იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის დადებული ვეტო დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არ იყო მოწოდებული მოტივირებული შენიშვნები, ამიტომ პარლამენტს ვეტოს დაძლევა მოუწია.
„ვიხილეთ მორიგი ვეტო, რომელიც დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან. არავითარი მოტივირებული შენიშვნები იქ არ იყო, ამიტომ მოგვიწია ამ ვეტოს დაძლევა. ამის შემდეგაც, თანამდებობის პირმა, რომელსაც ევალება ხელის მოწერა, ხელიც კი არ მოაწერა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტად წოდებულ პირს ვგულისხმობ. ამიტომ მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება და ამ ცვლილებებს მან მოაწერა ხელი. ამ ცვლილებებით კიდევ ერთხელ გადაიდგა ნაბიჯი იმისკენ, რომ ცესკომ თავისი საქმიანობა განახორციელოს ინსტიტუციურად დამოუკიდებლად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო 19 მარტს დაძლია, რის შემდეგაც პარლამენტმა კენჭი უყარა კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციას და მხარი დაუჭირა მის პირვანდელ ვერსიას. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს 25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.