ინდოეთში გამოააშკარავეს ტრეფიკინგის სქემა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა კაცებს მოტყუებით უკრაინაში, რუსეთის მხარეს საომრად აგზავნიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიურო (CBI) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრეფიკინგის ამ სქემის მსხვერპლი 35 ადამიანი გახდა. ბოროტმოქმედები ახალგაზრდა კაცებს სოცქსელების საშუალებით უკავშირდებოდნენ და რუსეთში მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ.
რუსეთში ჩასულ ინდოელებს პასპორტებს ართმევდნენ და სამხედრო მომზადების გასავლელად აგზავნიდნენ. CBI-ის ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო მომზადება გაიარეს, მათი ნების საწინააღმდეგოდ კონფლიქტის ზონაში გააგზავნეს.
გამოძიების ფარგლებში ინდოეთის 7 ქალაქში 13 მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია დაახლოებით 5 მილიონი რუპია (60 000 დოლარი), ასევე უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.