გასულ კვირას ბაკურიანის ახალგაზრდობის საერთაშორისო ბანაკში მუშაობა დაიწყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50 წლისთავისადმი მიძღვნილმა რესპუბლიკის შემოქმედებითი ინტელიგენციის მეორე სემინარმა თემაზე: „ქართველი ახალგაზრდა ხელოვანი და სოციალისტური მშენებლობა“.
სემინარში უმთავრესად მონაწილეობენ ახალგაზრდა მწერლები, კრიტიკოსები, მხატვრები, კომპოზიტორები, არქიტექტორები და მსახიობები.
სემინარს ესწრებიან აგრეთვე სტუმრები - მოსკოვის, ლენინგრადის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა წარმომადგენლები.
პირველი სხდომა გახსნა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ოთარ ჩერქეზიამ. სხდომას თავმჯდომარეობდა პოეტი კარლო კალაძე.
მოხსენება თემაზე - „პარტიულობის პრინციპი ახალგაზრდა ქართველი მწერლების შემოქმედებაში“ გააკეთა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანმა ბესო ჟღენტმა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა გურამ ასათიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ახალგაზრდობა - ქართული ლიტერატურის საუკეთესო გამგრძელებელი“.
დღის მეორე ნახევარში დაიწყო კამათი, რომელშიც მონაწილეობდნენ კობა იმედაშვილი, ნოდარ ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ გვერდწითელი, რევაზ მიშველაძე, ბესო ჟღენტი, გურამ ასათიანი. დასასრულ, სიტყვა წარმოთქვა ოთარ ჩერქეზიამ.
ამით დამთავრდა შემოქმედებითი სემინარის პირველი დღის სხდომა.