ისრაელის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას საქართველოდან მძიმე გენეტიკური დაავადებების მქონე განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შეტანის ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vesty ავრცელებს.
საუბარია ბათუმში მდებარე “ინ ვიტრო“ კლინიკიდან გატანილ კვერცხუჯრედებზე. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვერცხუჯრედებით “ინ ვიტრო“ განაყოფიერება ჩაუტარდა, მინიმუმ 3 ისრაელელ ქალს, რომლებიც უშვილობაზე წლების განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა, განაყოფიერების შედეგად, ერთი ბავშვი მკვდრად დაიბადა, ერთი თანდაყოლილი მძიმე დაავადებით, ერთის მდგომარეობას კი ექიმები ამ ეტაპზე საფუძვლიანად იკვლევენ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან იმპორტირებული ადამიანის კვერცხუჯრედი B ჰემოფილიის გენს შეიცავდა — სახიფათო დაავადების, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან ის იწვევს ძლიერ სისხლდენასა და სხვადასხვა სახის მძიმე გართულებას.
სამართალდამცავები და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობენ, რომ სავარაუდო დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება, უფრო მეტი იყოს.
ისრაელის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ისრაელში მოქმედი "ინ ვიტრო“ კლინიკის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი, რომლებსაც ბრალი თაღლითობისა და მძიმე დაავადებების გავრცელების ფაქტზე წარუდგინეს.