რატომ იჩხუბა დურუ ხურცილავამ სოხუმის მილიციაში

რატომ იჩხუბა დურუ ხურცილავამ სოხუმის მილიციაში

დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია არსებობს ცნობილი კრიმინალის, 11–ჯერ დაპატიმრებული, დურუ ხურცილავას ცხოვრებისეული დეტალების შესახებ. მისი ბიოგრაფია უცნაურობებითაა სავსე, სასამართლო პროცესზე მან საბჭოთა მოქალაქეობაზეც განაცხადა უარი. ხურცილავას შესახებ საუბარი კრიმინალური ისტორიებით დაინტერესებულ ჩვენს რესპონდენტს ვთხოვეთ, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით კვლავაც არ ვახმაურებთ.

დურუ ხურცილავას ძლიერი ფიზიკური მონაცემების შესახებ საქვეყნოდ ცნობილია. თურმე საკუთარი ხელით სხეულის დასერვა, სისხლის მოგროვება და სუფრის კოვზით მისი დალევა შეეძლო. არც ჭრილობების მარილით მოშუშებას უფრთხოდა. როგორ იწყებოდა მისი ბიოგრაფია?

– ხურცილავას ლეგენდარული ძალა ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა, რადგან 1938 წელს დურუ ძალიან სუსტი და ავადმყოფი დაიბადა. მცირე ასაკში გარდაეცვალა დედა და ძმების იმედად დარჩა. მას მხოლოდ ოთხი კლასის განათლება ჰქონდა. ოჯახში მკაცრი კანონები ბატონობდა. დურუს მამას – იასონს ერთხელ ეჭვი შეეპარა თავის უფროს ვაჟიშვილში, თითქოს ის მილიციასთან იყო შეკრული. იასონმა უფროსი შვილის (ალიოშას) მოკვლა შუათანა შვილს – ტარასს უბრძანა. მართლაც ტარასმა მორჩილად შეასრულა მამის დავალება და საკუთარ ძმას ავტომატის ჯერი დაახალა. იმის გამო, რომ ტყვიები სასიკვდილო არ აღმოჩდა, დანაშემართული მამა დაჭრილ შვილს გაეკიდა, მაგრამ ალიოშა მეზობლებმა გადაარჩინეს. მომხდარის გამო მილიციამ ტარასი დაიჭირა, ამ დანაშაულის დამგეგმავი იასონი კი პასუხისმგებლობას გადაურჩა, თუმცა იასონი მალევე გარდაიცვალა.

ალიოშამ ძმას აპატია დანაშაული?

– ალიოშა ციხეში მყოფ ძმებზე – ტარასზე და დურუზე ზრუნავდა, ტარასს ადრე გათავისუფლებაში ეხმარებოდა, პატიმრობაში მყოფ დურუს კი სახლი აუშენა. უკვე გათავისუფლებულმა დურუ ხურცილავამ ეზოში ტრაქტორი მიაყენა და მამის დარგული ხეები ძირფესვიანად ამოძირკვა, რადგან მამის დანატოვარი ყველაფერი აღიზიანებდა. იგი ოჯახის ტრაგედიას მამამისს უკავშირებდა. მოგვიანებით ძმები კრიმინალურ გარჩევაში ჩაებნენ, რასაც ალიოშასა და მისი ექვსი თვის ფეხმძიმე მეუღლის სახლთან ჩაცხრილვა მოჰყვა. ამ გარჩევების გამო დურუ ხულიგნობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მალე დურუ და ტარასი ციხიდან გამოვიდნენ (ტარასი ადრე ჩადენილი დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს), მაგრამ მათ პერიოდულად მილიციაში გამოცხადება ევალებოდათ. ძმებმა შურისძიებაზე ფიქრი დაიწყეს და ვერსიებით გათვალეს დამნაშავის ვინაობა. იმის გამო, რომ ალიოშასა და მისი მეუღლის მკვლელობის თვითმხილველი არ არსებობდა, მკვლელობის ვერსიამ ძმები ოგანეზ მინასიანის კვალამდე მიიყვანა.

ოგანეზი გულრიფშის რაიონის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა. ხურცილავების აზრით, ალიოშას მკვლელი ნერსესიანი და ჩემპნიანი სწორედ ოგანეზთან იმალებოდნენ. ხურცილავებმა ოგანეზ მინასიანი მოატყუეს, მას მილიციელებად გაეცნენ და 37 ტყვიასთან ერთად ხელყუმბარაც ესროლეს. ძმების დასაკავებლად მილიციამ მათი მილიციაში გამოცხადების დღე შეარჩია. ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ჯერ დურუ დააკავეს, შემდგომ მისი ძმა, რომელიც მას გარეთ ელოდებოდა.

ძმებმა თავიდანვე მილიციაში ერთად გამოცხადება რატომ არ ისურვეს? ეჭვი რამეზე ხომ არ აიღეს?

– რასაკვირველია, იმის მიუხედავად, რომ ძმები თავიდანვე კეთილსინდისიერად ცხადდებოდნენ მილიციაში, მაინც არ ენდობოდნენ სამართალდამცავებს. სიფრთხილის მიზნით ცალ–ცალკე მიდიოდნენ მილიციაში და მხოლოდ მას შემდეგ შედიოდნენ შენობაში, როცა ერთ–ერთი მათგანი უსაფრთხოდ გამოვიდოდა. დაკავებიდან რამდენიმე ხანში დურუ ფოთის იზოლატორიდან გაიქცა. მასზე ძებნა გამოცხადდა. საქმეში ჩაერთნენ შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსი ვახტანგ ოდიშვილი და შსს თანამშრომელი ბესო ბალავაძე. მილიციის ინფორმაციით, აფხაზეთს შეფარებული დურუ ხურცილავა თავად გამოთქვამდა სამართალდამცველებთან შეხვედრის სურვილს. ამის პარალელურად, არც დროსტარებას იკლებდა და აფხაზეთის ელიტურ რესტორნებს შეიარაღებული სტუმრობდა. დურუს კვალდაკვალ, სოფლად მიმავალ გზებზე თუ საეჭვო ოჯახებში, ოპერმუშაკები განთავსდნენ. არც დურუს მოუდუნებია ყურადღება, როცა ბილიკზე მიმავალს რაციის ხმა მოესმა, უკან გაიქცა და ხევში გადაიჩეხა. მართალია, გადარჩა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო. იმ ღამეს მაინც მოახერხა სოფელში ასვლა. მომდევნო დღეს თავად გამოთქვა მილიციასთან შეხვედრის სურვილი.

მართალია, რომ დურუ მილიციელებს საკუთარ მოთხოვნებს უყენებდა?

– დიახ, სოხუმის მილიციის უფროსის კაბინეტში შეყვანილ დურუსა და მილიციელებს შორის ჩხუბი მოხდა. დურუ მოითხოვდა მის სანახავად შეკრებილი უამრავი სამართალდამცავის ოთახიდან გაყვანას. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მესამე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა. თხოვნა შეუსრულეს. თბილისში ჩამოყვანამდე დურუმ ცოლოურების მონახულება მოიწადინა. დურუს ნებას დაჰყვნენ, მაგრამ მან შენიშნა მათ მანქანას ადევნებული სამართალდამცველების მთელი ავტოკოლონა და მათი უკან გაბრუნება მოითხოვა. ესეც შეუსრულეს. დურუს ცოლის ნათესავებმა სუფრა გაშალეს. მალე სუფრის წევრებს სოხუმის მილიციის განყოფილების უფროსი შეემატა, რომელსაც დურუ აფასებდა. სუფრასთან მყოფმა მილიციის უფროსმა დურუს დახეული ფეხსაცმელი შენიშნა. მაშინვე გაიძრო თავისი ფეხსაცმელი და დურუს გაუცვალა. გზად თბილისისკენ მათ ერთ–ერთ ცნობილ რესტორანში ხაშზე შეიარეს. საუზმე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული, მოულოდნელად დურუ სუფრიდან ადგა და გავიდა. მილიციონერები აღელდნენ, მაგრამ დურუს არაფერი უთხრეს. ისინი გაოცდნენ, როცა ხურცილავა დაბრუნდა, რადგან იფიქრეს, გაიპარებოდა. თურმე საპირფარეშოში ყოფილა.

დურუს მოთხოვნებს დასასრული არ უჩანდა. ამჯერად წვერის გაპარსვა მოითხოვა, რადგან თბილისში გაუპარსავი შესვლა არ სურდა. ყოველი შემთხვევისთვის, ოდიშვილმა გორის სადალაქოს ფანჯარასთან დგომა დაავალა ერთ–ერთ თანამშრომელს, რათა დურუ ფანჯრიდან არ დასხლტომოდა. "საპატიო ტყვე" თბილისისკენ წაიყვანეს. გზად დურუმ მაკაროვი ითხოვა, რაც შეუსრულეს. იარაღი უკანვე დააბრუნა და თქვა, არ მეგონა, თუ თბილისში ცოცხალს ჩამიყვანდითო. დურუ N1 იზოლატორში მოათავსეს.

ამ სასამართლო პროცესზე უარყო დურუ ხურცილავამ საბჭოთა მოქალაქეობა?

– დიახ, უზენაესმა სასამართლომ ძმები ხურცილავები ერთად გაასამართლა. მიუხედავად იმისა, რომ მინასიანის შვილმა ხურცილავების დახვრეტა მოითხოვა, არც ერთი ძმა თავს დამნაშავედ არ თვლიდა. ისინი სამართალდამცავებს აქეთ ადანაშაულებდნენ, რომ მათი ძმისა და რძლის მკვლელის ნაცვლად მილიცია ნამდვილ მკვლელს არ ეძებდა და პირიქით, მათ ამტყუნებდა. დურუ სამართალდამცავებისგან მიცემული პირობის შესრულებას ითხოვდა. ის მხოლოდ იმიტომ ჩაბარდა მილიციას, რომ ათ წელზე მეტს არ მიუსჯიდნენ და საქართველოში დატოვებდნენ. სამართალდამცავებმა მას პირობა შეუსრულეს და ძმებს 10–10 წელი მისცეს. თუმცა, დურუს მიერ ძებნილობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე დამატებითი გამოძიება დაიწყო, რასაც დურუ უარყოფდა. გამოძიებამ იგი მკვლელობებსა და სხვადასხვა დანაშაულში ამხილა, რისთვისაც 33 წლის ასაკში დახვრეტა მიუსაჯეს. 10 წლის შემდეგ იგივე განაჩენი გამოუტანეს ციმბირში გადასახლებულ მის ძმასაც, რომელიც იმხანად 46 წლის იყო.