოთ თუ აიწევს მაღლა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, ევროკავშირი იმ კარს ცხვირწინ მიგვიხურავს, რომლიც გაგვიღო. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება 17 მაისს ჩაინიშნება, ქვეყანაში მხარეთა შორის დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.
„ევროკავშირის კარები ღიაა და ის გვეუბნება „შემოდი ამ კარებში, ოღონდ შემოდით ევროკავშირის ღირებულებებით და არა რუსულით“ - ერთგვარი გაფრთხილებაა, „თუ ამ კანონს მიიღებ, შენი საქმეა, მაგრამ ამ კარებში ვერ შემოხვალ და ცხვირწინ მიგიხურავ“, - ეს არის ევროკავშირის პოზიცია. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოგვცენ შემდეგი სიკეთე, რადგან მათ კანდიდატის სტატუსი არ დაუმსახურებიათ. „ქართული ოცნება“ ევროპელებს და ამერიკელებს თვლის მტრებად, ეს არ არის ქართული კანონი, ის რუსულია. რუსეთი პატიოსნად ამბობს, რომ მისი მტერი ამერიკა და ევროკავშირია. „ქართული ოცნება“ კი ლაჩრულად ამბობს, რომ ამერიკა და ევროპა ჩვენი მეგობრები არიან და ისევე რაცხავს მტრებად, როგორც რუსეთი.
ეს არის ფული, რომლითაც აშშ და ევროპა ეხმარება საქართველოს სამოქალაქო სექტორს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელონ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები. ეს იქნება ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი, თუკი ევროკავშირი უკან წაიღებს მის გადაწყვეტილებას, რაც მათ ხელშია - ამაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკა.
„ქართული ოცნება“ „კარგად“ მოემზადა - ბინძურად და ამორალურად - გათვალა სიტუაცია. შედარებით სუსტი ღარიბაშვილი შეიცვალა უტიფარ, ცინიკურ და თავხედ კობახიძით, რომელმაც საკუთარი გუნდი მოიყვანა - როგორც ჩანს, მათ ივანიშვილთან აიღეს ვალდებულება, რომ იმ სირცხვილს, რაც ღარიბაშვილმა აჭამა, ისინი არ აჭმევენ და ქართველ ხალხს გადაუვლიან. ეს არის შიგნით „ქართული ოცნების“ ბრძოლა ვინ უკეთესად მოირგებს ძალას და ხელისუფლებას სხეულზე - მზად არიან გაწირონ საქართველოს პერსპექტივა. შესაბამისად, ისინი წავლენ დაპირისპირებაზე.
ის, რომ შესაძლოა, 17 მაისს დაამთხვიონ კანონის მესამე მოსმენა, ძალიან შემაფოთებელია. ეკლესიაც გამოვა და ოჯახი სიწმინდეებზე დაიწყებს საუბარს. ამის პარალელურად, გამოვა განსხვავებული შეხედულების მქონე სხვადასხვა ჯგუფი - ყველაფერს დაამთხვევენ 17 მაისს, რომ მოახდინონ შიდა ქართული დაპირისპირება - შეიძლება სისხლის დაღვრაზეც კი წავიდნენ, ოღონდ არა თავად ხელისუფლება, „ალტ-ინფოს“ დაარბევინონ ლიბერალური ფრთა. შეიძლება საშინელი სისხლისღვრა იყოს, შემდეგ მოვიდეს „ქართული ოცნება“ და „გააშველოს“ ეს ხალხი - მოგვევლინოს როგორც მშვიდობისმყოფელი. ხელისუფლება აქეთ მიდის, რომ დააპირისპიროს ქართული საზოგადოება“, - განგვიცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.