საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ საკავშირო ლიტფონდიდან დეპეშა მიიღო:
„... სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ბიჭვინთაში სემინარებისთვის ოთახების გამოყოფა შეუძლებელია. შეგვიძლია შემოგთავაზოთ პერიოდი 16 მაისიდან 8 ივლისამდე. გთხოვთ, სასწრაფოდ დაგვიდასტუროთ თანხმობა.
საკავშირო ლიტფონდი. ვორონინი“.
ასეა: ვორონინმა უნდა გადაწყვიტოს მოსკოვში, მისცემს თუ არა ქართველ მწერლებს საქართველოში, ბიჭვინთაში, სემინარის ან სხვა რამ ღონისძიების ჩატარების უფლებას და საშუალებას.
შეუძლებელიაო! იცით, რატომაა შეუძლებელი? ზაფხულის სეზონია დაწყებული იმ დროს! ჰოდა, თუ კარგია, ბარემ ისინი დაისვენებენ ამ დროს, შენ კი ჩადი მაისის თვეში! არ გაგიკვირდეს, სხვა დროს თებერვალიც შემოგთავაზონ! არც ის შემოგთავაზონ, ერთბაშად ყურებზე ხახვი არ დააჭრა! გაბრაზდები იმ ვორონინზე? უნდა იმავე მოსკოვში რომელიმე პეტროვთან ან კუზნეცოვთან უჩივლო!
რა ღიმილისმომგვრელად გამოიყურება ამგვარი უხამსი დეპეშების ფონზე საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილება საკავშირო მწერალთა კავშირიდან გამოყოფის თაობაზე!
გამოეყავი რამდენიც გინდა, ის არ გეყოფა და! ყველაფერი ისევ მისია! ყველაფერს ძველებურად ის განაგებს! უნდა - მოგიტეხავს, უნდა - არა!
საქართველოზე, როგორც სუვერენულ რესპუბლიკაზე საუბარიც, მეტი რომ არა ვთქვათ, მოვლენებისთვის წინ გასწრებაა...
ახლახან საკავშირო უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულმა კანონმა სსრკ-დან მოკავშირე რესპუბლიკების გამოსვლის შესახებ, რომელსაც საქართველოს დეპუტაციამ სამართლიანად უწოდა არგამოსვლის კანონი, საბჭოთა კოლონიებს ყოველგვარი იმედი გადაუწურა.
ეს ყოფილა ჩვენი ბედი - უნდა თვალებში შევციცინებდეთ ვორონინებს, ხომ არაფერს გამოიმეტებენ, ან კიდევ ვიოცნებოთ უკეთეს ვორონინებზე, რომლებიც იმას მაინც არ გვეტყვიან, ზაფხულში ზღვას არ გვიცალია, მოდით, თქვენ იანვარში იბანავეთო!.