ევროკავშირი მკაცრად გმობს ე.წ. არჩევნების უკანონოდ ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილში. ამ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და უკრაინის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში უკიდურესად შეზღუდულ ვითარებაში ჩატარდა, რასაც ამწვავებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომი. რუსეთის ხელისუფლება კვლავ ზრდის სისტემატურ შიდა რეპრესიებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და სხვა კრიტიკული ხმების წინააღმდეგ, იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო განაჩენებს. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ალექსეი ნავალნის შოკისმომგვრელი გარდაცვალება სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია. არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც აისახა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევის ზრდაში - არაერთ კანდიდატს, მათ შორის ისეთებს, ვინც რუსეთის უკანონო ომს ეწინააღმდეგება, კენჭისყრის უფლება არ მიეცა.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ე.წ. არჩევნების უკანონოდ ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილში. ამ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და უკრაინის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და სუვერენიტეტს. ევროკავშირი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარებას და მათ შედეგებს, რომლებსაც არანაირი კანონიერი ძალა არ აქვთ. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ამ „არჩევნების“ ორგანიზებაში ჩართული პირები ამ უკანონო ქმედებების გამო პასუხს აგებენ.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ბორელმა.