“პუტინს უკვე აშკარად მანიაკური შიშები აქვს. პატარა წინააღმდეგობაც კი ზაფრავს და მზად არის ყველა და ყველაფერი მიწასთან გაასწოროს, ოღონდ კი მის მმართველობას ჰიპოთეზური საფრთხეც არ შეექმნას. რა უქნა პრიგოჟინს, ნავალნის - ციხეში მყოფი ადამიანიც კი საშიშად მიიჩნია და გაანადგურა. მისი ასეთი ქცევა პირველი არ არის. ძალაუფლების დაკარგვის შიში დიდი ხანია აწუხებს, თუმცა უკრაინის ამბების შემდეგ აშკარად ძალიან გაუმძაფრდა. ის იქცევა ისე, რაც დიქტატორებს ახასიათებს, მათ შორის გარკვეულწილად ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილსაც... რასაც პუტინი აკეთებს, რუსი ხალხის დაცინვა. პუტინი რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნისტურ ტერორში აბრუნებს. დღეს ამას თავისუფლად შეგვიძლია კომუნისტური კი არა, პუტინისტური ტერორი ვუწოდოთ. ნახეთ, რა კანონებს იღებენ, აბა, გაბედე და თქვი, ომი არ მინდაო, სულ ცოტა, 20-წლიან პატიმრობას მოგისჯიან. ბაბილონის გოდოლია დღევანდელი რუსეთი, თიხის ფეხებზე დგას და ერთ დღესაც ისე შეიძლება დაიშალოს, როგორც საბჭოთა კავშირი”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპის საქციელმა შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს”.
“თავის დროზე დასავლეთს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, დღევანდელი რუსეთის კი არ ეშინია. არც მაგათი ბირთვული იარაღის ეშინია ვინმეს და არც სხვა რამ ბაქიბუქის. ჩემი აზრით, დღეს დასავლურ ქვეყნებს ისეთი ტექნოლოგიებიც კი აქვთ, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ადგილზევე ჩაახშობენ რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. რუსეთის ფიასკოს მთავარი მიზეზი კი გახდება ის, რომ რუსეთში ინტელექტუალური ელიტა აღარ დარჩა. ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, ყველა ჭკვიანი ფიზიკოსი, რომელთა დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, რუსეთიდან კარგა ხანია წავიდა. რუსეთი დღეს ყოველგვარ ინტელექტუალურ მუხტს არის მოკლებული. ახალგაზრდებიც პერსპექტივას ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ და ყველა საშუალებით გაქცევას ცდილობენ. რაზე ვლაპარაკობთ, ჩიპებს ვერ უშვებენ და მტვერსასრუტებს ხსნიან, რათა სამხედრო მიზნებით გამოიყენონ. წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქვეყანა, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში ცდილობს რაკეტების შეძენას... ისტორიამ შეიძლება სპირალური ბრუნი გააკეთოს, მაგრამ ის თავის პირვანდელ წერტილს აღარასდროს უბრუნდება. პუტინიც ვერ შეძლებს და ვერ დააბრუნებს რუსეთს საბჭოთა კავშირში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“შეიცვალა მსოფლიო. მიმაჩნია, რომ პუტინს უპირველესად საფრთხე საკუთარი გარემოცვისგან ემუქრება. ამ გარემოცვის წევრებს შვილები ჰყავთ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სწავლობენ თუ მუშაობენ, დიდძალი კაპიტალი აქვს ამ ხალხს გატანილი. როგორც ჩანს, პუტინის კარზეც მომავალი ძალაუფლების გაყოფაზე ბევრს ფიქრობენ და ამიტომაც ვერა და ვერ მოახერხა პუტინის უახლოესმა გარემოცვამ მისი ლიკვიდაცია... რაც შეეხება მაკრონის განცხადებებს, გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ხვალ-ზეგ დასავლური ქვეყნების ჯარისკაცები ომს დაიწყებენ რუსეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ნატოს ქვეყნები ამ ომში რუსეთს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ. ხედავთ, როგორი გააქტიურებულია ევროპა, გარდა განცხადებებისა, მიდის სერიოზული პროცესები სამხედრო მრეწველობის ასამუშავებლად. საფრანგეთი და გერმანია ამ ვითარებაში მოგვევლინენ ფლაგმანებად. მოგეხსენებათ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის შორი მანძილის არტილერიის კოალიციის შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამეულის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) ქვეყნები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მაკრონმაც აღნიშნა, რომ არასდროს მისცემენ რუსეთს გამარჯვების საშუალებას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს ტრამპი და მისი პარტია ყოვლად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რამაც შეიძლება დიდი მსოფლიო კატასტროფა გამოიწვიოს. დახმარების ასეთი დაყოვნება ყოვლად გაუმართლებელია. ჩემი აზრით, ნელ-ნელა ეს აუცილებლად დალაგდება და სადღაც ზაფხულში ამ ომში გარდატეხა მოხდება. რაც არ უნდა თქვას პუტინმა, ვერც ერთი სტრატეგიული გამარჯვება უკრაინაში მან ვერ მოიპოვა. ის მიზნები, რაც თავიდან განაცხადეს, ჰაერშია გამოკიდებული და დღეს მაგაზე აღარც ლაპარაკობენ. გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ოპოზიცია, რომელიც უკრაინიდან შედის ქვეყანაში, თანდათან ძალას იკრებს, ბოლო კვირის განმავლობაში საზღვრისპირა ბელგოროდსა და სხვა ქალაქებში რაც ხდება, ამის ნიშანია - სწორედ პუტინის მოწინააღმდეგე შეიარაღებული რუსული ჯგუფები მოქმედებენ. ჩემი აზრით, “ვაგნერის” ამბოხის ჩახშობა დროებითი მოვლენაა. ასეთი ანტიპუტინისტური შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმები, დარწმუნებული ვარ, თანდათან გახშირდება რუსეთის ტერიტორიაზე”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ეჭვი არ მეპარება, მომავალ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”. საკითხი დგას დაახლოებით ასე: მოახერხებს თუ არა იმდენი ხმის დაგროვებას, რომ მას მთავრობის დასაკომპლექტებლად ეყოს. წინა არჩევნებისას პროპორციულ სისტემაში 50%-ზე მეტი ვერ დააგროვეს. თუ სწორად მახსოვს, მათი მაჩვენებელი სადღაც 46%-მდე იყო და მაჟორიტარმა დეპუტატებმა უშველეს. ამჯერად არჩევნები სრულად პროპორციულად ტარდება, შესაბამისად, თუ წინა არჩევნებივით ვერ შეძლეს 50%-ის გადალახვა, მაშინ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, მაგრამ შეძლებს კი ამას “ოცნება”, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მოიჭრა მისასვლელი გზა, თუ არ ჩავთვლით მათივე სატელიტ “ხალხის ძალასა” და მსგავს ოდიოზურ ჯგუფებს. იმის ნაცვლად, მაგალითად, გახარიასთან ცოტა ზომიერი პოლიტიკა ეწარმოებინათ, დგანან და გაიძახიან, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებააო. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნორმალურ ძალას, რომელიც შევა “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში. არის კითხვები ოპოზიციასთანაც, რომელიც მეტასტაბილურია, მას ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილის გარდა, სხვა იდეა არ აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თუ კოალიციაზე მიდგა საქმე, შეძლებენ კი მდგრადი ერთობის შექმნას?”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“ხომ არ დაიწყება იქაც მერკანტილური კინკლაობა, საბოლოოდ კი `ქართული ოცნება~ მოახერხებს საჭირო რაოდენობის დეპუტატების გადაბირებას. შეიძლება შეიქმნას კიდეც მყიფე ოპოზიციური კოალიცია, რომელიც მალევე დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გახდება ჩასატარებელი. მოკლედ, ბევრი სცენარია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ჩემი აზრით, ამ ჩიხიდან ორი გამოსავალია: პირველი - ძლიერი ცენტრისტული პარტიის შექმნა, ოღონდ არა გვარამია-მელიას და მსგავსი ოდიოზური ფიგურების მიერ, არამედ ახალი სახეები უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკაში. სახელგაუტეხელი ხალხი გვჭირდება. ჩვენი პარტნიორების დიდი შეცდომაა, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ძალიან ცუდად და უნიჭოდ ასაზრდოებენ. მეორე გამოსავალი კი პროპორციული საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩანაცვლებაა. ამაზე, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ეს განუხორციელებელია, მაგრამ ვიმედოვნებ, არცთუ შორეულ მომავალში, ეს ორივე პირობა შესრულდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პარტია “ახალი” წამოიყვანს “ნაცმოძრაობის” ელექტორატს, თუმცა მათ არ მიემხრობა ის ამომრჩეველი, რომელიც ე.წ. შუაშისტურ განწყობაზეა და არც “ოცნება” მოსწონს და არც “ნაცმოძრაობა”. ამგვარად მოფიქრალი ხალხი საკმაოდ დიდ წილს შევადგენთ. “ნაცმოძრაობამ” დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მელიას წასვლა აიძულა. ამით მნიშვნელოვნად დაისუსტეს თავი... ისე, “ახალი” კი დაირქვეს, მაგრამ იქ ძველ სახეებს უფრო ვხედავთ. ადამიანები, ვინც ამ ახალი პარტიის სათავეში დგანან, ნამდვილად არ არიან შორს “ნაცმოძრაობისგან”... ოპოზიციიის მთავარი პრობლემა კიდევ ის არის, რომ არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ. ბისმარკმა თქვა, მცდარიც რომ იყოს პოლიტიკა, თუ თანამიმდევრულია, ყოველთვის გაიმარჯვებსო და ამ ხალხის რა თანამიმდევრულობაზე ვლაპარაკობთ, თან არ დაგავიწყდეთ, რომ მათ უპირისპირდება ძალიან ხისტად სტრუქტურირებული “ქართული ოცნება”, რომელიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კლონებივით ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს ხოლმე”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არსებობს მოსაზრება, რომ თუ “ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” გაერთიანდებიან, შესაძლოა ძლიერ ცენტრისტულ ძალად იქცნენ...”, - პასუხობს:
“ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან მცირეა. მამუკა ხაზარაძე შეიძლება კარგი ბიზნესმენია, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი გამოდგა. მან საკრალური შეცდომები დაუშვა. მას თუ სურდა ცენტრისტული პარტიის გაკეთება, არც ერთი სხვა პარტიის კრიტიკა არ უნდა დაეწყო და მხოლოდ საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ელაპარაკა. მას ქართულმა სულსწრაფობამ წასძლია. ეს ალიანსი რომც შედგეს, დიდი შედეგი ვერ ექნება, მეტიც, ამით გახარია ბევრს დაკარგავს. ვფიქრობ, ის დამოუკიდებლად გავა და გადალახავს 5%-იან ბარიერს. მე ძალიან დიდი იმედი მქონდა ანა დოლიძის, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ უსუსური გამოდგა”.