ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს სოციალ დემოკრატიის წარმომადგენელმა (დაესწრო ნოე რამიშვილი) წარადგინა ვრცელი მოხსენება საქართველოს დაპყრობისა და ორი წლის საოკუპაციო რეჟიმის მოღვაწეობის შესახებ.
კონფერენციას დაესწრნენ აგრეთვე კომუნისტებიც, რადეკის მეთაურობით. ეს ვაჟბატონები ძალიან ცივათ მიიღეს და ძალიან მაგრათაც დაუხვდნენ. თუ წინათ მათ ერთგვარი მორიდებით ექცეოდნენ დასავლეთის სოციალისტები და სინდიკალისტები - ეს იმიტომ, რომ ბოლშევიკების მოღვაწეობას კარგად არ იცნობდნენ. ისინი მაინც რევოლუციონერებათ მიაჩნდათ, თუმცა მათი ბრძოლის მეთოდსა და მოქმედებას არ იზიარებდნენ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპელებმა საკუთარი თვალით დაინახეს კომუნისტების ანტიპროლეტარული და პირდაპირ რეაქციონური მოღვაწეობა.
ამჟამათ ევროპელები აღარ ფიქრობენ, რომ მათ საქმე აქვთ რევოლუციონერებთან. ამიტომ სოციალისტური და პროფესიონალურ-სინდიკალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლები ჰააგაში კომუნისტების წინააღმდეგ შეტევას აწარმოებდნენ, ხოლო უკანასკნელნი თავს იცავდნენ, თუმცა ძალიან სუსტად.
მათ პირველსავე სხდომაზე მოაგონეს საქართველოს დაპყრობა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ვანდერველდეს სიტყვა, როცა მან რადეკს, უკანასკნელის მიერ საერთო ფრონტის საპასუხოთ კითხვა დაუსვა: როგორ? თანახმა ხართ საქართველო გაანთავისუფლოთ რუსის ჯარებისაგან და თვით რუსეთში ესერებისა და მენშევიკების დევნაზე ხელი აიღოთ?
ამ სიტყვებზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ჩვენს ქვეყანას და ბოლშევიზმის ძალადობის მსხვერპლებს ოვაცია გაუმართა.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას