4 მარტს, თბილისის მუშათა კლასმა და სახელოვანმა წითელმა არმიამ ალექსანდროვის ბაღში მიწას მიაბარა გმირულ ბრძოლაში დახოცილ წითელი არმიის საუკეთესო შვილები და საქართველოს მოღალატეთა მიერ მოტყუებული, თვალახვეული, ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული საქართველოს ჯარისკაცები.
4 მარტს, თბილისის მშრომელებმა - უკანასკნელი „მშვიდობა“ უთხრეს, უკანასკნელად დაიტირეს 42 თავისი შეგნებულათ და შეუგნებლად დაღუპული ამხანაგები და მეგობრები, კლასობრივი მოყვრები და ეს სიმბოლოა.
სიმბოლოა ის, რომ რევოლუციის მსხვერპლთა პირველი საფლავი გაითხარა იქ, სადაც პირველადვე დაიღვარა 1918 წლის დასაწყისში, მენშევიკების მიერ მუხანათურად გასროლილი ტყვიისაგან, თბილისის მშრომელთა სისხლი.
სიმბოლოა ის, რომ ალექსანდროვის ბაღში, ერთ დიდ გათხრილ სამარეში, ერთად მოთავსდნენ ერთი მეორის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მუშების და გლეხების შვილები. სიმბოლოა იმისი, რომ ამიერიდან მშრომელების ფრონტი ერთი იქნება. ამიერიდან მშრომელი მშრომელის წინააღმდეგ ვინტოვკას არ აიღებს.
ბევრი ძმური საფლავები აქვს კაცობრიობას გათხრილი თავისი ღირსეულად დაღუპულ შვილთათვის, მაგრამ წარსულ დროთა ისტორიამ არ იცის მაგალითი - რონ გამარჯვებული დამარცხებულს ისე მოპყრობოდეს, როგორც ეს მოხდა 4 მარტს.
საქართველოს პროლეტარულმა გადატრიალებამ ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მისთვის ძვირფასია არა მარტო იმათი სისხლი, ვინც იბრძვის და იღუპება მისი წითელი არმიის რიგებში, არამედ იმათიც, ვინც დატყუილებული და თვალახვეული მის წინააღმდეგ მოდის ვინტოვკით ხელში და შეიძლება ჩვენთვის, ბევრათ უფრო სავალალო და სამწუხარო არის არა ჩვენს რიგებში დახოცილ ჩვენს ძმათა სისხლი, ვიდრე იმათი, ვინც ჩვენთან იყო და ჩვენი, პროლეტარული საქმისთვის დასდვა თავისი თავი, რადგან ამათმა იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ და რატომ კვდებოდნენ, რადგან ამათ სისხლს და გმირულად დაღუპვას თავისი დიდი ნაყოფი აქვს.
მათ მოუპოვეს გამარჯვება - საქართველოს მშრომელებს. ისინი კი - დაიღუპნენ, ისე რომ არ იცოდნენ რისთვის იღუპებოდნენ, ან და დაიღუპნენ თავისი მტრებისაგან მოტყუებულნი. დაიღუპნენ არა თავისი და თავისი ძმების, - მუშების და გლეხების საქმისთვის. ისინი დაიხოცნენ - თავისი მოსისხლე მტრების ბანაკში, თავისი მეგობრების და ძმების წინააღმდეგ ბრძოლაში.
აი ამიტომ მათი სისხლი და დაღუპვა, ჩვენთვის უფრო სამწუხაროა, უფრო სანაღვლოა.
აი ამიტომ გამარჯვებულ მუშათა კლასის გულ-მკერდზე, წაუშლელი წითელი ზოლებით აღიბეჭდება მათი დაღუპვის ტრაგედია, მათ მაგალითზე მუშათა კლასი კიდევ ერთხელ ისწავლის, თუ როგორ არ უნდა წამოეგოს იგი თავისი მოსისხლე მტრის ბურჟუზიის ანკესზე.
4 მარტს, მუშათა კლასმა და წითელ არმიამ დაიტირეს თავისი სახელოვანი გმირების, წითელი არმიის რიგებში რომ იბრძოდნენ და მოტყუებული ძმების დაღუპვა.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას