საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის პროგრამისა და შემადგენლობის განხილვა მიმდინარეობს. ამ მიზნით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ალასანია პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგა.
ირაკლი ალასანიამ გამოსვლა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრით დაიწყო. მან უწყების პრიორიტეტებად ლოგისტიკა, ინფრასქტრუტურა და სამხედრო განათლება დაასახელა. ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცი და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა თავდაცვის უწყების უპირველესი ამოცანაა. ამ მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ნაწილში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზეც გაამახვილა ყურადღება. ხელფასები გაეზარდათ როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს. „შეიარაღებულ ძალებში ამან კიდევ უფრო გაზარდა სტიმული. 95%, რომელიც კონტრაქტს ასრულებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის გაგრძელების სურვილი აქვთ“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
დაჭრილი მეომრების პროგრამა ირაკლი ალასანიას გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. როგორც მან აღნიშნა, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა, რაც მათ უკეთ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ირაკლი ალასანიამ შერჩევის საბჭოს შექმნაზეც ისაუბრა, რომელიც პროფესიული კადრების შერჩევას, პროფესიულ ზრდასა და დაწინაურებას კურირებს. ამ ცვლილებამ მინიმუმამდე დაიყვანა პირადი გადაწყვეტილებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისა თუ სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების დაწინაურება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატი თავდაცვითი შეიარაღების შეძენის საკითხსაც შეეხო. მან დეკლარირებულად განაცხადა, რომ ქვეყანა კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, „თუმცა, ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ექნება ყველა არსებულ მწვავე უსაფრთხოების გამოწვევაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. სწორედ, ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი მომავალ წელს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
კანონმდებლების წინაშე ირაკლი ალასანია ვეტერანთა საკითხსაც შეეხო. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ძალიან მალე დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით, შემუშავებულია კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახები, კომპენსაციის სახით, 2014 წლიდან ყოველთვიურად 500 ლარს მიიღებენ, ხოლო 2015 წლიდან ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზრდება.
გამოსვლის დასასრულს ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების განსაკუთრებულ წვლილზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთში გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და მოპოვებული ავტორიტეტის შედეგად, ნატოს წევრი ქვეყნებისგან მიიღო თანხმობა, რომ 2015 წელს ქართული ჯარი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი გახდება. „ეს ნიშნავს იმას, თუ რამხელა ნდობას უცხადებს საქართველოს და ქართულ არმიას საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების და მეომრების ძალიან დიდმა ძალისხმევამ უკვალოდ არ ჩაიარა, ბუნებრივია ავღანეთშიც და ერაყშიც“.
ირაკლი ალასანია საქართველოში ჩატარებულ პრეზიდენტის დემოკრატიულ არჩევნებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზების მნიშვნელობასაც შეეხო. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი მომავალშიც შენარჩუნდება.
ბოლოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური გუნდის წევრად დარჩენა მისთვის საამაყოა. ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ახალი შემადგენლობით მთავრობა დასახული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში შეძლებს.