ყოველი დიდი ჯგუფის შემოქმედებითი განვითარება განსაკუთრებულია და დიდწილად სწორედ ამგვარი განსხვავებულობითაა განპირობებული მათდამი ინტერესი, რასაც მუსიკის გურმანთ საკმაოდ უმადური საქმიანობისკენ - ამა თუ იმ შემსრულებლის ერთიმეორესთან შედარებისკენ მივყავართ...
მაგალითად, რეპერტუარს თავი რომ დავანებოთ, Led Zeppelin-ის პირველი ოთხი სტუდიური ალბომი თუნდაც იმით განსხვავდება მისი თანამედროვე კონკურენტი ჯგუფების ნამუშევრებისაგან, რომ მათგან არცერთს სათაური არ აქვს.
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე... და ა.შ. დღესდღეობით 33, Chicago-ს აქვს, მაგრამ Led Zeppelin-გან განსხვავებით, მისი უკვე მეოთხე ალბომი საკონცერტოა, ხოლო წინამორბედები კი ორი დისკისგან შედგებოდა.
Led Zeppelin-ის პირველი ოთხი სტუდიური ალბომი იმითაც განსხვავდება მრავალი მათი როკ-კოლეგის საწყისი ოთხი ნამუშევრისგან, რომ ზოგადად ყველა საუბრობს მათ თანაბრობაზე და ძირითადად მეოთხე ალბომისთვის უპირატესობის მინიჭების მიუხედავად, არავის დასცდება აუგი დანარჩენ სამ ნამუშევარზე.
Led Zeppelin-ის გზები ხშირად გადაკვეთილა Jethro Tull-თან. ბოლოს და ბოლოს Led Zeppelin IV და Jethro Tull -ის მეოთხე ალბომი Aqualung თავდაპირველად ერთსა და იმავე სტუდიაში იწერებოდა. თუმცა, Led Zeppelin-გან განსხვავებით, არ საუბრობენ ხოლმე Jethro Tull -ის პირველი ოთხი ალბომის თანაბრობაზე და ხშირად აღნიშნავენ მეორე (Stand Up)-ისა და ზემოთხსენებული Aqualung-ის უპირატესობას პირველ და მესამე ალბომებთან შედარებით.
მოდით, ნუ ვიმსჯელებთ პირველ ალბომ This Was-ის შედარებითი სისუსტის შესახებ, მაგრამ დავიცვათ Jethro Tull -ის მესამე ნამუშევარი მკაცრი კრიტიკისგან და ვეცადოთ ალბომ Benefit-ის იან ანდერსონის მორიგ შედევრად აღიარებას, თუნდაც ლეგენდარული მუსიკოსის მსმენელთან დამოკიდებულებაზე დაყრდნობით, რომელთანაც იან ანდერსონი ყოველთვის ცდილობს, რომ მართალი იყოს.
თავად ალბომის სათაური Benefit, შეიძლება ორაზროვნად გვესმოდეს - ანუ როგორც ჯგუფისთვის ბენეფისი, ხოლო მსმენელისთვის კი ხეირი, რომლის გარეშე დარჩენაც 1970 წელს, იან ანდერსონის აზრით, მსმენელს „უხეირო მდგომარეობაში“ დატოვებდა...
ამ მიზეზით ხომ არ იყო, რომ ალბომის გარეკანზე მუყაოს ფირფიტებად გამოყვანილი კვარტეტის ახალი ნამუშევარი მართალია წინამორბედ Stand Up-ზე დაბალი სისწრაფით, მაგრამ მაინც საკმაოდ ეფექტურად იყიდებოდა.
Benefit-მა გარდა იმისა, რომ საბოლოოდ ბრიტანულ ჩარტებში მესამე, ხოლო აშშ-ში მე-11 ადგილს მიაღწია, 1970 წლის ბოლოსთვის ოქროს ჩანაწერის სტატუსიც კი დაიმსახურა.
ნამუშევარს ჯგუფის სახელით იან ანდერსონთან ერთად სამი მუსიკოსი - გიტარისტი მარტინ ბარრი, ბასისტი გლენ კორნიკი და დრამერი ქლაივ ბანკერი განასახიერებდნენ. სიმღერების ავტორი, ბუნებრივია, რომ იან ანდერსონია, თუმც ძალზედ მნიშვნელოვანია ჯგუფის მესამე ალბომში კიდევ ორი მუსიკოსის - ორკესტრული არანჟირებების ავტორის - დევიდ პალმერისა და პიანისტ ჯონ ივენის მონაწილეობა.
„ჯონ ივენის დაკვრამ საოცრად მშვიდი ატმოსფერო დანერგა ჯგუფში, რამაც სიმღერების უფრო თავისუფლად წერის საშუალება მომცა. იგი განათლებული მუსიკოსია და მე მასთან შედარებით არარაობა ვარ, რადგან მუსიკის ელემენტარული საფუძვლებიც კი არ ვიცი...“ - აი როგორ ახასიათებდა იან ანდერსონი ძველ მეგობარსა და საკუთარ თავს.
ანდერსონის გვერდზე დუეტი, თურმე კიდევ მთელი ათი წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, ხოლო კორნიკს მალე წასვლა მოუწევდა ჯგუფიდან, რადგან ვერ გაუძლებდა ანდერსონის „სამხედრო წესრიგს“ საქმესთან დამოკიდებულებაში.
Benefit-ის პირველივე სიმღერა With You There To Help Me გვაოცებს იან ანდერსონის ფლეიტის ახლებური ჟღერადობით. ჩაწერისას ფლეიტის ექოების ზედნადებების გამოყენება სიმღერას განსაკუთრებულ - ტყიურ-ფსიქოდელიურ ჟღერადობას ანიჭებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ფსიქოდელიური ფონი მთელს ალბომს Jethro Tull-თვის გამორჩეულად დიდი დოზებით მიჰყვება. ამის მიზეზს კი ინსტრუმენტების უცნაურ პალიტრაში უნდა ვეძიოთ. მარტინ ბარრის გაუთლელი და ყურის გამჭოლი ფუზი საკმაოდ „ნაზ“ პიანინოსთანაა შერწყმული, ხოლო ანდერსონის ფლეიტა კი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი სვლებით გამოირჩევა.
Alive And Well And Living In ალბომის მხოლოდ ბრიტანულ ვერსიაშია. ორწუთიანი მარგალიტის ადგილი ამერიკულ ვერსიაში Teacher-ს უკავია, ხოლო Inside კი პირველ შემთხვევაში ვინილის მეორე, ხოლო მეორეში კი პირველ გვერდს ამშვენებს.
ალბომის მეორე გვერდს ჰარდ როკ ჰიმნი To Cry You A Song ხსნის. სიმღერა დასამახსოვრებელია ცნობილ Isle Of Wight ფესტივალზე შესრულებითაც. „ინგლისური ვუდსტოკი“, გარდა იმისა, რომ არაერთი დიდი ჯგუფის მონაწილეობით აღინიშნა, ფართო აუდიტორიის წინაშე ჯიმი ჰენდრიქსის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლითაც შევიდა ისტორიაში.
Jethro Tull-თვის ეს ფესტივალი ალბომ Benefit-ის ბენეფისს დაემთხვა. სწორედ ამ პერიოდში იქმნებოდა იან ანდერსონის განუმეორებელი სასცენო სახე ექსტრავაგანტული ჩაცმულობით, ქცევითა და ლირიკით.
მას საათობით შეეძლო, რომ ცალ ფეხზე მდგარიყო, უცებ გაქცეულიყო, სცენის კუთხეში გაწოლილიყო და ისე გაეგრძელებინა დაკვრა. შუა საუკუნეების მესტვირისა თუ მაწანწალას იერი კი მას ნებისმიერი როკ შემსრულებლისგან განასხვავებდა. ახალგაზრდა მუსიკოსის მოწოდებები პირდაპირ ეხმაურებოდა იმდროინდელი თავისუფალი საზოგადოების ინტერესებს, ორაზროვანი ტექსტები კი ჩამყაყებული სნობების წინააღმდეგ იყო მიმართული.
თუმც ექსპერიმენტული მუსიკა ექსპერიმენტულ ლირიკაშიც გადადიოდა ხოლმე, შედეგად კი ინგლისურ ენაში ღრმად განსწავლული ადამიანისთვისაც კი, ანდერსონის ტექსტები ზოგჯერ საღი აზრისგან შორს მდგომ ნაბოდვარს ემსგავსებოდა ხოლმე.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა ანდერსონისადმი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას წარმოშობდა. ამგვარად, ეს პერიოდი მის პირად Benefit -დაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
„არასოდეს ვყოფილვარ მაწანწალა, ლოთი და ნარკომანი. არადა ჩემს შესახებ ბევრი ასე ფიქრობს. მეტს გეტყვით, არასოდეს გავაჩერებ ჩემს გვერდში ასეთ მუსიკოსს, რადგან მას უბრალოდ ვერ ვენდობი...“
საოცარია, მაგრამ იან ანდერსონმა ამგვარი მიდგომით დაამსხვრია სტერეოტიპი მუსიკაში ფსიქოდელიის არსებობისათვის, ნარკოტიკისა თუ სხვა რაიმე ტიპის სტიმულატორის აუცილებლობის შესახებ, თანაც 1970 წლისათვის, როდესაც Witches Promise-სა თუ Nothing To Say-ის ტიპის ფსიქოდელიურ ჰიმნებში, ნებისმიერ ინსტრუმენტს თავი რომ დავანებოთ, მარტო მისი აკუსტიკური გიტარა იმდენად სურნელოვანია, რომ ალბომი Benefit წინასწარმეტყველურად გამოსცემს უკვე მომავალი Songs From The Wood-ის შვიდი წლის შემდგომი ჰანგების გემოს...