საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინთან. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებით აღებული ვალდებულებების შესრულება და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ფრანგ კოლეგას - საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალსს შეხვდა. მინისტრებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ლეგალურ მიგრაციას და საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.