სერჟანტთა მომზადების სკოლის უფროს სერჟანტთა 18 მსმენელი და ინსტრუქტორი საქართველოს პარლამენტს ესტუმრა. სერჟანტებმა პარლამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საპარლამენტო სესიის სხდომასაც დაესწრნენ.
დღესვე სერჟანტები თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მათ ირაკლი სესიაშვილს კითხვები უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, განათლების სფეროსა და სამოქალაქო თავდაცვის განვითარებაზე დაუსვეს. თავდაცვისა და უსაფრხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და გარკვეულ საკითხებში სერჟანტებს თანადგომა აღუთქვა.
ამჟამად სერჟანტთა მომზადების სკოლაში 15 კვირიანი მომზადების კურსი სრულდება. ამ ხნის განმავლობაში სერჟანტებმა მათთვის აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევები შეიძინეს. კურსის დასრულების შემდეგ სერჟანტები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც განაგრძობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.