ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან კარგ და მნიშვნელოვან, უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.
„ნატოსთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ალიანსის, იმისთვის რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და გვექნება მჭიდრო და ძალიან ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ალიანსი, ასევე ბატონი სტოლტენბერგი ბოლო დროს გამოირჩევა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ სტიმულს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში“, - მიიჩნევს დარჩიაშვილი.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.