„მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების!“ ტყუილად არ უთქვამს ჩვენს სულმნათ შოთას.
თუ ადამიანი სუფთა ჰაერსა და მზის სხივებს მოკლებულია, მუდმივ მონობაშია, - თანდათან გაცრიატდება, დაჯუჯავდება.
ასევეა მთელი ერი, როცა მას ბატონის მძიმე ხუნდები აძევს, ვერასოდეს განვითარდება სულიერად და ხორციელად.
ეს საზოგადოდ, ხოლო კერძოდ უცხო აზროვნების, სარწმუნოების, კულტურისა და ყოველგვარ საზოგადოებრივ მოვლენის სიმკაცრეს მდაბიო ხალხი - გლეხკაცობა, წვრილვაჭრები და მუშები უფრო განიცდიან. ისინი, რომელნიც თავის სამშობლო მიწა-წყალზე არიან მიკრულნი, შეძლება არა აქვთ გაბატონებულ ერის ენა შეისწავლონ და საკუთარი კი იმდენად აღორძინებული არა აქვთ, რომ კაცობრიობის შემოქმედების უკეთესი ნარუქი შეითვისონ, საერთაშორისო მისწრაფებათ ეზიარონ.
ხოლო უცხო ენით აღზრდილ განათლებულნი იმდენად გადაგვარებულნი არიან, რომ იგინი, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ გვარით თუ ჩაითვლებიან სამშობლოს შვილებად, ისე კი სრულიად მოწყვეტილნი არიან მშობლის მკერდს.
მშობელს მათი არა ესმის-რა, მათ მშობლის ტკივილები ვეღარა ჰსძრავს.
ეს ანბანური ჭეშმარიტება ბევრისათვის ჯერ კიდევ სადავოა.
ცხადზე უცხადესია, რომ უკუღმართ საფუძველზე აგებული სწავლა-აღზრდის წესი ჩვენ მხოლოდ უკუღმართ, გადაგვარებულ, დამახინჯებულ თაობას გვიზრდის, მაგრამ ვინ არის ამის სწორე ანგარიშის მომთხოვნი?
ჩვენი სამშობლო მწერლობის, ხელოვნების, თეატრისა და საზოგადოდ კულტურის აღორძინება-განვითარება მხოლოდ ეროვნული თავისუფლებით შეიძლება.
ამიტომაც ყოველი ჩვენთაგანის მთელი ყურადღება იმას უნდა მიექცეს, რომ ჩვენის ერის ყოფა-ცხოვრება წესიერ-ბუნებრივ კალაპოტში ჩავაყენოთ.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას