გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოველკვირეულ ლიტერატურულ გაზეთში ამას წინათ დაიბეჭდა მცირე სტატია „ჩვენი თანამედროვე - რუსთაველი. წერილი თბილისიდან“. („ზონტაგი“, ნომერი 41, 1966). წერილში ვკითხულობთ:
„ჩვენს თანამედროვეს ვუწოდებ მე კაცს, რომელსაც შუა სექტემბერში 800 წელი შეუსრულდებოდა. და, როგორც კი დაგისახელებთ ამ თანამედროვეს, თქვენც კვერს დამიკრავთ. ეს არის შოთა რუსთაველი.
თავისი ხალხისათვის რუსთაველი არის პუშკინიც, ლომონოსოვიც და პეტრე დიდიც. ის არის მწერალი, სწავლული, საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს პირველი მინისტრი, მოაზროვნე, ბრძენი, პატრიოტი.
საქართველოს რომელ რაიონშიც უნდა წახვიდეთ, ღრუბლებს ზემოთ აზიდულ მხიარულ მთებში, სადაც ცხვრის ფარები ძოვენ, ზღვის მზიურ სანაპიროზე თუ კახეთის ზვრებში, ძველ ქალაქ ქუთაისში, რომლის ქუჩებში კაცი ისე დადის, როგორც ისტორიული მუზეუმის დარბაზებში, ანდა რუკაზე ახლახან აღნიშნულ გეოლოგების, მშენებლებისა და მეტალურგების ქალაქში - მადნეულში, ყველგან შეხვდებით რუსთაველს“.
ამგვარი რეკომენდაციით წარდგა რუსთაველი გერმანელი მკითხველის (და არა მარტო გერმანელის - ამ ენაზე მოლაპარაკე მრავალმილიონიანი მკითხველის) წინაშე.
ვეკითხებით წერილის ავტორს ილია მუხაძეს:
1. როგორ მოახერხეთ რუსთაველის დაბადების თვის ასე ზუსტად დადგენა?
2. რა ნიშნების მიხედვით მიაწერეთ რუსთაველს ლომონოსოვობა და პეტრე დიდობა?
3. ცოტა ნაგვიანევი ხომ არ არის თამარ მეფის თუ ლაშა გიორგის კარის ვაზირთა პოსტების გადანაწილება და მეჭურჭლეთუხუცესის პირველ მინისტრად გამოცხადება?
4. აუცილებელი იყო თუ არა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისედაც ნაკლებად მცნობ ევროპელ მკითხველთა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანა?
5. აუცილებელია თუ არა, ვისაც რა მოეგუნებება, ის წეროს რუსთაველის შესახებ?
ნოდარ კაკაბაძე