ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი გაცვლის შესაძლებლობას განიხილავდა. ამის შესახებ ოთხ წყაროზე დაყრდნობით რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Agentstvo წერს.
როგორც გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელებამდე დაახლოებით 4 საათით ადრე პუტინი შეხვდა ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს და განაცხადა, რომ მზად არის, ნავალნი დასავლეთის ციხეში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე გაცვალოს.
Agentstvo-ს წყაროების თქმით, მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, დასავლეთს არა მხოლოდ ნავალნი, არამედ ამერიკელები - პოლ უილანი და ევან გერშკოვიჩიც გადასცეს. ამის სანაცვლოდ დასავლურ ქვეყნებს რუსეთისთვის ვადიმ კრასიკოვი უნდა გადაეცათ. მოლაპარაკებებში ასევე ნახსენები იყო კომპანია M13-ის დამფუძნებელი ვლადისლავ კლიუშინი, რომელიც აშშ-ში კომპანიების კომპიუტერული ქსელებში შეღწევაში დამნაშავედ ცნეს.
Agentstvo-ს ინფორმაციით, საბოლოოდ, დასავლურმა ქვეყნებმა პატიმრების გაცვლაზე თანხმობა თებერვალში, ჯო ბაიდენისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
თავის მხრივ, გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ პუტინის თანხმობა მოჩვენებითი იყო. „ჩემი აზრით, პუტინმა ჩათვლა, რომ რადგან გერმანია მზად არის, გადასცეს რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი, თუ ნავალნი არ იქნება, ისინი კრასიკოვს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან პატიმარზეც გაცვლიან“, - აცხადებს გროზევი