დაუსჯელობა-ყველაზე დიდი დანაშაულია (ბერნარდ შოუ)
2013 წლის ოქტომბერში, უნგრეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ ფუნქციონერ შინაგან საქმეთა მინისტრს, 92 წლის ბელე ბისკუს (Bela Bizku) სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრალდება წაუყენეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, არც მეტი, არც ნაკლები ამ პოლიტიკური ფუნქციონერის მიერ, 57 წლის წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობის და ოპოზიციონერების ცემის განკარგულების გაცემაში. ბისკუს, სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობა ელოდება.
მთელ ამ პროცესს, სამართლებრივ ენაზე, დაუსჯელობის აღმოფხვრით სამართლიანობის აღდგენა ეწოდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები კი ცხადყოფენ, რომ სამართლიანობის აღდგენა, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების ჯერაც აღუსრულებელი შეპირება, საზოგადოებაში გარკვეულ ნიჰილიზმს წარმოშობს.
სამართლიანობის დამკვიდრებაში იგულისხმება, როგორც ხელყოფილ უფლებათა აღდგენა, ისე ამ უფლებათა ხელმყოფელების დასჯა.
ამ ორივე პროცესის განხორციელება ამჟამად ძალზედ გართულებულია, ვინაიდან: 1. აბსოლუტურად არაკომპეტენტურმა და კორუმპირებულმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძირშივე გაანადგურეს და თავის თავზე მოირგეს კანონმდებლობა, რომელიც სამართლის გაუკუღმართებული პაროდიაა; 2. ამ გაუკუღმართებული კანონმდებლობის განხორციელება დღესაც იმ კადრების ხელშია, რომელიც „ძვირფას მემკვიდრეობად“ ერგო დღევანდელ ხელისუფლებას; 3. ყოფილი ხელისუფლების დაქირავებული ლობისტებისაგან დაპროგრამირებული დასავლელი პოლიტიკოსების მიერ, საქართველოსთვის თავს მოხვეული ე.წ. კოჰაბიტაცია, დიდ სირთულეს ქმნის სამართლიანობის აღდგენისათის.
მხოლოდ სამივე ამ პრობლემის ერთობლიობაში სიღრმისეული განხილვა და არსებითი გადაწყვეტა გამოიღებს სამართლიანობის აღდგენის საქმეში რეალურად ხელშესახებ შედეგს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი იქნება დასავლელ პარტნიორებთან იმ სამართლებრივ ენაზე კომუნიკაცია, რომელსაც ისინი თავად ქმნიან და რომლითაც ოპერირებენ.
დაუსჯელობის სინდრომის არსებობა, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიის უარყოფითი ნაწილის თანმდევი მახასიათებელია. მისი დაძლევისკენ სწრაფვა, თითქმის ყოველი სახელმწიფოს ისტორიის და ყოფიერების განუყოფელი ნაწილია.
ამდენად, დასავლელი პარტნიორებისთვის რთული ასახსნელი არ უნდა იყოს, რომ ქართული საზოგადოება ებრძვის არა კოჰაბიტაციას, არამედ პლუტოკრატებს, ე.ი საქართველოს ხაზინის ქურდებს, კაცისმკვლელებს და ყაჩაღებს, რომელთა კრებსითი სახელია - პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ზოგადად, დასუჯელობის პრობლემის აქტუალობას მოწმობს ისიც, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს მის წევრ სახელმწიფოებში დაუსჯელობის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა და დამკვიდრება.
ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი - „დაუსჯელობასთან ბრძოლის მეშვეობით ადამიანის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის პრინციპთა კრებული“ (E/CN. 4/2005/102/Add 1).
ეს პრინციპები ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა, მათ შორის, აშშ-ს, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, არგენტინის, ჩილეს და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენელთა მიერ. ამ დოკუმენტის შედგენისას მხედველობაში იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა. საბოლოო ფორმა და შინაარსი ამ დოკუმენტს, როგორც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის პროფესორმა ქ-ნ დიანა ორენტლიჩერმა (Diane Orentlicher) შესძინა, რომელიც ამ საკითხებზე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაშიც მოღვაწეობდა.
პრობლემაზე დასავლური მიდგომის საილუსტრაციოდ მოგვყავს ამონარიდები ამ დოკუმენტიდან, რომელშიც ლაკონურადაა განმარტებული თუ რატომ, როდის და როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოში დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა.
განსახილველი დოკუმენტის პრეამბულის თანახმად „დაუსჯელობა“ - ნიშნავს იმ პირთა სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან დისციპლინურ პასუხისგებაში დე-იურე და დე-ფაქტო არ მიცემას, რომლებიც ბრალეული არიან სამართალდარღვევათა ჩადენაში, რის შედეგადაც ამ პირთა მიმართ არ წარმოებს არავითარი სახის გამოძიება, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს მათთვის ბრალის წაყენება, მათი დაპატიმრება, სამართალში მიცემა (თუკი ისინი დამნაშავედ იქნებიან ცნობილი) და მათთვის შესაბამისი სასჯელის მისჯა, მათ მიერ დაზარალებულთათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჩათვლით.
პრინციპთა დებულებები ვრცელდება ადამიანის უფლებთა არსებით დარღვევაზე, მათ შორის, პირველ რიგში ისეთ ქმედებაზე, როგორიცაა წამება, მკვლელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქონების უკანონო ჩამორთმევა და სხვა.
ამ დოკუმენტის პირველ მუხლში მითითებულია, რომ დაუსჯელობა სათავეს იღებს სახელმწიფოების მიერ სამართალდარღვევების გამოუძიებლობის, მათ ჩამდენ პირთა მიმართ სათანადო ზომების არ მიღების, მათი მოვალეობის შეუსრულებლობიდან, დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მათ სამართალში არმიცემიდან და მათთვის შესაბამისი სასჯელის არდანიშვნიდან, დაზარალებულთათვის ეფექტური დაცვის საშუალების არმინიჭებიდან და მათთვის მიყენებული ზიანის არ ანაზღაურებიდან, სიმართლის ცოდნაზე ადამიანთა ხელშეუვალი უფლების დარღვევებიდან და ნებისმიერი სხვა ზომების მიუღებლობიდან, რომლებიც სავალდებულოა დარღვევათა განმეორებით არ დაშვებისთვის.
პრინციპების ჩამონათვალიდან მეორე, ეხება ჭეშმარიტების დადგენის ხელშეუვალ უფლებას. მასში დაფიქსირებულია შემდეგი: ხალხს უფლება აქვს იცოდეს სიმართლე წარსულში ჩადენილ საშინელ დანაშაულთა და იმ გარემოებათა მიზეზთა შესახებ, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის უფლებათა მასობრივი და სისტემატიური დარღვევით ასეთ დანაშაულთა ჩადენა. ჭეშმარიტების დადგენის სრული და ეფექტური უზრუნველყოფის უფლება წარმოადგენს ამ დანაშაულთა შემდგომში გამეორებისაგან დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საშუალებას.
მესამე პრინციპი ეხება დამახსოვრების მოვალეობას, რომელშიც წერია, რომ ხალხის მიერ მისი ჩაგვრის ისტორიის ცოდნა წარმოადგენს მისი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილს და როგორც ასეთი, სახელმწიფოს მოვალეობის ფარგლებში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა ამსახველი დოკუმენტაციის არქივების და სხვა მტკიცებულებათა დაცვით, ამასთანავე, შესაბამის ზომათა მიღებით, ამ დარღვევათა შესახებ ცოდნის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით.
ეს ზომები მიზნად ისახავენ კოლექტიური მეხსიერებიდან მოვლენათა ამოშლისაგან დაცვას, კერძოდ, იმისთვის, რათა შესაძლებელი იქნეს წინააღმდეგობის გაწევა რევიზიონისტული და უსაფუძვლოდ უარმყოფელი არგუმენტებისათვის.
მეოთხე პრინციპი ეხება დაზარალებულის უფლებას ინფორმაციაზე: ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურისაგან დამოუკიდებლად, მსხვერპლთ და მათ ოჯახებს აქვთ ხანდაზმულობის ვადისთვის ხელშეუვალი უფლება, იცოდნენ სიმართლე იმ გარემოებათა შესახებ, რომლებშიც ადგილი ჰქონდა დარღვევას, ხოლო დაზარალებულის სიკვდილის ან გაუჩინარების შემთხვევაში, მისი ბედის შესახებ.
მეხუთე პრინციპში ჩამოყალიბებულია ინფორმაციის მიღების უფლების ქმედითი გარანტიები: სახელმწიფოები მოვალენი არიან განახორციელონ სათანადო ქმედებები, იმ ზომათა ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იმ მიზნით, რათა ქმედითად განხორციელდეს უფლება ინფორმაციაზე. ამ უფლების უზრუნველყოფის შესაბამის ზომებში შეიძლება ჩართულ იქნას არასასამართლო პროცედურები, რომლებიც ავსებენ სასამართლო სისტემის როლს. საზოგადოებებმა, რომლებსაც შეეხოთ სისხლის სამართლის საშინელი დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილი იქნა მასობრივ ან სისტემატიურ საფუძველზე, შესაძლებელია სარგებელი მიიღონ ჭეშმარიტების დამდგენი ან სხვა საგამოძიები კომისიების შექმნისაგან, ფაქტების დადგენით, რომლებსაც რაიმე კავშირი ჰქონდათ მითითებულ დარღვევებთან, იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებათა გაქრობა.
იმისდა მიუხედავად, ქმნის თუ არა სახელმწიფო ასეთ ორგანოს, იგი მოვალეა უზრუნველყოს არქივთა დაცვა და ხელმისაწვდომობა, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებთან.
დოკუმენტის მესამე თავში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ იქმნება და ფუნქციონირებს „ჭეშმარიტების დამდგენი კომისიები“. მეტად საგულისხმოა ამ თავის მე-8 „c“ პუნქტი, რომელიც ეხება ამ კომისიის მიერ განსახილველ საკითხთა წრეს. კერძოდ, მასში დაფიქსირებულია, რომ: საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებული გამოძიება, მოიცავს ადამიანის უფლებათა ან ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევ ყველა პირს, რომლებიც იძლეოდნენ შესაბამის ბრძანებებს ან უშუალოდ თვითონ სჩადიოდნენ მათ, როგორც უშუალო ამსრულებლები ან თანამონაწილეები, იმისდა მიუხედავად ეხება თუ არა ეს საჯარო მოხელეებს თუ ნახევრად სახელმწიფო ან კერძო შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებსაც რაიმე კავშირი აქვთ სახელმწიფოსთან ან არასახელმწიფო შეიარაღებულ მოძრაობასთან. საგამოძიებო კომისიებს შეუძლიათ ასევე განიხილონ სხვა სუბიექტთა როლი ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა ხელშეწყობის საქმეში.
მეთოთხმეტე პრინციპი ეხება არქივების დაცვის ზომებს და მასში დაფიქსირებულია, რომ: უფლება ინფორმაციაზე გულისხმობს არქივთა დაცულობის უზრუნველყოფას. განსახორციელებელია ტექნიკური ზომები და სისხლის სამართლებრივი სანქციების გათვალისწინება იმ მიზნით, რათა არ იქნეს დაშვებული საარქივო მასალების ამოღება, განადგურება, გადამალვა ან ფალსიფიცირება, ე.ი ქმედებები, რომლებიც მიმართული არიან უზრუნველყონ იმ პირთა დაუსჯელობა, რომლებიც დამნაშავენი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაში.
27-ე პრინციპი არეგულირებს შეზღუდვებს, რომლებიც ეხება გამართლებებს, რომლებიც მოტივირებულია თანამდებობრივი დაქვემდებარებით, ხელმძღვანელის პასუხისმგებლობით და ოფიციალური სტატუსით. მასში დაფიქსირებულია შემდეგი:
ა) ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩამდენი დამნაშავე მოქმედებდა მისი მთავრობის ან ზემდგომი ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან...
ბ) ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა დაქვემდებარებული პირის მიერ, არ ათავისუფლებს მის ზემდგომ ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუკი მათ საფუძველი ჰქონდათ სცოდნოდათ, რომ ეს დაქვემდებარებული პირი სჩადის ან აპირებს ჩაიდინოს ასეთი დანაშაული და მათ არ მიიღეს ყველა აუცილებელი ზომა მათი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა თავიდან აეცილებინათ დანაშაულის ჩადენა ან დაესაჯათ დანაშაულის ჩამდენი.
გ) პირის ოფიციალური სტატუსი, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურს, არ ათავისუფლებს მათ სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობიდან და არ წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას.
30-ე პრინციპი არეგულირებს შეზღუდვებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპს. მასში დაფიქსირებულია, რომ შეუცვლელობის პრინციპი, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, დაცული უნდა იქნას მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც დანიშნული არიან სამართლის უზენაესობის პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად. ამის საპირისპიროდ, მოსამართლეები, რომლებიც დანიშნულ იქნენ უკანონოდ, ან რომლებმაც მოიპოვეს სასამართლო უფლებამოსილება ერთგულების შეპირების სანაცვლოდ, შეიძლება გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.
განსახილველი დოკუმენტი შექმნილია იმ ფაქტორის ნაგულისხმევობის საფუძველზე, რომ შეეხება ქვეყნებს, რომლებიც იყვნენ ტირანიის, ავტოკრატიის, პლუტოკრატიის მსხვერპლნი, როგორსაც საქართველო წარმოადგენდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს კი განაპირობებს კანონმდებლობის და სახელმწიფო ინსტიტუტების ძირფესვიანი რეფორმების აუცილებლობას.
ამასთან დაკავშირებით, 36-ე პრინციპში - „სახელმწიფო დაწესებულების რეფორმა“ დაფიქსირებულია შემდეგი: სახელმწიფოები მოვალენი არიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ რეფორმათა ჩათვლით, იმის უზრუნველსაყოფად, რათა სახელმწიფო დაწესებულებები ორგანიზებულ იქნან იმგვარად, რომ უზრუნველიყოს სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა.
ამ მიზნით სახელმწიფომ უნდა მიიღოს შემდეგი ზომა: სახელმწიფო თანამდებობის პირები და თანამშრომლები, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებზე, კერძოდ, ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეიარაღებულ ძალებს, უშიშროების ძალებს, პოლიციას, დაზვერვის ორგანოებს, სასამართლო ორგანოებს - განიდევნებიან სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახურებიდან. მათი გათავისუფლება ხდება სათანადო სამართლებრივი პროცედურების მოთხოვნათა და არადისკრიმინაციის პრინციპის დაცვით. პირები, რომლებსაც ოფიციალურად ერაცხებათ ბრალად საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულთა ჩადენა, ჩამოშორდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართლებრივი დევნის საქმის წარმოების განმავლობაში.
38-ე მუხლი კი ეხება კანონმდებლობის და დაწესებულებათა რეფორმას, რომელიც ხელს უწყობს დაუსჯელობის აღმოფხვრას. მასში ვკითხულობთ: გაუქმებულ და ლიკვიდირებულ უნდა იქნას საკანონმდებლო და ადმინისტრაციული აქტები და დაწესებულებები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა დარღვევას ან აკანონებენ მათ. კერძოდ, გაუქმებულ და ლიკვიდირებულ უნდა იქნას საგანგებო კანონმდებლობა და ნებისმიერი სახის სასამართლოები, თუკი ისინი არღვევენ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელნიც გარანტირებული არიან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით. მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ზომები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპების არსებობის გარანტირებისთვის.
დემოკრატიის აღდგენის პერიოდში ასეთ რეფორმათა გატარებას საფუძვლად უნდა დაედოს მოქმედი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დებულებების ყოვლისმომცველი მიმოხილვა და განახლება.
იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ათეულ ათასობით საჩივარი არის შესული, რეალურად წარმოუდგენელია სასამართლოთა მიერ ამ მოცულობის საქმეთა რაიმე გონივრულ ვადებში განხილვა და გადაწყვეტა.
ზემოგანხილულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, თუ ამგვარ შემთხვევებში როგორ უნდა გადაწყდეს მსგავსი პრობლემა „ჭეშმარიტების დამდგენი კომისიის“ მიერ.
ყურადსაღებია ასევე პრინციპთა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის მტკიცებულებათა მკაცრ დაცვას, სამართალდამცავი ორგანოების და მათ ბრალეულ თანამშრომელთა, ისევე როგორც მოსამართლეთა, პრეზიდენტთა და პრემიერ - მინისტრთა პასუხისმგებლობას ეხება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინსტანციები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ განხილულ საკითხებზე რაიმე რეაგირება, სფინქსის მდუმარებით შეხვდებიან ამ ინფორმაციას. დრო კი გადის და კვლავაც აქტუალური რჩება ციცერონის გამონათქვამი, რომ დაუსჯელობა-დანაშაულის უდიდესი წახალისებაა...