როგორ გაუმკლავდა ვახტანგ გორგასალი თავის თანამედროვე მტრებს

როგორ გაუმკლავდა ვახტანგ გორგასალი თავის თანამედროვე მტრებს

პატარა ქვეყნის მმართველი პოლიტიკოსი უნდა იყოს ნიჭიერი, გონებამახვილი, ჰქონდეს მოთმინების უნარი, მაგრამ ესეც არ ეყოფა, თუ ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება არ შეიქმნა.

სხვადასხვა დროს ჩვენი სახელმწიფო მეტად გააძლიერეს და საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს მეფე ფარნავაზმა, ფარსმან ქველმა, ბაგრატ მესამემ, დავით აღმაშენებელმა, თამარ მეფემ და გიორგი ბრწყინვალემ. მათ თავისი პიროვნული ღირსებებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ვახტანგ გორგასალი, რომელიც დაჯილდოებული იყო დიდი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისებით, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მიღწევაში არახელსაყრელმა საერთაშორისო მდგომარეობამ შეუშალა ხელი. ამ ამბების შესახებ ისტორიკოსი გოჩა საითიძე გვიამბობს.

- ვახტანგ გორგასლის გამეფებისას, მეხუთე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა: ერთიანი საქართველო ჯერ კიდევ არ არსებობს – აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფოა, დასავლეთში – ეგრისის. მცირეწლოვანი გორგასალი ქართლის მეფე ხდება. ამ პერიოდისთვის ქართლის სამეფოს უტევს სასანიანთა ირანი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, აქ მაზდეანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა გაავრცელოს. სასანიანების საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოსა და მთლიანად ქართული ეთნოსის სრული განადგურებაა. ჩვენი სამშობლო ისტორიულად მუდმივად ამ პრობლემის წინაშე იდგა: ყველა დამპყრობელს მოსწონდა მისი ტერიტორია, მაგრამ არ მოსწონდათ და არც ახლა მოსწონთ მასზე მოსახლე ერი, ქართველები, რადგან ჩვენ მუდამ ხელს ვუშლიდით მათ თავიანთი დამპყრობლური მიზნების განხორციელებაში.

როდის იწყებენ ირანელები ამ პოლიტიკის გატარებას ქართლში?

– მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა შაჰი იეზდიგერდ მეორე, რომელიც დაჟინებით ცდილობდა ქართლის გამაზდეანებას. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში ადის სამეფო ტახტზე ვახტანგი, რომლის მცირეწლოვნობის გამო, ქვეყანას დედამისი – საგდუხტ დედოფალი განაგებს. ამით სარგებლობენ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ალან-ოსები და ჰუნ-თურქები, რომლებიც რამდენჯერმე ილაშქრებენ ქართლის სამეფოს წინააღმდეგ. მათ ვახტანგის მცირეწლოვანი და – მირანდუხტიც კი დაატყვევეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგდუხტ დედოფალმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ არ განადგურდა.

საგდუხტი ირანელი ქალი იყო. როდესაც ის ცოლად გაჰყვა მირდატს, ვახტანგის მამას, გაქრისტიანდა და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანული რელიგიის ერთგული დარჩა. საგდუხტის მამა, ბარზაბოდი, ირანის შაჰის მიერ კავკასიის საქმეთა მმართველად დანიშნული მოხელე იყო. მისი გავლენის სფერო იყო ალბანეთი (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც შემდგომში არაბებისა და თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად განადგურდა), სომხეთი და ქართლი. როგორც კი ვახტანგი ქართლის სამეფო ტახტს იკავებს, შაჰი მისი დარბევის ბრძანებას იძლევა. სწორედ ამიტომ, საგდუხტი ჩავიდა მამამისთან, რომლის რეზიდენცია ბარდავში მდებარეობდა, და სთხოვა, არ აეოხრებინა ქართლი. მამამ ისმინა შვილის ვედრება, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი რამ მოითხოვა მისგან.

რა მოითხოვა ბარზაბოდმა?

– ის მოითხოვდა, რომ ქართლში ორი სახელმწიფო რელიგია ყოფილიყო: ქრისტიანული და მაზდეანური. სამწუხაროდ, საგდუხტს მეტი გზა არ ჰქონდა და დასთანხმდა მამამისის წინადადებას. მას მოგვები – მაზდეანური რელიგიის მქადაგებლები გამოაყოლეს ქართლში. გარდა ამისა, იეზდიგერდმა შემოიღო სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით, ქართველები ვალდებულნი იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ ყველა ბრძოლაში, რომლებსაც სასანიანები თავიანთი ვრცელი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში აწარმოებდნენ. ქართველი მეომრების უმრავლესობა სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდა. ასე ნადგურდებოდა ჩვენი გენოფონდი.

კიდევ ერთი, მეტად მტკივნეული პრობლემა, რომელიც ვახტანგის მეფობის დროს აწუხებდა ჩვენს ქვეყანას, წარჩინებული დიდაზნაურების ღალატი იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა შორის უმთავრესი პირადი კეთილდღეობა და გამორჩენა იყო, უამრავი დიდებული გადადიოდა მაზდეანობაზე და ირანის პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი ხდებოდა. დამპყრობლებიც, „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკიდან გამომდინარე, მათ ყველანაირად უწყობდნენ ხელს თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში.

მოღალატე დიდაზნაურების ბელადი იყო ყველასათვის კარგად ცნობილი, ქვემო ქართლის გამგებელი ვარსქენ პიტიახში, პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულების – „შუშანიკის წამების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. იგი მეხუთე საუკუნის კოკოითი, აბაშიძე, არძინბა და ბაღაფშია, ანუ, დამპყრობლური სახელმწიფოსგან ძალამოცემული, თავგასული და თავის სამმართველო ტერიტორიაზე შეუზღუდავად მოპარპაშე მედროვე.

შექმნილ ურთულეს ვითარებაში ვახტანგ გორგასალმა განიზრახა, მტერი თვითონ გამოეყენებინა თავისი მიზნების მისაღწევად, ანუ იგი ირანელების ხელით შეეცადა ქართული საქმეების კეთებას.

რას გულისხმობთ?

– ჩრდილოკავკასიელი ოსები და ჰუნები არა მარტო ქართლს აოხრებდნენ, არამედ უშუალოდ ირანის ტერიტორიამდეც ჩადიოდნენ და მასაც დიდ ზიანს აყენებდნენ. ვახტანგმა ირანის შაჰს – პეროზს შესთავაზა: მე, როგორც შენი ერთგული მოხელე, ვილაშქრებ ჩრდილოკავკასიაში, მომაშველე ჯარი, რადგან შენსავე ინტერესებშია, რომ მე ისინი დავიმორჩილოო. სინამდვილეში კი, თუ ქართლის მეფე ოსებსა და ჰუნებს დაიმორჩილებდა და დარიალის ხეობას ჩაკეტავდა, საიდანაც მომთაბარეები სალაშქროდ გადმოდიოდნენ, ამით, უპირველესად, ხომ ქართლი ამოისუნთქებდა?! პეროზს ჭკუაში დაუჯდა ქართლის მეფის წინადადება და მისი დახმარებით ვახტანგმა სასტიკად დაამარცხა ჰუნებიცა და ოსებიც. ამ ლაშქრობამ და მასში გამოჩენილმა საარაკო გმირობამ ვახტანგის სახელი ლეგენდებით შემოსა.

ამბობენ, გორგასალი ძალიან მაღალი ყოფილა.

– ვახტანგ გორგასალი სიმაღლით იყო 12 ბრჭალი, რაც დღევანდელი საზომით გამოდის 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი. ჰქონდა გოლიათური აღნაგობა, მხოლოდ მისი შესახედაობაც კი მტერს თავზარს სცემდა და საგონებელში აგდებდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ისტორიკოს ჯუანშერს უწერია, ვახტანგს ისეთი ძალა ჰქონდა, გაქცეულ ირემს რქაში ხელს მოჰკიდებდა და ისე აჩერებდაო. ჯუანშერს აღწერილი აქვს, თუ როგორ დაამარცხა ვახტანგ გორგასალმა რამდენიმე გამოჩენილი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი. მაშინ ასეთი წესი იყო: ბრძოლის დაწყების წინ ჯერ მთავარი მეომრები ერკინებოდნენ ერთმანეთს ერთი-ერთზე, რომლის შედეგიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჯარის სულიერ მხნეობაზე. ვახტანგმა ასეთი შერკინებებითაც გაითქვა სახელი. იგი ატარებდა ოქროს მუზარადს, რომელსაც წინიდან მგლის სახე ჰქონდა გამოსახული, უკანა მხარეს კი – ლომის. „გურგ/გორგ“ – ირანულად ნიშნავს მგელს, ხოლო „სარ“ – თავს. როგორც კი ირანელები ვახტანგს დაინახავდნენ, შეძრწუნებულნი გაიძახოდნენ: „დურ აზ გორგასალ! ანუ – უფრთხილდით მგლისთავასო.

რა შედეგი გამოიღო ვახტანგ გორგასლის პოლიტიკამ?

– მან ჩრდილოკავკასიელები დაიმორჩილა, დარიალის ხეობაში ააშენა ციხეები და ამიერიდან მას ქართლის მეფე აკონტროლებდა. ამ ბრძოლების შედეგად ვახტანგმა დიდი ნადავლი მოიპოვა, მაგრამ მთლიანად თვითონ კი არ დაიტოვა, არამედ ყველაზე ძვირფასი ნაწილი ირანის შაჰს გაუგზავნა, რათა თავისი ერთგულება ეჩვენებინა.

ამ პერიოდისთვის ეგრისის სამეფო ბიზანტიის ვასალია. ბიზანტია და ირანი ერთმანეთის მტრები არიან, მათ შორის გამუდმებული ომი მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ ბიზანტიას ეგრისის ტერიტორიებს წაართმევს ვახტანგ გორგასალი, მას თავისუფლად შეუძლია, თავი მოაჩვენოს, თითქოს ირანისთვის იერთებს ტერიტორიებს. სინამდვილეში, ირანის ჯარის დახმარებით, ძალიან დიდი ტერიტორიები შემოუერთა ქართლის სამეფოს. ამ პოლიტიკით მან საქართველოს დიდი ნაწილი გააერთიანა. სხვათა შორის, ცოლადაც ირანის შაჰის ასული შეირთო – ვახტანგის პირველი ცოლი იყო ბალენდუხტი, რომელთანაც მას ქართლის მომავალი მეფე – დაჩი შეეძინა.

გორგასალი თავისი ფრთხილი, გამჭრიახი პოლიტიკის წყალობით, ირანის მხარდაჭერით, ირანის ფინანსებით, ქართლს ეკონომიკურად აძლიერებს, აშენებს ახალ ციხე-ქალაქებს – უჯარმას, ჭერემს, არტანუჯს, ხორნაბუჯს, ნეკრესსა და მრავალ სხვას, რომლებიც მომავალში უკვე თავად ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მთავარი დასაყრდენი გახდა.

ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება ქართლის სამეფოს დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანაც.

– თბილისი, როგორც დასახლებული პუნქტი, დაბა, წინათაც არსებობდა. მეოთხე საუკუნიდან აქ ირანელთა მოხელე – პიტიახში იჯდა. ვახტანგ გორგასალი მიხვდა, რომ თბილისი უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობდა; განჭვრიტა, რომ ის საუკუნეებს გაუძლებდა და ასეც მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე საუკუნის 60-იან წლებში სამხედრო ბეგარის შესრულება თვითონ ვახტანგსაც მოუწია. შვიდი წლის განმავლობაში იგი პეროზ შაჰის მიერ შუა აზიაში ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო გაწვეული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქართლის მეფემ საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა და ირანთან დაპირისპირება გადაწყვიტა. მართალია, საბოლოოდ, გორგასალი ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც, მაგრამ, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ირანმა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ თავისი ბოროტი ზრახვები ვერ განახორციელა. მანამდე სასანიანებს უკვე გაუქმებული ჰქონდათ მეფობა სომხეთშიც და ალბანეთშიც. კავკასიაში მხოლოდ ქართლს ჰყავდა საკუთარი მეფე.

ონკრეტულად რაში გამოიხატა ქართლის სამეფოს პოლიტიკური კურსის შეცვლა და ირანელების წინააღმდეგ ღიად დაპირისპირება?

– პირველ ყოვლისა, ამან ასახვა ვახტანგის სარწმუნოებრივ პოლიტიკაში ჰპოვა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მოიპოვა საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია. მანამდე ჩვენ ეკლესიურად ბიზანტიას ვექვემდებარებოდით. პირველი კათოლიკოსი ვახტანგთან დაახლოებული საეკლესიო მოღვაწე – პეტრე გახდა. ქართლის მეფემ ძალზე შეავიწროვა ცეცხლთაყვანისმცემლები თავის სახელმწიფოში – ზოგი მოკლა, ზოგი გააძევა. გარდა ამისა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გორგასალმა ბიზანტიის იმპერატორის ასულზე იქორწინა. მაშინ დინასტიურ ქორწინებებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

ეს ყველაფერი ერთად, მისი პოლიტიკური კურსის ცვლილების შედეგი იყო, რაც, რა თქმა უნდა, ირანის შაჰს არ მოეწონა. პეროზმა მაშინვე ჯარი გამოგზავნა ვახტანგის წინააღმდეგ. ბიზანტიამ დახმარების აღმოჩენა დააგვიანა. ბრძოლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია. საბოლოოდ, დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც ორივე მხარე დათმობაზე წავიდა. მართალია, ქართლის მეფემ თავი ისევ ირანის ვასალად ცნო, მიიღო შაჰისგან გვირგვინი, იკისრა ხარკი და სამხედრო ბეგარა, მაგრამ, სამაგიეროდ, ვახტანგმა მიაღწია ერთ უდიდეს წარმატებას, კერძოდ, საზავო ხელშეკრულებაში მისი მოთხოვნით ჩაიდო პუნქტი: „იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩუენდა ქრისტე“. შაჰი იძულებული გახდა, ვახტანგის ამ მოთხოვნას დასთანხმებოდა.

შემდგომში, როგორც ცნობილია, ვახტანგ გორგასალმა კიდევ ერთი დიდი აჯანყება მოაწყო ირანელთა წინააღმდეგ.

– დიახ, 482-484 წლებში. აჯანყების დაწყებამდე ვახტანგმა მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში. ამ ფაქტს – ვარსქენის მოკვლას სწორედ აჯანყების წინ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამით ვახტანგმა ღიად გააცხადა თავისი პოზიცია: ის ებრძვის სარწმუნოებისა და სახელმწიფოს მოღალატეს და გამოდის ქრისტიანობის დამცველად.

482 წელს ქართლის მეფემ დიდ წარმატებებს მიაღწია – ირანელები განდევნა ქვეყნიდან. მომდევნო წელს შაჰმა დიდი ჯარი გამოგზავნა ვახტანგის დასამორჩილებლად. ამ უკანასკნელს, მიუხედავად დაპირებისა, მხოლოდ 300 კაცი მოუვიდა დამხმარედ ჰუნებისგან. თავისი მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდნენ სომხებიც – მათგან ერთადერთი, ვინც ბოლომდე გვერდში დაუდგა ვახტანგ გორგასალს, იყო შუშანიკის ბიძაშვილი, გამოჩენილი სომეხი სარდალი, ვაჰან მამიკონიანი. დანარჩენი სომეხი დიდებულები წინასწარ შეუთანხმდნენ ირანელთა სარდალ მიჰრანს, როგორც კი ბრძოლა დაიწყება, შენს მხარეზე გადმოვალთო და, მართლაც ასე მოიქცნენ. ბიზანტიას ამ დროს თავისი გაჭირვება ჰქონდა – გერმანულ ტომებს – გოთებსა და ვანდალებს ებრძოდა და საქართველოსთვის არ ეცალა. საბოლოო ჯამში, ვახტანგი დამარცხდა და ეგრისს შეაფარა თავი.

482 წელს პეროზმა ისევ გამოგზავნა ჯარი გორგასლის წინააღმდეგ ჰაზარავუხტის მეთაურობით. მას ნაბრძანები ჰქონდა, ქართლის მეფე შეეპყრო ან მოეკლა, მაგრამ ირანელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს – ვახტანგი ხელში ვერ ჩაიგდეს. ამას ისიც დაერთო, რომ შაჰი შუა აზიაში ჰუნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგაც ჰაზარავუხტი ირანში გაემგზავრა. ვახტანგი ქართლში დაბრუნდა და ამის შემდეგ იგი დაახლოებით კიდევ ოც წელს მართავდა სახელმწიფოს. ირანელთა მხრიდან ზოგიერთი დათმობის მიუხედავად, გორგასლის მთავარი მიზანი დამპყრობლების ვასალობისგან თავის დაღწევა, ხარკის ამოკვეთა და მძიმე სამხედრო ბეგარისგან გათავისუფლება იყო.

საბოლოოდ როგორ გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი?

– ვახტანგი სასიკვდილოდ დაიჭრა სამგორის ველზე, ირანელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში მან თითქმის გამარჯვება მოიპოვა – იგი შაჰის კარავში შეიჭრა და მისი ძე – ბარტამი მოკლა, მაგრამ, ამ დროს, მისმა ყოფილმა მონამ მოწამლული ისარი ესროლა იღლიაში. საქმე ისაა, რომ ქართული აბჯარი იღლიაში ღია იყო, რათა მებრძოლს ხელი თავისუფლად ემოძრავებინა. მოღალატემ, რომლის სამარცხვინო სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა, იცოდა ამის შესახებ. ისარი იღლიიდან „გავიდა ფირტუამდეო” – წერია წყაროში. მეფემ ჭრილობიდან ისარი ვერ გამოიძრო და, მიუხედავად ამისა, მაინც გმირულად იბრძოლა კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში. ქართველებმა ირანელები დაამარცხეს, რის შემდეგაც ვახტანგ გორგასალი ცხენზე შეჯდა და დიდი გაჭირვებით თვითონ მივიდა უჯარმის ციხემდე, რათა ქართველებს იგი დასუსტებული არ დაენახათ. სიკვდილის წინ გმირმა მეფემ დაიბარა, ჩემს გლოვას თავი დაანებეთ და ქვეყანას მიხედეთო. იგი მისსავე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ვახტანგ გორგასალი წმიდანად შერაცხა.