როგორ გადაურჩა გამტაცებლებს პროფი წულაია და რატომ გარისკა შინ დაბრუნება...
"მე, ჩემი ძაღლი ცოცია და თოვლივით ქათქათა კატა ვცხოვრობთ ერთად გალის რაიონის სოფელ სიდაში. 25 წლის წინ ჩემს სახლში საბოლოოდ დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და მას შემდეგ აქ ვარ", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს გალში მცხოვრები 97 წლის პროფი წულაია. 23 მარტს ბატონ პროფის დაბადების დღე ჰქონდა. ეს დღე ერთად რომ აღენიშნათ თბილისიდან გალში ქალ-ვაჟმა და მეუღლემ ჩააკითხეს, მეზობლებთან ერთად გაულამაზეს ეს დღე. წულაიებს აფხაზებმა სახლ-კარი გადაუწვეს. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ბატონი პროფი მაინც არ დანებდა, არ ტოვებდა იქაურობას. ომის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ ყოველდღე ზუგდიდიდან გალში, თავის ეზოში მიდიოდა და დაღამებამდე იქ ტრიალებდა, მერე გვიან ღამით დაღლილი ბრუნდებოდა ისევ სოფელ შამგონაში.
- ზუგდიდის სოფელ შამგონადან ჩემს სახლამდე მოკლე გზით რომ გადაჭრი, 6 კილომეტრია. ყოველ დილით 6 საათზე ვდგებოდი და მოვდიოდი აქ. ერთ საათს ვანდომებდი გზის გავლას. მერე ჩემს ეზოს ვაწესრიგებდი, ვრგავდი ხეხილს, მომყავდა პროდუქტები და საღამოს ჩემი ეზოს ხილი პატარა ჩანთით შამგონაში მიმქონდა. შენი ეზოს ხილს სულ სხვა გემო აქვს. ვაწვდიდი მეზობლებსაც. ასე ძალიან დიდხანს ვიარე. დღისით სადმე თავი რომ შემეფარებინა, ჩემი ხელით საგულდაგულოდ პატარა ადგილი ბრეზენტით გადავხურე. ერთ დღესაც ჩვეულებრივად ეზოს ვასუფთავებდი. თურმე ამ დროს ჩამოიარეს გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ჭაღარა მოხუცი რომ დამინახეს, უკითხავთ ჩემი ამბავი. მათთვის უთქვამთ, ყოველდღე ზუგდიდის სოფელ შამგონადან დადის, აქაურობას არ ტოვებსო. როგორ ჰყვარებია თავისი სახლ-კარიო. არ ვიცი ვის მიმართეს, მაგრამ ერთ დღეს სახლში ხის მასალით დატვირთული მანქანით მომადგნენ და ჩემს ეზოში პატარა სახლი ამიშენეს. სულ ორი ოთახია, მაგრამ ჩემთვის ეს მაშინ ბევრს ნიშნავდა. ძალიან გახარებული ვიყავი. სახლს აწერია ვინ ააშენა და მიაწერეს „დროებითი თავშესაფარი“. არადა, მას შემდეგ 25 წელი გავიდა და მე დღემდე მათ აშენებულ ამ პატარა სახლში ვცხოვრობ. ჩემმა ქალიშვილმა შპალერი მიყიდა, გამილამაზეს აქაურობა.
23 მარტს 98-ე წელში გადავაბიჯე. ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე. ახლა გაზაფხულია, ირგვლივ ყველაფერი ყვავის, ბუნებამ გაიღვიძა. მეც უკვე დავიწყე საგაზაფხულო სამუშაოები. ხვნა-თესვისთვის ეზო მოვაწესრიგე. ჩემს ეზოში აყვავდა ყვავილები, ძალიან ლამაზი გარემოა, ვუვლი აქაურობას და ძალიან მიყვარს. ჩემები არ არიან გალში, შვილები და მეუღლე თბილისში ცხოვრობენ. მე არ შემეძლო აქაურობის დატოვება და წლებია, აქ მარტო ვარ.
- იქნებ გაიხსენოთ ომის წლები...
- 1993 წელს წავედით აქედან მე და ჩემი მეუღლე, ამ დროს ჩემი შვილები სტუდენტები იყვნენ და თბილისში სწავლობდნენ. რამდენიმე წუთი მისაღებ ოთახში ჩუსტებით ვიდექით და იმას ვფიქრობდით, რა წაგვეღო. პირველ რიგში ალბომები ჩავალაგეთ შვილების დიპლომატში, ჩემმა მეუღლემ ვეფხისტყაოსანი აიღო და ლადო ასათიანის წიგნი, რომელიც ჩემს ვაჟს ძალიან უყვარს და ასე დავტოვეთ სახლ-კარი. ბევრს ფოტოებიც კი არ დარჩა სამახსოვროდ. მერე მე ჩემს ალბომში აღმოჩენილ ნათესავების ფოტოებს მათ ვურიგებდი და ასე ვახარებდი. ენგური გადავცურეთ და ისე გადავედით ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. იქ ვიღაცის მიტოვებულ სახლს შევაფარეთ თავი, სულ 11 ადამიანი ვიყავით, 40 დღე იმ სახლში ვცხოვრობდით, იატაკზე ვიწექით. მერე ძველი კოლმეურნეობის შენობას შეაფარა ხალხმა თავი. ჩვენც ვთხოვეთ იქაურებს რომ ერთი ოთახი მოეცათ. ყველა ოთახი დაკავებული აღმოჩნდა. ადგილობრივ კაკო წყაროზიას შევეცოდეთ, კინოსთვის განკუთვნილი ერთი ბნელი ოთახი იყო დარჩენილი, ის გაგვითავისუფლა და მოგვცა, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით. როგორც ყველა, ჩვენც იმ იმედით ვიყავით, რომ სახლში მალე დავბრუნდებოდით. მართლა მძიმე დღეები იდგა. შინ დაბრუნებაზე ფიქრს თავს არ ვანებებდით. მე და ჩემი მეუღლე ერთ დღეს იქ ტყე-ტყე შევიპარეთ, სახლში საქონელი გვყავდა, დიდი მეურნეობა გვქონდა, მაგრამ სახლამდე ვერ მივედით. ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ დადიოდნენ ოჯახ-ოჯახ შეიარაღებულები. ჩეჩენი ქალებიც კი იყვნენ მაშინ შემოსულები, ძლივს მიათრევდნენ იარაღს. რაღაც უცნაური, დიდი მანქანებით დადიოდნენ. სოფელში ყველაფერი გაგვინადგურეს, დასდევდნენ საქონელს, კლავდნენ თიკნებს, ძროხებს, კამეჩებს, სახლებიდან გაჰქონდათ ნივთები. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს ყველაფერი. არაფერი დატოვეს და ამას შორიდან დიდხანს ვუყურებდით. რომ წავიდნენ, მერე დავბრუნდით სახლში. მთლიანად გაძარცული დაგხვდა იქაურობა. საათიდან დაწყებული, ხალიჩა, ქვაბები, პროდუქტები, მოკლედ არაფერი დაუტოვებიათ. კიდევ კარგი, სახლში არ ვიყავით იმ დროს, თორემ ალბათ დაგვხოცავდნენ. იმ წელს უხვი მოსავალი იყო. ყველას სახლი სავსე გახლდათ პროდუქტებით. შემოსავალიც იყო. ძველებმა იცოდნენ თქმა, როცა ასეთი უხვი მოსავალია, ომი იცისო. მართლა ასე მოხდა. უამრავი სულგუნი და სხვადასხვა პროდუქტი გვქონდა. შინ რომ შევედით, წარმოიდგინეთ საერთოდ არაფერი დაგვხვდა. ცოტა ღერღილი იყო დარჩენილი, გვშიოდა ძალიან და ის მოვხარშეთ, შაქარი მოვაყარეთ და შევჭამეთ. ომის შემდეგ 5 წელი ზუგდიდში, შამგონაში ვცხოვრობდით. 25 წელია რაც დავბრუნდი ჩემს სახლში. მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ ის შვილებთან არის თბილისში. ცოცია ძაღლი მყავდა, ძალიან ერთგული, ის მომიკვდა და განვიცადე. საფლავიც კი გავუკეთე. მერე შვილებმა ჩამომიყვანეს თბილისიდან ძაღლი, მასაც ცოციას ვეძახი და მყავს პატარა, საყვარელი ციბუნია. თეთრი თოვლივით ქათქათა კატა.
- სოფელში მეზობლები ცხოვრობენ?
- წინა მხარეს და მარჯვნივ - კი, გვერდით არავინ არის. თუმცა სოფელში ცხოვრობენ ისინი, ვინც არ ტოვებს თავის სახლ-კარს. ერთი სახლის იქით არის ჩემი მშობლების სახლი, ისიც დამწვარია. ამ სოფელში უბანი საწულაიო აფხაზებმა მთლიანად გადაწვეს. აქ ძირითადად, ყველა ერთმანეთის ნათესავი ვცხოვრობდით.
- რატომ გადაწვეს?
- ეს დიდი ამბავია. იმ წლებში მე ჯერ კიდევ შამგონაში ვცხოვრობდი. სოფელში მხოლოდ ასაკოვნები იყვნენ დარჩენილები. პარტიზანული მოძრაობა იყო და პარტიზანები პერიოდულად შედიოდნენ იქ. ჩვენი სახლის უკან, სამი კილომეტრის დაშორებით არის დიდი მინდორი, იქ პარტიზანებს და აფხაზებს შორის მოხდა სერიოზული შეტაკება. ისინი ტყეში შეეჩეხნენ ერთმანეთს და მაშინ ქართველმა პარტიზანებმა 12 აფხაზი მოკლეს. როგორც ვიცი, აქედან 6 ადამიანი ერთი სანათესავო ყოფილა. სადაც მდინარე სიდა ჩაედინება, იმ ადგილას მოხდა ეს ფაქტი. ერთ-ერთმა დაჭრილმა თურმე, სიკვდილამდე ნიშანის მიცემა მოასწრო და აფხაზებმა გაიგეს, რომ მათ უჭირდათ და წამოვიდნენ მათ დასახმარებლად. ამასობაში სოფელს შეეშინდა, აგვაწიოკებენო და დამარხეს მიცვალებულები. აფხაზები ეძებდნენ მათ, ბოლოს დახოცილები მაინც უნდოდათ ეპოვათ, მაგრამ ვერ მიაგნეს. სოფელი გაიხიზნა. ბოლოს თურმე ერთი ადგილობრივი დაიჭირეს, საშინლად სცემეს და ჰკითხეს, სად მოხდა, ის მაინც გვითხარი, მიცვალებულები მაინც დაგვიბრუნეთო. მას უთქვამს, მგონი წულაიების მხარეს მოხდაო. ერთი ქუჩაა აქ წულაიების, ჩემი ბიძაშვილები, მათი შთამომავლები, ძირითადად ისინი ცხოვრობენ. მართალია მომხდართან კავშირში არ ვიყავით, მაგრამ გაბრაზებულმა აფხაზებმა მთელი ქუჩა გადაწვეს. ყველა სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ისე წავიდნენ. ვინც სოფელში იმალებოდა და ეს ნახა, შეეცადა ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ სახლების დიდი ნაწილი მაშინ მთლიანად დაიწვა, მათ შორის ჩემი და მამაჩემის სახლიც. ეს ამბავი შამგონაში გავიგე, მე და ჩემმა მეუღლემ გავრისკეთ და შემოვედით. მაშინ ვინც ეს ამბავი მითხრა, ის მამშვიდებდა, - პროფი, შენი სახლი კი დაიწვა, მაგრამ მგონი მამაშენის სახლი გადარჩა და იქ ცხოვრებას მაინც შეძლებო. ქუჩის თავში იყო მამაჩემის აშენებული სახლი. როცა იქ შევედით მე და ჩემი მეუღლე. პირველი მამაჩემის დამწვარი სახლი ვნახეთ, მთლიანად დამწვარი იყო ჩვენი სახლიც. ახლაც არ ვიცი, როგორ გავუძელი ამ ტკივილს. არ ვიცი, რას ვეძებდით იმ დანახშირებულ კედლებში მე და ჩემი მეუღლე, ყველაფერს ხელით ვეხებოდით. უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა და მხოლოდ ნახევრად დამწვარი წიგნები ვიპოვეთ. 50 წლის ნაშრომს რომ ხედავ ასე განადგურებულს, ეს საშინელებაა. მაშინ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი დაიკარგა. თავში ხელები შემოვირტყი. მეუღლემ მითხრა, ყველანი ცოცხლები ვართ, ახლა ეს არის მთავარიო. მართლა ასეა, მაგრამ როცა აანალიზებ, ხვდები არაფერი გაქვს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს და შენთვის არავის სცალია. ეს რთულია. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ჩემი უფროსი ვაჟი 1987 წლიდან თბილისშია, იმ პერიოდში იუსტიციის სამინისტროში თედო ნინიძესთან მუშაობდა. არავისთვის გვითხოვია დახმარება, მრცხვენოდა, ყველას უჭირდა მაშინ და ვისთვის რა უნდა გვეთხოვა? დავბრუნდით ისევ შამგონაში. ჩემი მეუღლე მამხნევებდა, ამდენს ნუ ნერვიულობ, მთავარია ცოცხლები ვართო. ცდილობდა თვითონ თავისი ემოციები მოეთოკა, მაგრამ რამდენიმე დღეში თვითონაც ძალიან ცუდად გახდა.
- როგორც ვიცი, თქვენ მძევლადაც აგიყვანეს. ეს როგორ მოხდა?
- მაშინ თბილისში ვიყავი შვილთან ჩასული და იქ გავიგე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი კაკო კვესელავა იყო გალში გარდაცვლილი. გადავწყვიტე გამერისკა და მის დაკრძალვაზე ჩავსულიყავი. ჩამოვედი, დაკრძალვის შემდეგ ჩემი ბიძაშვილის სახლში წავედი და იმ ღამით იქ დავრჩი. დილის 7 საათზე შემოცვივდნენ სოფელში შეიარაღებულები და ფაქტობრივად მთელი სოფელი, 31 ადამიანი ტყვედ აგვიყვანეს. ყველანი გალიდან ოჩამჩირეში წაგვიყვანეს. 45 დღე ტყვეობაში ვიყავი. ტყუილს ვერ ვიტყვი, ასაკოვანი გახლდით და ფიზიკურად არავინ შემხებია, არ ვუცემივართ, მაგრამ ჩემ თვალწინ სცემდნენ საშინლად ახალგაზრდა ბიჭებს, მათ ცემა-ტყეპას ვუყურებდი, საშინელ დღეში აგდებდნენ, ეს მძიმე გადასატანი იყო ჩემთვისაც. არც საჭმელი გვქონდა. რაც ყველაზე დაუვიწყარია და მთელი ცხოვრება მომყვება, ჩემ თვალწინ მოკლეს 12 კაცი. ვინც პარტიზანი იყო, ის ბიჭები მალევე დახვრიტეს, მათ შორის ორი ჩვენი სოფლიდან გახლდათ... სადღაც შეგვყარეს ფინურ სახლში, მერე ავტოფარეხში. ჩემ თვალწინ დახვრიტეს ბიჭები და ამის დავიწყება შეუძლებელია. გატაცებულებს შორის ჩემი ბიძაშვილის შვილებიც იყვნენ, ახალგაზრდები და მათაც სასტიკად სცემეს. ძნელია, როცა ამ დროს მათ ვერ ეწინააღმდეგები, ახლობლებს ვერ ეხმარები...
თურმე ხმა გავარდა და ოჯახის წევრებს მეც გარდაცვლილი ვეგონე. ავთო იოსელიანი იყო მაშინ დაზვერვის უფროსი, ის იყო ჩართული მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში. როგორც მახსოვს, მაშინ აფხაზებს ზუგდიდის სოფელ რუხიდანაც ჰყავდათ მძევლად ხალხი და მათ შორის ბავშვებიც გატაცებული. რუხი არ იყო ოკუპირებული ტერიტორია, ენგურის სანაპიროზე ჰქონდა ამ ოჯახს ყანა. თურმე იმას ამუშავებდნენ. მამაკაცს შვილებიც ჰყავდა წაყვანილი ყანაში და ყველანი გაიტაცეს. ისინი არ იყვნენ გალის მცხოვრებლები, მაგრამ ეტყობა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. დიდი ამბავი ატყდა ამის გამო, ითხოვდნენ გამოსასყიდს. როგორც მახსოვს, მაშინ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასაკოვნებიც გაიტაცეს. ჩემი ასაკის ხალხი არ მიჰყავდათ არასდროს. ყოველთვის კარგად ჩაცმა მიყვარდა და უნდა გენახათ, გზადაგზა როგორ მხდიდნენ ტანსაცმელს. 45 დღე გავატარე ტყვეობაში. როგორც გითხარით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილის ოჯახს ფული გადაახდევინეს, გამოსასყიდი, მერე მთავრობა ჩაერია და ჩვენ ტყვეებში გაგვცვალეს. მაშინ ავთო იოსელიანი ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. 45 დღე წვერგაუპარსავი ვიყავი. იქიდან გაეროს ხალხმა წამოგვიყვანა. ეს იყო ავთო იოსელიანის დამსახურება. დიდი წვლილი შეიტანა მან ჩვენს გათავისუფლებაში. რამდენიმე გატაცებული ისეთი ნაცემი იყო, რომ გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. იარაღს აჟღარუნებდნენ სულ. იყო ფაქტი, როცა ბიჭი ფეხში დაჭრეს და ეკითხებოდნენ, - გტკივაო? მერე ისევ ესროლეს მას ფეხებში. ამდენი წელი გავიდა და მიჭირს ამ ამბების გახსენება. ძალიან ახლოს იყო სროლები და ამის გამო ძალიან დამიქვეითდა სმენაც. იქიდან რომ გამოვედი, ცალ ყურში არც მესმოდა. 45 დღე საერთოდ არ დავწოლილვარ, სკამზე ვიჯექი. მეორე სკამი წინ მქონდა მიდგმული და იმაზე მქონდა ფეხები დაწყობილი, რადგან მისივდებოდა. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, ვერ ვივიწყებდი ამ ამბებს, ღამე არ მეძინა. საშინელი მდგომარეობა იყო, ამის დავიწყება შეუძლებელია... ის 5 წელი, შამგონაში რომ ვცხოვრობდი, დღედაღამ ჩემს სახლზე ვფიქრობდი. მაშინაც არ ვჩერდებოდი და შემოვიპარებოდი ხოლმე სახლში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველ დილით, 6 საათზე ვდგებოდი და აქ მოვიჩქაროდი. საღამოს ხილით დატვირთული მივდიოდი შამგონაში, მეტი არაფერი მქონდა ეზოში. ასე გამყავდა დრო. რომ დავბრუნდი, სოფელში ვენახიც კი გამხმარი იყო, ყველაფერი თავიდან დავრგე. ახლა ეზოში სეზონის ყველანაირი ხილი მაქვს. ბანანიც კი დავრგე, მაგრამ ნახევრად დამწიფდა. მომყავს სიმინდი, სხვადასხვა პროდუქტი. დახვნაში მეზობლები მეხმარებიან, მერე მე ვთოხნი... ღონე არ არის თორემ. მაინც არ ვჩერდები და როგორც შემიძლია, ვუვლი კარ-მიდამოს.
- პროდუქტების საყიდლად ბაზარში დადიხართ?
- დავდივარ ბაზარში, „მარშრუტკა“ ჩამოივლის ჩემს სახლთან და იმას მივყვები. პროდუქტები გაძვირდა. გალიდან ეზიდებიან ყველაფერს აფხაზები. გალი რომ არ იყოს, არ ვიცი, რა ეშველებოდათ. გალი ზუგდიდიდან მარაგდება. რთულია აქ ცხოვრება, მე არავინ მექცევა ცუდად, მაგრამ რაც დრო გადის, ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა ხალხს. ერთი პერიოდი თითქოს დაიწყეს სახლებში დაბრუნება. ააშენეს, მოაწესრიგეს ეზო-კარი, მაგრამ აქ ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ და გაჩერება არავის უნდა. გალს როგორც რუსეთს, ისე არ უყურებენ, ამიტომ უფრო დაჩაგრულია აქაური მოსახლეობა. ადრე სხვადასხვა პროდუქტი შემოჰქონდა გაეროს ჰუმანიტარული მისიით, ყოველ შაბათ დღეს მოჰქონდათ წიწიბურა, შაქარი, ფქვილი, ზეთი. ბოლოს ერთი თვის წინ მოგვიტანეს პურის ფქვილი.
- სახლში საჭმელს თქვენ ამზადებთ?
- არაფრის გაკეთება არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე. პირველად პური როგორ უნდა მომეცომა, მეუღლემ ამიხსნა ტელეფონით, მაგრამ ცომი რომ ვერ მოვიშორე ხელიდან, ჯამიანად მოვისროლე (იცინის). მერე ესეც ვისწავლე. ღომის მომზადებაც შემიძლია. მეზობლებიც მაწვდიან „პერედაჩს“, როცა რამეს მოამზადებენ. რთულია აქ ცხოვრება, მაგრამ დღესასწაულებზე რომ ჩავდივარ თბილისში მეუღლესა და შვილებთან, იქ დიდხანს ვერ ვჩერდები. მეხვეწებიან, დარჩიო, მაგრამ ვბრუნდები ისევ გალში. ახლა უკვე მიჭირს აქ დარჩენაც, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ეზო რომ მივატოვო, ყველაფერი განადგურდება. საათი საქართველოს დროზე მიყენია, აქაურ დროს არ ვცნობ. ძალიან მენატრება ურთიერთობები. ადამიანებთან საუბარი, იმ დროის სიყვარული. ჩამოსვლით ძალიან გამახარეს ოჯახის წევრებმა. აქ ყველაფერი აყვავებულია. ჩემი მეუღლე სულ დარდობს ჩემზე. ეს დღეები თავის ეზოში რომ დადიოდა, ვხედავდი, როგორ უხაროდა, მაგრამ ისევ უკან ბრუნდება ჯანმრთელობის პრობლემის გამო... ღმერთმა ქნას, მალე დადგეს დღე, როცა ყველა დევნილი შეძლებს თავის მონატრებულ სახლში დაბრუნებას. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს!