საკმარისი იყო, ტრაპიზონის გარეუბანში დღესაც საღსალამათი სპორტის მინისტრის, მეჰმეთ ალი იალმაზის სახელობის საფეხბურთო ბაზის კარის წინ ორი მაგიური სიტყვა - „აჩი-შოთა“ წარმომეთქვა, რომ ბაზის კარი ალი-ბაბას მღვიმესავით უმალ გაღებულიყო და თქვენი მონა-მორჩილი თავაზიანად შეეპატიჟებინათ შიგნით. კლუბის ახალარჩეული პრეზიდენტი ფარუქ ოზაქი შარბათივით დატკბა, რაკიღა გაიგო, რომ მასთან საუბარი თვით ტყუპების თანამემამულეს სურდა და ჩინებული ინგლისურითაც გამომელაპარაკა.
ფარუქ-ბეი, თქვენი თავი გაგვაცანით...
- ორმოცდაცხრა წლისა ვარ, 1967-76 წლებში „ტრაბზონის“ ნახევარმცველი და კაპიტანი ვიყავი, 1974 წელს სწორედ ჩემი კაპიტნობით გადმოვიდა კლუბი უმაღლეს დივიზიონში და აღმასვლასაც შეუდგა, 76-ში ჩემპიონებიც გავხდით. ფეხბურთის შემდგომ ბიზნესს მივყავი ხელი, თუმცა „ტრაბზონი“ არ დამვიწყებია და მუდამ კლუბის ოცკაციან დირექტორატში ვირიცხებოდი (როგორც ტყუპებმა მითხრეს, კლუბის დირექტორატში მოხვედრის მსურველმა კლუბის ხაზინაში 150 ათასი დოლარი უნდა შეიტანოს. ამის შემდგომ იგი ფრიად დაფასებული კაცი ხდება ქალაქში და კარიერის გაკეთების ჩინებული შანსიც ეძლევა).
ჩანს, „ტრაბზონი“ თქვენთვის მარტო სამსახური არ ყოფილა...
- რა თქმა უნდა, მე მორწმუნე კაცი ვარ (იმ დღეებში რამაზანი ანუ მუსლიმთა მარხვა იყო და მორწმუნეებს დღის შუქზე ჭამა ეკრძალებოდათ, ფარუქ-ბეიმაც ვახშმის მერეღა მიმიღო) და მწამს, რომ კლუბის მიტოვება ერთი წუთითაც კი არ შემიძლია. „ტრაბზონი“ ჩემი სიცოცხლეა. ინჟინერი კაცი ვარ, ქალაქში მრავალი შენობა ჩემი აგებულია, მაგრამ ჩემი გული „ტრაბზონს“ ეკუთვნის.
თქვენი, როგორც პრეზიდენტის მიზანი?
- ამ ბოლო დროს თურქეთის ჩემპიონატში წარმატებებს გავუშინაურდით, თუმცა ჯერჯერობით ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ. ჩემი მიზანია, „გალათასარაისთან“, „ბეშიქთაშთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ ჭიდილში ოქროს მედლები მოვიპოვოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ვითამაშოთ.
ალბათ დროა, აჩი-შოთაც ვახსენოთ...
- ისინი „ტრაბზონის“ წამყვანი მოთამაშეები არიან. არჩილი ტრავმებმა დატანჯა, თორემ კლუბს უფრო უკეთესი შედეგი ექნებოდა. ტყუპები ორჯერვე შუა სეზონიდან შემოგვემატნენ და კლუბის საქმეც წაღმა წავიდა. თუ ამ სეზონში ვერა, მომავალში სწორედ ტყუპების დახმარებით მოვიპოვებთ ჩემპიონობას.
თქვენი კარიერის მანძილზე სხვა ქართველ ფეხბურთელებს თუ შეხვედრიხართ?
- მე და „ტრაბზონის“ ახლანდელი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ახალგაზრდობაში თურქეთის ჭაბუკთა ნაკრებში ვთამაშობდით, მახსოვს ბრწყინვალე ქართველი ფეხბურთელის კახი ასათიანის თამაში.
ორმა ჯადო სიტყვამ გუნდის მწვრთნელ შენოლ გიუნეშზეც გაჭრა. ჩემდა გასაკვირად, მან ვარჯიშის დაწყებაც კი გადადო, რათა ჩემს კითხვებზე ეპასუხა:
ქართველ გულშემატკივრებს აინტერესებთ, რატომ გამოდის არჩილი ძმაზე უფრო იშვიათად ძირითად შემადგენლობაში?
- როდესაც ტყუპები დაგვიბრუნდნენ, არჩილს ნაკლები წონა ჰქონდა. ამიტომაც დავასვენე. საგანგებო ვარჯიშების შემდეგ, ორ-სამ კვირაში არჩილი მოღონიერდა და მყისვე ძირითადში დავაყენე. მე ოთხი ფორვარდი მყავს - შოთა, არჩილი, ჰამი და ორჰანი, ამიტომ სამი თავდამსხმელი გამომყავს. ის-ის იყო, არჩილი ფორმაში შევიდა, რომ ფეხის თითი დაიშავა და კვლავ რამდენიმე დღით გამოგვაკლდა. ახლა ვარჯიშებს შეუდგა და, იმედი მაქვს, უახლოეს ტურამდე ფორმასაც აღიდგენს. მოკლედ, რომ არა უიღბლობა, არჩილიც იტყოდა თავის სიტყვას. მე იგი კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიმაჩნია.
კაჭარავა და ბერაძე რატომ ვერ შეეწყვნენ „ტრაბზონს“?
- კაჭო და ბონა კარგი ფეხბურთელები არიან, კიდევ უფრო უკეთესი - ადამიანები. ბონამ თავიდან კარგად ითამაშა, მერე კი მოუკლო, ამიტომაც სკამზე დავსვი. კაჭო კი ძალიან გამოგვადგა. მათი წასვლა, ფაქტიურად, ტყუპების მოსვლასთან იყო დაკავშირებული, რადგან „ტრაბზონში“ ხუთი უცხოელი იყრიდა თავს. უტყუპებოდ „ტრაბზონი“ წარმოუდგენელია, ამიტომ ისევ კაჭოს და ბონას შეველიეთ.
წელს რას უმიზნებთ?
- სანამ „ტრაბზონის“ სათავეში ვარ, კლუბის მიზანი მუდამ ჩემპიონობისთვის, თასისთვის და ევროპაში გასვლისთვის ბრძოლა იქნება. ერთ მიზანთან ახლოს
- თასის ფინალში პრაქტიკულად გასულები ვართ. ჩემპიონატშიც თერთმეტი ტურია დარჩენილი. ვნახოთ, ორივეში პირველობისთვის ვიბრძოლებთ.
ტყუპების მონაგარი ამ სეზონში ასეთია: შოთამ - ჩემპიონატის 10 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თასზე 4 მატჩში - 5. არჩილის შედეგი ზემოხსენებული მიზეზთა გამო შედარებით მოკრძალებულია, შესაბამისად, 6 (3 გოლი) და 3 (2 გოლი). ტყუპების ქება-დიდებას, როგორც ხედავთ, ბოლო არ უჩანს. მაინც, არის ერთი კაცი, რომელიც სისხლხორციელადაა დაინტერესებული ტყუპების წარმატებით, მაგრამ მათი თამაშის ყველაზე კრიტიკული შემფასებელიც გახლავთ - ჯემალ ჩიმაკაძე - ტყუპების ბავშვობისა და „ტრაბზონის“ ერთ-ერთი მწვრთნელი:
- ტყუპებს ყველაფერი აქვთ, დიდი ფეხბურთი რომ ითამაშონ, მაგრამ მაინც მინდა გამოვყო რამდენიმე მომენტი, რომლებზეც მათ დიდი მუშაობა მართებთ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ამ თვისებათა გაუმჯობესების გარეშე დიდ ფეხბურთელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. დავიწყოთ არჩილით, რომელსაც მივუთითებდი, რომ ბევრი უნდა იმუშაოს სწრაფი, საგოლე გახსნის დაბალი კოეფიციენტის ასამაღლებლად. დარდიმანდული ხასიათისა და ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო საგოლე პასის ხარისხიც გასაუმჯობესებელი აქვს, ისევე, როგორც ძალისმიერი თამაში. შოთას კი, ჩემი აზრით, მართებს კონტაქტურ, უშუალო ორთაბრძოლაში საჭირო ძალის მომატება, ერთგვარად ერთფეროვანი დრიბლინგის გამრავალფეროვნება, ჭარბი ემოციურობის დაძლევა, რაც ზედმეტ ლაპარაკშიც გამოიხატება და ენერგიის უმიზნოდ ხარჯვაც მოსდევს.
ტყუპების შეფასებისას ჩემს თავს ამდენის უფლებას იმიტომ ვაძლევ, რომ ბიჭებს 9-10 წლიდან ვიცნობ და ჩემს თვალწინ, ჩემი უშუალო მეთვალყურეობით გაიზარდნენ. მათი ფსიქოლოგიაც შესწავლილი მაქვს და ინტუიციით ზუსტად განვსაზღვრავ, როდის რა სჭირდებათ. მათ, ფაქტობრივად, მთელი საფეხბურთო მომავალი წინ აქვთ...
ჯემალ ჩიმაკაძის რჩევებს რომ დაჯერება და გათვალისწინება ეგების, იქიდანაც ჩანს, რომ „ჯემალ-ბეი“ კლუბში ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და გუნდის ხელმძღვანელობა მას კონსულტაციებისთვის ხშირად მიმართავს.
23-ე ტურის მატჩმა, რომელშიც „ტრაბზონი“ მაჩანჩალა „გაზიანთეფს“ მასპინძლობდა, ტყუპების გარეშე ჩაიარა: არჩილს ტრავმა არ მოუშუშდა ბოლომდე, შოთა კი კლუბის ხელმძღვანელობამ დაასვენა: ამ მატჩს უშენოდაც მოვიგებთ, შენ ძალები მოიკრიბე, მომდევნო ტურში „ფენერბაჰჩესთან“ უპრინციპულესი მატჩი გვაქვს სტამბოლში და იმისთვის მოემზადეო. ტყუპებმაც თამაშს ლოჟიდან უყურეს. მატჩი მეც მოსაწყენი მეჩვენა და ჩემს თურქ კოლეგებსაც. შეხვედრა „ტრაბზონმა“ იოლად, 3:0 მოიგო.
თამაშის შემდეგ ერთი თურქი გულშემატკივარი გამომეცნაურა. ტრაბზონის მუნიციპალური სატელეფონო სადგურის უფროსი ალათინ ბეი ვარო და ასეთი რამ მითხრა:
- „ტრაბზონის“ მოგება როგორ არ გამიხარდა, მაგრამ ამ ტყუპებმა ისე შემაყვარეს თავი, თუ თამაშს მათი გოლების გარეშე ვიგებთ, ჩემთვის ეშხი აღარა აქვს. მე მაგათი გოლები მიხარია, დაე, ჩემმა თანამემამულეებმა მათ მერე გაიტანონ გოლები. ვაჭრუკანა, მეძავი და აფერისტი ქართველების შემყურემ პირველად ვნახე წესიერი, მშრომელი და ნიჭიერი ქართველები. ამათ ისე შემაცვლევინეს წარმოდგენა ქართველებზე, თბილისშიც ჩამოვედი, „დინამო“ – „უნივერსიტატიას“ მატჩზე. ის კი არა, ახლა ჩემს გენეალოგიაში ვიქექები, ეგება ვინმე ქართველს წავაწყდე.
გაზეთ „მილიეთის“ კორესპონდენტმა ალთუ ათალაიმ კი შოთა რომარიოს შეადარა - მისებრ ტექნიკური და ბომბარდირიაო, მცირე შანსსაც კი გოლად აქცევსო. ეგაა, ტყუპებს მჭიდრო, ხისტი თამაში არ უყვართ და თუ ამასაც მიეჩვევიან, მათი გამჩერებელი კაცი არ იქნება...
არველაძეებთან სტუმრობისას რეზომ დარეკა გერმანიიდან. მყის კალამი მოვიმარჯვე და უფროს ძმას სატელეფონო ინტერვიუც ავართვი.
რამდენი მატჩი ითამაშე?
- ორი. პირველი 5:1 მოვიგეთ, მეორე ფრედ – 1:1 დავასრულეთ. ნახევარდაცვაში ვთამაშობ, ხან შუაში, ხანაც ფლანგებზე. კაჭარავას და ინალიშვილს ტრავმები ჰქონდათ, მესამე ტურში შემოგვემატებიან.
„ტენის-ბორუსია“ რომელ ადგილზეა?
- ახლა მეშვიდეზე ვართ, ლიდერს შვიდი ქულით ჩამოვრჩებით. სამქულიანი სისტემით ეს არაა დიდი სხვაობა. მთელი წრე წინაა და კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მეორე ბუნდესლიგაში გადავალთ.
გუნდში სხვა უცხოელი ვინა გყავთ?
- მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი თავდამსხმელი რუსიაევი. ჩვენს ლიგაში უცხოელთა რაოდენობა შეუზღუდავია. გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ჩვენით, ვინც თავს არ ვზოგავთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. კონტრაქტი მაისში გვითავდება. რამდენიმე კლუბიდან უკვე მოწვევებიც მაქვს. ვნახოთ, შესაძლოა, ახალი სეზონი კვლავ ბუნდესლიგაში დავიწყო. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
ტყუპებთან საუბარი ბოლოსთვის შემოვინახე. მათ კვლავაც ისე ენატრებათ თბილისი და აქაურობისა, იმდენი რამე გამომკითხეს, ინტერვიუ ფაქტობრივად ჯერ მე მივეცი. ბოლოს ყველაფერი დალაგდა.
არჩილ, ამდენმა ტრავმებმა გული ხომ არ გაგიტეხეს?
- ამისთანა უიღბლობის მერე ერთი პირობა ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი მოშლილი, ვიფიქრე, თავს დავანებებ-მეთქი. მაგრამ ჩემმა ძმამ, ჯემალ ჩიმაკაძემ, მშობლებმა და ახლობლებმა, როგორც იქნა, ეს სტრესი გადამატანინეს. ტრავმაც მომიშუშდა და პირველივე ვარჯიშებზე მივხვდი, რომ უფეხბურთოდ ვერ გავძლებდი. მალე ფორმას აღვიდგენ და იმედი მაქვს, კვლავ ავალაპარაკებ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს. საქართველოს კი, თუ დავჭირდები, რომელი ნაკრებიც უნდა იყოს, მუდამ მზად ვარ თბილისში ჩამოსასვლელად.
შოთა, ბოლო მატჩებში გოლი არ გაგიტანია, რას მივაწეროთ?
- გუნდში ყველას გოლის გატანა უნდა, ჩემთვის კი მთავარია, გუნდმა მოიგოს, მე გავიტან თუ სხვა ჩემი პასით, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ვიმეორებ, მთავარია, გუნდმა გაიმარჯვოს. ერთ-ერთ თამაშში სამი საგოლე პასი მივეცი, ჟურნალისტები კი მეკითხებოდნენ, გოლი რატომ ვერ გაიტანეო. საერთოდ, აქაურ ჟურნალისტთა უმრავლესობა იაფი სენსაციების მოყვარულია, თითო-ოროლა თუ აშუქებს პროფესიულად მატჩებს.
გოლებს კი კიდევ უამრავს გავიტან. ჩემი ფიქრები ახლა გერმანიასთან მატჩს დასტრიალებს. წარმომიდგენია 29 მარტს გადაჭედილი, აგუგუნებული „დინამოს“ სტადიონი. მარტო ამ თამაშისთვის ღირს ცხოვრება.