დავით კირკიტაძე კვლავ სკანდალში გაეხვია

დავით კირკიტაძე კვლავ სკანდალში გაეხვია

პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობარი და პარლამენტის უმრავლესობის სახე, დავით კირკიტაძე უკვე მეორედ გაეხვია სკანდალში. თემა უცვლელია - გავრცელებული ინფორმაციით, მან ისევ დაცვის თანამშრომელი სცემა.

გახსოვთ ალბათ, კირკიტაძის პირველი სკანდალი პარლამენტში შედგა, როდესაც მან დაცვის თანამშრომელს, სოსო ჯებისაშვილს მოსთხოვა მასთან სტუმარი პრეზიდენტის ფლიგელიდან შემოეშვა. ეს ამბავი ხელჩართული ჩხუბით დამთავრდა, თუმცა კირკიტაძემაც და დაცვის თანამშრომელმაც ჟურნალისტებთან ეს ამბავი დამალეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მაშინ ინფორმაცია გაჟღერდა, რომ კირკიტაძესა და ჯებისაშვილს შორის გარიგება შედგა. ჯებისაშვილი ერთთვიან შვებულებაში გაუშვიათ და პლუს პრემიაც კი მიუციათ.

კირკიტაძის სკანდალურმა სერიალებმა პარლამენტიდან რესტორანში გადაინაცვლა. ორივე სკანდალს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. პირველ შემთხვევაში მას კონფლიქტი სამთავრობო დაცვის მხოლოდ ერთ თანამშრომელთან მოუხდა და ისიც პარლამენტში. ამ შემთხვევაში კი ოთხთან, თანაც ისინი კერძო დაცვის ფირმას „დელტას“ წარმოადგენენ. ჩხუბის პირველი ფაქტი პარლამენტში მოხდა, მეორე კი რესტორან „მონოპოლში“. უფრო საინტერესო დამთხვევა ის არის, რომ კირკიტაძე ვინმეს სცემს თუ არა, მეორე დღესვე კიევში მიფრინავს. პირველი ფაქტის დროს თუ უკრაინაში არჩევნების „საბალელშიკოდ“ წავიდა, ახლა ის გამარჯვებული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. მოკლედ, დათო კირკიტაძე კიევში გაფრენამდე მაქსიმალურად ცდილობს, დაცვის თანამშრომლებთან ჭიდაობით უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს.

რა მოხდა რესტორან „მონოპოლში“?

ნათლისღება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განსაკუთრებული დღესასწაულია და ყველა ცდილობს, რომ შვილები მაინც და მაინც ამ დღეს მონათლოს. გამონაკლისი არც კულტურის მინისტრის მოადგილე, ლადო ვარძელაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც შვილი, ოთხი თვის ირაკლი, 19 იანვარს, ქაშუეთის ეკლესიაში, ბავშვობის მეგობარს, დათო კირკიტაძეს მოანათლინა. ბავშვის მეორე ნათლია, ასევე ლადოს მეგობარი, ნინო ახობაძე გახლდათ. ნათლობის ცერემონიალი საღამოს ხუთ საათზე შედგა. ოჯახმა გადაწყვიტა ეს დღე რესტორან „მონოპოლში“ აღენიშნათ. მოქეიფე ჯგუფი იქ შეიკრიბა, ისინი დაახლოებით ოცდახუთამდე იყვნენ. იქეიფეს ღამის თორმეტ საათამდე, უფრო სწორედ მანამდე, სანამ დათო კირკიტაძესა და დაცვის თანამშრომლებს შორის ინციდენტი არ მოხდებოდა.

„ალია“დავით კირკიტაძეს ვერ დაუკავშირდა, რადგან ორი დღეა ის უკვე კიევშია და ტელეფონიც გათიშული აქვს. ჩვენ შევხვდით კულტურის მინისტრის მოადგილეს, ლადო ვარძელაშვილს და დეტალების შესახებ ის გვიყვება:

- არაფერი ისეთი არ მომხდარა, დათოს ტყუილად დაბრალდა ეს ყველაფერი.

ცოტა კურიოზული თავად ის ფაქტია, რომ უკვე მეორედ, სანამ დათო კიევში გაფრინდება, ჯერ დაცვას სცემს და მერე მიფრინავს უკრაინაში. მოდით, სანამ ამ ფაქტზე ვისაუბრებთ, ჯერ თქვენი და დათოს მეგობრობის შესახებ მოგვიყევით. როდის გაიცანით ერთმანეთი, რამდენი ხანია მეგობრობთ და რატომ მოანათლინეთ შვილი მაინც და მაინც კირკიტაძეს?

- დათო კირკიტაძე ბავშვობაში გავიცანი, ოცდამეთხუთმეტე სკოლაში ვსწავლობდით, ფეხბურთის სკოლაში. სხვადასხვა გუნდში ვიყავით, მაგრამ ერთმანეთი იქ გავიცანით. რაც შეეხება მეგობრობას, შვიდი წელია ძმაკაცები ვართ. შვილიც ამიტომ მოვანათლინე.

მომიყევით, რა მოხდა რესტორან „მონოპოლში“?

- თორმეტი ხდებოდა უკვე, ყველაფერი კარგად მიდიოდა, პრობლემა არ იყო, რადგან ყველა ერთმანეთის მეგობარი იჯდა იმ სუფრაზე.

უკაცრავად, თქვენი მინისტრი არ გყავდათ დაპატიჟებული?

- არა, ძალიან ვიწრო წრეში გადავიხადეთ. არც მინისტრი იყო და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი. ჯერ ერთი რომ, არ მიყვარს ფართო ღრეობები და მეორეც, უახლოესი ნათესავი დავკრძალეთ ამასწინ და დიდი სუფრები და დროსტარებები ცოტა უხერხული იყო, ამიტომ მხოლოდ მეგობრების წრეში აღვნიშნე ბავშვის ნათლობა.

კონფლიქტი დაიწყო იქიდან, რომ ჩემი სტუმრები უკვე ნასვამები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მომღერალ ჯგუფს სიმღერა შეუკვეთა, იმათ უარი უთხრეს (რესტორნებში მომღერლები თავიანთ საქმიანობას 12 საათზე ამთავრებენ). ამ დროს დაცვა მოვიდა და ჩემს მეგობარს უხეშად უბრძანა, რომ შეკვეთა არ მიეცა. ეს საქციელი ჩვენთვის გაუგებარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სიტუაცია გამწვავდა, ჩვენ ყველანი ავდექით და გარეთ გამოვედით. იმ მეგობარს, რომელიც სიმღერას უკვეთავდა, დაცვამ ხელი მოკიდა და გარეთ ძალით გაიყვანა.

კირკიტაძე ამ დროს სად არის?

- დათო ჩხუბის დაწყებამდე წავიდა, ვიღაცამ დაურეკა, ბოდიში მოიხადა და წავიდა.

როგორ, ნათლიამ სუფრა დატოვა?

- ისედაც დაშლას ვაპირებდით, დათომ სადღაც თხუთმეტი წუთით გაგვასწრო. როდესაც იქ გაწევ-გამოწევა წავიდა და მე ჩემი მეგობრები და დაცვის თანამშრომლები ვერ გავაშველე, დათოს დავურეკე, მოდი მიშველე-თქო. დათომ მაშინვე პატრულში გადარეკა და პოლიციასთან ერთად მოვიდა. იქ დათოს არავინ უცემია, ის საერთოდ არ ესწრებოდა ამ ჩხუბს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციაში მოკვლევა დაიწყო, სუფრის ყველა წევრმა ჩვენება მისცა, მათ შორის მეც. დაზარალებულია ჩვენი მხარე, მათ რესტორნის დაცვა გამეტებით ურტყამდა, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან გამოძიებას ხელს არ ვუშლით.

კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ „ალიამ“ პატრულში გადაამოწმა ინფორმაცია, მართლა დარეკა თუ არა მათთან დათო კირკიტაძემ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, გურამ დონაძემ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.

ამის შემდეგ „ალია“ რესტორან „მონოპოლში“ მივიდა, სადაც ადმინისტრატორთან და „დელტას“ დაცვის თანამშრომლებთან შეხვედრა ითხოვა. ადმინისტრატორი, ვინმე სოსო აღმოჩნდა, რომელმაც თავისი გვარი დაგვიმალა და გვითხრა, რომ მსგავსი რამ ამ რესტორანში არ მომხდარა.

როგორ არ მოხდა, როდესაც პოლიციაში მოკვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, კულტურის მინისტრის მოადგილემაც და თავად დეპუტატმა დათო კირკიტაძემაც დაადასტურეს ეს ფაქტი.

- არაფერი აქ არ მომხდარა.

კარგი, მომღერლებთან და მომსახურე პერსონალთან მინდა გასაუბრება.

- არც მე და არც არავინ, თქვენ არ დაგელაპარაკებათ.

ამის თქმა იყო, რომ ადმინისტრატორი სოსო გაიქცა, მიმტანები სამზარეულოში ჩაკეტა და საერთოდ დარბაზი გადაკეტა. საქმეში „დელტას ბიჭები“ ჩაერთვნენ და ტერიტორიის დატოვება „მოკრძალებული“ ტონით გვიბრძანეს.

ამის შემდეგ „ალიამ“ დაიწყო მოძიება, ვინ იყო „დელტას“ უფროსი, რათა გაგვერკვია რა დააშავეს მისმა თანამშრომლებმა, რომ პოლიციამ დააკავა. აღმოჩნდა, რომ კერძო დაცვის ფირმა „დელტა“ არსებობს რამდენიმე. უკვე სათითაოდ მათ უფროსებთან დავიწყეთ დაკავშირება, თუმცა ყველა უფროსი გვარწმუნებდა, რომ ეს მათი ჯგუფი არ არის, ეს სხვა ჯგუფია.

მოკლედ, გამოძიება ჯერ დუმს, საქმე მოკვლევაზეა და კომენტარს არც პროკურატურაში აკეთებენ. „დელტა“ საკმაოდ დაქსაქსულია, იქ თავსა და ბოლოს ვერ გაართმევ, ერთადერთი კირკიტაძე და ვარძელაშვილი ადასტურებენ ფაქტს. კირკიტაძე ისევ კიევშია და ის თბილისში ორშაბათს დაბრუნდება. „დელტას“ დაპატიმრებული 4 წევრიდან ორი ინციდენტის მეორე დღესვე გაათავისუფლეს, დანარჩენი ორი კი ისევ პატიმრობაშია.