დღეს კიდევ ერთი უკუღმართობა იკიდებს ფეხს ჩვენს ცხოვრებაში და ნეტარხსენებული „ბაბუა“ კრილოვი რომ ცოცხალი იყოს, სწორედ ეხლა დასწერდა თავის უკვდავ იგავს „მაიმუნებზე და სათვალეზე“.
ჯერ ავიჩემეთ განათლებული ხალხი გვინდაო და სტიპენდიებითა ვზარდეთ ექიმები, ვექილები, ბეითლები, კბილის ექიმები, თვალის ექიმები და სხ.
ამით, თუმცა ქართველი „ინტელეგენცია“ შევიძინეთ და რამდენიმე კაცს ცხოვრების გზა გავუხსენით, მაგრამ საზოგადოებრივს წინსვლას არაფერი არ დაეტყო. სხვა გვარ ხომ არც იქნებოდა მომხდარიყო. და თუმცა დღეს თითქმის ასი ათას მანეთამდე იხარჯება ამისთანავე სტიპენდიებზე, მაგრამ ნაყოფი იგივეა.
ერთხანად ჩვენს გაზეთებში, და დღეს ყველგან, კერძო საუბარში, პრინციპიალურად სტიპენდიების წინააღმდეგნი არიან. და საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ აზრს ქადაგებენ თავისის „სიდარბაისლით“ ცნობილნი და მიუკარებლობით აღჭურვილნი გვამნი, რომელთაც თავისი სასტიპენდიო გზა უკვე გაუვლიათ, დაუმთავრებიათ სასწავლებელი და თბილ ადგილზე სხედან.
საინტერესოა ასეთი ფსიქოლოგია და არ შემიძლია მათს დასახასიათებლად ერთი ცოცხალი ნიმუში არ მოვიყვანო.
პარიზში ერთხელ ქართველების კრება იყო ადგილობრივ ბიბლიოთეკის თაობაზე. სხვათა შორის ერთმა გამოსთქვა სურვილი, რომ აქვე დაარსებულიყო ურთიერთ დამხმარებელი სალარო.
ერთი პატიოსანი გვამი, რომელსაც ხუთი ათასი ფრანკი ჰქონდა ავანსად მიღებული, ყველაზე აღფრთოვანებით ამხედრდა ამის წინააღმდეგ: „ბ-ნო, მე პრინციპიალურად წინააღმდეგი გახლავართ, ყოველგვარ ქველმოქმედებისა. ქველმოქმედება რყვნის საზოგადოებას. ხოლო თუ ვინმე ჩვენ ამხანაგთაგანი გაჭირვებულ მდგომარეობაში ვნახე, მე ჩემს საკუთარ სურთუკს გავიხდი და იმას ჩავაცმევო“.
თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ იმავე კრებაზე იყო ერთი ხელმოკლე ამხანაგთაგანი, რომელსაც ამ ორატორის მიერ გამონაცვალი სურთუკი ეცვა, უფრო კარგათ დააფასებთ ასეთ გვამთა ფსიქოლოგიას.
ხუთი ათასი ფრანკის მიღება შეიძლება - ეს ქველმოქმედება არაა და ხელმოკლე ამხანაგების დასახმარებლად თვეში ერთ ფრანკის გადადება გამრყვნელი ქველმოქმედებაა.
ამის გარდა, ჩვენში ისე თავგზა აბნეული და გაუწესრიგებელია სტიპენდიების საქმე, რომ ხშირად მომხდარა, სტიპენდიანტს დაუსრულებია კურსი, სამსახურში შესულა, დაცოლშვილებულა და რამდენიმე წელიწადს კიდევ, საუნივერსიტეტო ქალაქის ადრესზე უღია სტიპენდია. ეს იმდენად სასაცილო და მასთან სამწუხარო მოვლენაა, რომ საგონებელში აგდებს ადამიანს. მართალია ისიც, რომ მეტად რთული საკითხია სტიპენდიების სამართლიანი განაწილება.
სამართლიანს იმ აზრით ვხმარობთ, რომ სტიპენდიანტმა თავისის ნაყოფიერის მოქმედებით უნდა გაამართლოს საზოგადოების ნდობა.
ჩვენში კი, რაკი ასეთმა გაუწესრიგებელმა სტიპენდიებმა ჯეროვანი ნაყოფი ვერ გამოიღეს, „სათვალეებს დაუწყეს მტვრევა“.
ვის უნდა ეძლეოდეს სტიპენდია და ვინ უნდა ანაწილებდეს მას?
ეს ფრიად სერიოზული საკითხია და აკი ამისათვისაც დღევანდლამდე ვერ გაწესრიგდა, დონეზე ვერ დადგა საქმის ეს მხარე. ჩვენის აზრით, როდესაც ინტელიგენციის გაქსუებაზე და შემოქმედ შრომის დაქვეითებაზეა ჩამოვარდნილი საუბარი, როდესაც კერძო ბაასში თუ პუბლიცისტიკაში კაზმულ მწერლობისა თუ ხელოვნების უსუსურებაზეა ლაპარაკი, თავისთავად ცხადია ამ მხარეს უნდა შესაფერი გზის მიცემა.
ვინ ანაწილებს ჩვენში სტიპენდიებს? არა ისინი, ვინც ეხმარება ახალგაზრდობას თავისის თანხით, არა მათ მიერ დანიშნული კომიტეტები. ვინ არიან ამგვარ კომიტეტში, ან ამ კომიტეტის წევრებს შეუძლიათ თუ არა თავისის მდგომარეობის მიხედვით სამართლიანად გაანაწილონ სასტიპენდიო თანხა? დღევანდელი მაგალითი ნათლად გვეუბნება რომ არა.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას