მრავალი პრობლემით აღსავსე ჩვენს ქვეყანას კენ ჰენსლი კიდევ ერთხელ ეწვია და მისი შემოქმედების მოყვარულთ საოცრად თბილი საღამო გვაჩუქა. ამისთვის კი უღრმესი მადლობა „ლოკომოტივ პრომოუშენს“, რომელიც სრულიად უანგაროდ ემსახურება საქართველოს დედაქალაქში მაინც როკული სულისკვეთების გაღვივებას და ცდილობს, რომ საზოგადოება მიიზიდოს წარსულში Uriah Heep-ის ცოცხალი ლეგენდის კონცერტებზე...
როგორც ამ ორი წლის წინათ (მაშინ 4, ახლა კი 10 ნოემბერს), კენ ჰენსლიმ ამჟამადაც კონცერტი ყოფილ რკინიგზელთა სახლში გამართა. დარბაზში თავიდანვე შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა, რადგან იქ მისული თითოეული ადამიანი Uriah Heep-ისა თუ კენ ჰენსლის სოლო შემოქმედებაში გადასარევად ერკვეოდა. მუსიკოსმა ეს თავიდანვე შეიგრძნო, ჰქონდა რა მიღებული ორი წლის წინანდელი გამოცდილება თბილისელ მსმენელთან ურთიერთობისა და კონცერტმაც აშკარად გაამართლა.
კენ ჰენსლის არ უღალატია ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკისათვის და მიმართა ხერხს, რომელიც კარგად აქვს ნაცადი მრავალ ქვეყანაში და მათ შორის თბილისში პირველი ვიზიტის დროსაც, როდესაც პუბლიკას საშუალებას აძლევს, რომ აკუსტიკურ სეტში სიმღერებს შორის დაუსვას შეკითხვები.
მუსიკოსმა თავიდანვე გვამცნო, რომ მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეპერტუარი ასზე მეტ სიმღერას მოიცავს და აქედან თექვსმეტს თუ ჩვიდმეტს ექნებოდა ბედნიერება, რომ რკინიგზელთა სახლის სცენაზე დაკრულიყო, ჩვენ - მსმენელები და უკვე კონცერტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი ჩვენი მუსიკოსები კი ამ ბედნიერებას ვზიარებულიყავით.
კენ ჰენსლიმ თავდაპირველად გიტარა მოიმარჯვა ხელთ და კონცერტიც დაიწყო. აკუსტიკურ სეტში იგი ყოველთვის ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სიმღერები საწყისი ფორმით, ანუ პროდიუსერებისა თუ სხვა მუსიკოსების ჩარევამდე.
ამ დროს იგი ძალიან დიდ სიამოვნებას გრძნობს და ამგვარი განწყობა გადმოეფინება მთელს დარბაზს და იქ მყოფ თითოეულ ადამიანს. ასე მოხდა თბილისის კონცერტის შემთხვევაშიც. კონცერტი Free Me-ით გაიხსნა და მალე მუსიკოსმა Uriah Heep-ის ჯონ ლოტონის პერიოდიდან მას Wise Man-იც მოაყოლა.
პირველადი ფორმით ამ სიმღერების მოსმენა საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე, რადგან არანჟირებას რომც თავი დავანებოთ, ჯონ ლოტონისა და კენ ჰენსლის ხმები, მკვეთრად განსხვავდებიან ერთიმეორისაგან.
სიმღერებს შორის პაუზებში ჰენსლიმ სინანულით ისაუბრა დღეს დამკვიდრებული შოუ ბიზნესის ულმობელი და დაშტამპული კანონების შესახებ, როგორაა დაკნინებული ადამიანის შემოქმედებითი ფანტაზია, როგორ ემსგავსება ჩარხზე - ანუ კომპიუტერზე აწყობილი პოპ ინდუსტრიის „ნიმუშები“ ერთიმეორეს და რომ ყოველივე ეს არაფრის მთქმელია.
კონცერტის პირველ ნაწილში ჰენსლიმ Uriah Heep-ის რეპერტუარიდან კიდევ ერთი დიდებული სიმღერა Rain შეასრულა. აქვე მან გაიხსენა, 1971 წელს ალბომ The Magician’s Birthday-ზე მუშაობის პერიოდში ამ სიმღერის შექმნის ისტორია.
სტუდიაში მთელი დღის განმავლობაში მუშაობით დაქანცულმა მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ დაესვენათ, ესაუზმათ და თითო კათხა ლუდიც მიეღოთ. გარეთ თურმე საშინელი ამინდი ყოფილა, ჰენსლი დარჩენილა სტუდიაში და ასე შეუქმნია შედევრი, რომელიც მელოდიური - რომანტიკული როკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სიმღერა რომელიც ერთდროულად სიყვარულზე და მისი ავტორის თქმით ინგლისური ამინდის შესახებაცაა...
საოცარი კი ის არის, რომ აკუსტიკურ სეტში ნამღერი ამ ბოლო წლებში შექმნილი კომპოზიციები არც მელოდიურობით, არც სიღრმით ჩამოუვარდებოდნენ ძველ შედევრებს. კენ ჰენსლიმ ოსტატურად შეკრა და დაუკავშირა 1992 და 2012 წლების ალბომებში შესული სიმღერები Uriah Heep -ის ზემოთქმულ მისივე სამ ნაწარმოებს და ტექსტობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, კონცერტის პირველ ნაწილში ჯამში რვა სიმღერისაგან ერთგვარი ლიტერატურული ნაწარმოებიც კი შექმნა შეყვარებულთან განშორების, მიტევების, სულწასულობისა თუ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სევდის თემატიკაზე.
Little Guy, I Don’t Wanna Wait, Through The Eyes Of A Child, Close My Eyes, Come To Me - ამ ნაწარმოების თითოეული აბზაცია, ოთხი ათწლეულის განმავლობაში როკ მუსიკის ფეხდაფეხ უბერებელი ბრძენკაცის კალამს რომ ეკუთვნის...
აკუსტიკური სეტის დასრულების შემდეგ კენმა დაახლოებით ათწუთიანი პაუზა გამოაცხადა და კონცერტის მეორე ნაწილში შესისხლხორცებულ „ჰამონდს“ მიუჯდა. სცენაზე მასთან ერთად ჩვენებური მუსიკოსებიც გამოჩნდნენ და მაყურებელიც The Wizard-ის იდუმალ სამყაროში გადაეშვა.
ჰენსლი მეორე სიმღერა Stealin’-დან „ადუღდა“ და ხანგრძლივმა ჰამონდ ინტრომ როგორც სცენაზე მყოფი მუსიკოსები, ასევე მაყურებელი სულგანაბულად განაწყო რაღაც „ახლისა“ და ძალიან ლამაზის მოსასმენად. მხოლოდ ქების სიტყვები მომღერალ გოგა იორამაშვილისა და ფანტასტიკური ბექ ვოკალ გოგონების თეო ჩიტიშვილისა და თამარ დავითაშვილის მისამართით, რომლებიც შესაბამისად Vanilla Cage-სა და Innerhiss-ს წარმოადგენდნენ სცენაზე.
Uriah Heep-ის ერთ-ერთი გამორჩეული ვოკალ-პარტიის შესრულების შემდეგ, მიკ ბოქსის კლასიკური სოლოს ხასიათი დიდებულად დაიჭირა Innerhiss-ის გიტარისტმა ზურა კიკნაძემ, ხოლო ამავე ჯგუფის დრამერ ნუკრი გორდაძისა და ბასისტ გია სურგულაძის მიერ წარმოდგენილი რიტმ სექცია ჩინებულად იცავდა სტანდარტებს, რასაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ემყარება საკონცერტო ჰიტი და რაც აბსოლუტურად იყო მისაღები იმ უმცირესი დროის გათვალისწინებით, ჯგუფს მინიმალური რეპეტიციისთვის რომ ეყოფოდა...
რიტმულ Easy Livin’-ს კი მოჰყვა სიმღერა, რომელიც კენ ჰენსლის თქმით დარბაზში „ყველამ იცოდა“. მიმართვა მუსიკოსს შეიძლება ცოტა ზერელე გამოუვიდა, რადგან მის შემოქმედებაში ასეთი განსწავლული პუბლიკა, შეიძლება ბევრგან არც კი დახვედრია. უბრალოდ საწყენია, რომ საკმაოდ მცირე ტევადობის დარბაზი, ბოლომდე არ შევსებულა.
July Morning-ში კი ახდა წინასწარმეტყველება სულწასულობის (I Don’t Wanna Wait) შესახებ და ემოციურად ანთებული გოგა იორამაშვილი სიმღერის მეორე ნაწილში ცოტათი ადრე დაბრუნდა ვოკალის პარტიით, რამაც ბუნებრივია, რომ ჰენსლის საკმაო გაკვირვება, ხოლო აუდიტორიაში კი სასიამოვნო ღიმილიც გამოიწვია. გოგონებმა ჩინებულად იმღერეს და საზოგადოებაც მალე დარბაზში მუსიკოსებთან ერთად Lady In Black-ის სიმღერას შეუდგა.
კარგი იყო, რომ კონცერტი ამ სიმღერით არ დასრულებულა და July Morning-ის განწყობა Circle Of Hands-მა განავრცო. მაგრამ სამწუხაროდ შოუ სულ მალე დასრულდა და კენ ჰენსლიმ, მასთან ერთად სცენაზე მყოფმა მუსიკოსებმა და კონცერტზე მისულმა თითოეულმა ადამიანმა გაიზიარა წარსულში Uriah Heep-ის ლიდერის სულ ორიოდ კვირის წინ გამოსულ ალბომ Trouble-დან The Longest Night-ის სასცენო დებიუტით გამოწვეული სიხარული.
ეს ერთი და სხვა მრავალი. ვუსურვოთ კენ ჰენსლის კიდევ მრავალჯერ ამ სიმღერის შესრულება, ხოლო „ლოკომოტივ პრომოუშენს“ კი მისი და კიდევ სხვა დიდებული როკ-შემსრულებლების ჩამოყვანა საქართველოში.