პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები არიან, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი, სანქციების შემთხვევაში, სიფრთხილის ზომებს იღებს. ევროპარლამენტარის თქმით, ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.
„ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარის პოზიციას იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, რომლის განცადებით, 2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს. მისი თქმით, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია. როგორც გოცირიძემ განაცხადა, ნებისმიერ უცხოელს და ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში წილის გადმოტანა და ნებისმიერ ბიზნესში ჩადება.
„შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებენ, რადგან იძულებული არიან, რომ ეს გააკეთონ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებენ. კანონის მიღება ეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს.
ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა - უნდა დაარეგისტიროს „ქართუს“ ან „ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე. „ქართული ოცნების“ წევრებიც უნდა დაელოდონ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებიან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ!“ - ეს იქნება ხატია დეკანოიძის გზავნილი საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის, სანქციები იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც მისი თქმით, ურტყამდა მოქალაქეებს.
„ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა რუსეთისკენ და არა ევროპისკენ. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ეს კანონი ჩვენ გვაშორებს ევროკავშირს და ყველაფერი, რაც გვაშორებს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, არის რუსეთთან სიახლოვე.
ამიტომ არის ეს კანონი რუსული. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი ემზადება სანქციებისთვის. სწორედ ამიტომ შემოიტანა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომ ოფშორიდან შემოიტანოს არამხოლოდ მან, არამედ ბევრმა ოლიგარქმა ფული საქართველოში და შემდეგ საქართველო რაღაცნაირად გახდეს ფულის გასათეთრებელი ადგილი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება, რომ სანქციების შემთხვევაში, ივანიშვილი გადაიტანს თავის ფულს საქართველოში, ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ანალიტიკოსი ირონიულად აღნიშნავს, რომ „დაუძინებელი დაქალი“ ძალიან ზრუნავს ივანიშვილის დანაზოგებზე.
„აი, საიდან მოდის პოლიტიკური შიზოფრენია, აი, სადაა სათავე. რას ამბობს, იცით? ოჯახზე ზრუნვის, მეუღლისთვის სურსათის, ხოლო შვილებისთვის ახალი „ბაჩიების“ ყიდვის მიზნით და „რესტორნებში არ დამეხარჯოს“ მოტივით, ქმარმა თავისი ჯამაგირი შეიძლება სახლში მოიტანოს!!! მას ამის სამართლებრივი საფუძველი აქვსო, ამბობს ეს ჩვენი „დაუძინებელი დაქალი“. როგორ გვიფრთხილდებიან, როგორ ზრუნავენ ჩვენს დანაზოგებზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში საინტერესო იქნება ეკონომისტების მოსმენა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უფრო კვალიფიციურ პასუხს გაგცემენ. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ლოგიკა არ ესმის, რატომ არ უნდა მიესალმებოდეს კონკრეტული ქვეყანა, ან მეზობელი ქვეყნები, რომ ოფშორიდან თანხები წამოვიდეს და გადავიდეს ღია მოხმარებაში.
„ოფშორული ზონა ხომ ფარული ზონაა, სადაც იმალება თანხებთან დაკავშირებით ყველაფერი. თუკი ეს საიდუმლო მოიხსნება და გაიხსნება თანხების საქმე, რატომ არის ეს გამაღიზიანებელი ვინმესთვის, გაუგებარია. რაც შეეხება სანქციას - სანქციებმა ისეთი კომიკური სახე მიიღო უკვე, რომ ბიძინას დასანქცირება, ალბათ, ამ კომედიურობის რომელიღაცა პიკი იქნება. ამხელა მსოფლიო პროცესებია და ფაქტია, რომ სანქციები არ მუშაობს. რუსეთი ნავთობს ყიდის თუ ალმასებს, ყოველი შემთხვევისთვის ყიდის და ძალიან პროდუქტიული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს დასავლეთთან და ახლა იპოვეს ბიძინა ივანიშვილი როგორც დასანქცირების პერსონა?
ნუ, კი ბატონი დაასანქცირონ ამით უკრაინულ პრობლემას თუ ეშველება, ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ივანიშვილი ყოფილა დამნაშავე უკრაინის კონფლიქტშიო და თუ არ ეშველება, მაშინ რა დროს ივანიშვილის თემა არის, როდესაც ორი უზარმაზარი კონფლიქტია ჩვენ წინ - უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის, კიდევ რა ფორმებს მიიღებს ეს კონფლიქტი, კაცმა არ იცის და ამ დროს სანქციების ტერმინებში ლაპარაკი, იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის ერთ-ერთი ფორმაა. გარედან, უცხოელებიდან ჩვენს შიდა პოლიტიკური ბრძოლაში შემოსვლის ფორმებთან გვაქვს საქმე და კრამონის ხსენებაც მაგას მაფიქრებინებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.