პეტერბურგის მუშებმა ამას წინათ ბოიკოტი გამოუცხადეს სახალხო უნივერსიტეტს, სადაც თავმოყრილია რუსეთის მეცნიერების ცნობილი წარმომადგენლები.
მერე ნუ თუ მუშათა კლასი მეცნიერების წინააღმდეგ ამხედრდა?
სრულიადაც არა. მეცნიერების ყოველი გამარჯვება მუშათა კლასის გამარჯვებაა.
ვთქვათ ჰაეროპლანი გამოიგონეს. ეს ძველი წყობილების დანგრევას აჩქარებს. ახალი ბუნებრივი ძალა აღმოაჩინეს. ეს ახალი წყობილების მოახლოებას ხელს უწყობს. ამიტომ არის მუშათა კლასი თავგამოდებით იცავს მეცნიერების თავისუფლებას და ეს იმ დროს, როცა ბურჟუაზიული მეცნიერება ჭეშმარიტებას გადუდგა და იმის ძიებაშია როგორ დაიცვას არსებული წყობილება ახალ ძალთა თავდასხმისაგან.
ამისდა მიუხედავად პეტერბურგის მუშები სახალხო უნივერსიტეტს არ დაერიდენ და მას ბოიკოტი გამოუცხადეს, ვინაიდან უკანასკნელის მესვეურებმა აღარ ისურვეს ლექციების არჩევა და შინაარსის მოკლე აღნუსხვა მუშათა ორგანიზაციებისათვის მიენდოთ.
ამის შემდეგ ვის უნდა გაკვირვებოდა ქუთათურ მუშათა ნაბიჯი?
იმათ ბოიკოტი გამოუცხადეს წვრილფეხა რენეგატებს. განა ისინი ვიწრო პარტიული თვალსაზრისით ხელმძღვანელობენ?
აკაკი ჩვენი თანამოაზრე არაა, მარა მას ყველა მუშა დიდათ პატივს სცემს. პროფ. ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, სვ. ავალიანი, იასონ მოსეშვილი და სხვ. ჩვენს იდეოლოგიას არ იზიარებენ, მარა მათ ყველა მშრომელი გულდასმით მოუსმენს იმ იმედით, რომ მათგან სამეცნიერო ცოდნას შეიძენს.
მარა რა უნდა ვთქვათ მაგ. კიტა აბაშიძეზე? განა დროსა და ფულის უბრალო დაკარგვათ არ უნდა ჩათვალოთ ისეთი პირის ლექციის მოსმენა, რომელმაც ცნობილი პუბლიცისტები ნოე ჟორდანია და ნიკო ნიკოლაძე განზრახ გაივიწყა, ეგნატე ნინოშვილი ერთი სიტყვითაც არ მოიხსენია, ხოლო გ. ქიქოძე და ვინმე დ, უზნაძე ფილოსოფოსებათ მონათლა?
ახლა პოეტები ავიღოთ. ამბობენ ი. ევდოშვილი მშრომელ ხალხს უმღერდაო. უმღერდა და ხალხიც მას აფასებდა, ვინაიდან მისი ჩანგი სინათლისაკენ მოუწოდებდა. მარა დადგა საშიშარი ხანა რეაქციისა. მრავალმა ორგულმა ხალხიდან პირი იბრუნა და ბნელეთის სამეფოში გადაეშვა ხალხისკენ ისრების სატყორცნათ. ერთი პირველთაგანი იყო ი. ევდოშვილი, მან ილიას სისხლით ვაჭრობა თავის ხელობათ გამოაცხადა და ქვენა აზრებით შეპყრობილმა ილიას მოკვლა განზრახ დემოკრატიას გადააბრალა. ამიერიდან მისი ჩანგიც დადუმდა. ის ძლიერი იყო, როგორც მოამაგე მშრომელთა, მარა ის საბრალოა, როგორც ნაციონალისტების ბნელ საქმეთა მომღერალი. ნუ თუ ასეთ ვაჟბატონებს აქვთ უფლება წარბ შეუხრელათ თავისი ხელი გაიშვირონ დემოკრატიისაკენ?
ი. ევდოშვილი კაი ხანია მოკვდა მშრომელი ხალხისთვის და თავისი ბედი ეფისკოპოზებსა და „ატსტავკაში“ გასულ ჩინოსნებს დაუკავშირა. იტყვიან, მან აზრი შეიცვალაო. რა შუაშია აქ აზრთა გამოცვლა?
ლეონიდ ანდრეევი წინეთ სოციალ-დემოკრატებს თანაუგრძნობდა, ახლა რყევას განიცდის და ანარქიზმისაკენ იხრება. ნუ თუ ხალხი მას ნაკლები პატივისცემით ეპყრობა?
მარა რას იტყოდით, რომ ლ. ანდრეევი გვერდში დუბროვინებს ამოდგომოდა? რა უნდა თქვათ იმ მეომარზე, რომელიც მტერთან საბრძოლველათ გაგზავნეს, მარა მტრებმა ჯილდო შეპირდნენ და ისიც მათ მიეკედლა? განა სხვანაირია წვრილფეხა რენეგატების - გ. ქიქოძეებისა, ი. ევდოშვილების და თ. ღლონტების საქციელი? ან რა ეწოდება ისეთ „აზრს“, რომელიც მაშინ გამოიცვლება, როცა ორმაგ სტიპენდიებს გინიშნავენ ან თფილ ადგილებს შეგთავაზებენ?
არა, ასეთი პირების მოსასმენათ დროსა და ფულს არ დაკარგავს დემოკრატია. ის არც იმ მუშათა პოეტებს მოუსმენს, ვისაც არ ეთაკილება ია ეკალაძეებისა და ი. ევდოშვილების გვერდში ამოდგომა. ამას მოითხოვს თავისი პიროვნებისა და თავისი კლასის პატივისცემა. ვერც ერთი პროგრესიული ჟურნალისტი ვერ ამოუდგება გვერდში მენშიკოვს, მიუხედავათ იმისა, რომ ის ფრიად ნიჭიერი კალმოსანია.
დემოკრატია იმიტომ აფასებს ვ. რუხაძეებსა და გ. ქუჩიშვილებს, რომ მათი ჩანგის ჟღერას ვერ შეწყვეტს ვერც მუქარა „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ და ვერც ნაციონალისტების „თფილი ადგილები“.
მაშ რათ აჭყლოპინდენ „მამულიშვილები“?
აკი ისინი მუდამ ფარულ ბოიკოტს აწარმოებენ. ვის უნახავს მათი ლაშქარი ჩვენს საღამოებზე ან ლექციებზე? მხოლოდ პ. გელეიშვილის ლექციას ესტუმრენ და გუცებისა და ლაღიძე-ტყეშელაშვილების სიგნალით გალეშილ მოწაფეთ ლექცია ჩააშლევინეს.
ან ნუ თუ „ეროვნული დემოკრატია“ მუშას უკრძალავს თავისუფალ აზრსა და მოქმედებას? თუ კი ხალხი მათია, რით აიხსნება მათ მიერ „ერთი მუჭა ნოქრების“ ქუჩური ლანძღვა-გინება?
ისინი აჭყლოპინდენ, ვინაიდან ფეხ-ქვეშ ნიადაგი გამოეცალათ. წინეთ თავს არხეინათ გრძნობდნენ, როცა კ. აბაშიძეებს, ი. ევდოშვილებსა და ს. ქვარიანების საზიზღარ განგაშს ილიას სისხლის გარშემო დემოკრატია სულგრძელათ უსმენდა. მარა დღეს უკვე იხილეს, რომ ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. მართალია დემოკრატია ბოლოკებით არ იბრძვის. ეს ხულიგანების საქმეა. მართალია ის ია-ეკალაძეებსავით ქუჩური სიტყვებით არ ილანძღება. ამ ვაჟბატონს მეტი რა დარჩენია? ი. ევდოშვილის გამოსარჩლებით ის თავის ტყავს იცავს. მარა მათ უკვე იციან, რომ მუდამ ეფისკოპოზების და „ატსტავკაში“ გასული ჩინოსნების იმედით ფონს ვეღარ გავლენ და აი თავის აღსასრულს მოთქვამენ.
ჩვენ ვაფასებთ მეცნიერებას და ამიტომაც ვგმობთ შავრაზმელთა უსირცხვო განგაშს.
ჩვენ ვაფასებთ ხელოვნებას და ამიტომაც ვერ შევალთ ისეთ ტაძარში, სადაც ი. ევდოშვილები და ია-ეკალაძეები დანავარდობენ.
ჩვენ ვაფასებთ პოეტებს და ამიტომაც ზურგს ვაქცევთ ისეთ ჩანგს, რომელიც ილიას სისხლით სავაჭროთ აჟღერებულა და თფილ ადგილებს თავს დასტრიალებს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას